ბრძანება N 2984
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2984
20.02.2023
---------ის (პ/ნ ---------)
(მის.: --------------------)
2023 წლის 27 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა ------------ის (პ/ნ ---------) №78618/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 23 იანვრის №000507/2023 ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას და განმარტავს, რომ შეიძინა მარშალის ყურსასმენები (-------.com-ზე ამერიკაში), რომელიც მალევე გაუფუჭდა. გარანტიის პირობებში გამოუგზავნეს ახალი უსასყიდლოდ. იმის გამო, რომ ბევრი ნივთი ჰქონდა გამოწერილი და ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში ამერიკაში იყო მიწოდებასთან დაკავშირებული ხარვეზები, 3 400 გრამიანი ნივთის თრექინგები აირია. საბაჟო დეპარტამენტმა ნივთი შეაფასა 133.82 დოლარად. მარშალების ვებსაიტზე ეს ყურსასმენები ღირს 99 დოლარი და ამ ოდენობით ფასის ფანსაზღვრის შემთხვევაში, არ უწევს არც მისი დეკლარირება და არც იმპორტის გადასახდელების გადახდა. საბაჟო დეპარტამენტის მიერ მარალ ფასად შეფასებით მიადგა ზიანი. მიუთითებს, რომ 30 ლარს იბეიზე ჩაწერაში და პირველივე ციფრის გადატანაში იხდის და მისი მოსაზრებით, თუ ადამიანის პოზიციის დასახელება არის "ექსპერტი", ცოტა უფრო გარკვეული უნდა იყოს საკითხში და გაეცნოს კარგად სად იყო ნაყიდი ნივთი.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს ექსპერტიზის შედეგების გადახედვას, გადახდილი თანხის ანაზღაურებას, ამ საკითხში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის და კომპეტენციის გადამოწმებას და საჭიროებისამებრ (და მე ვფიქრობ რომ აუცილებელია) შესაბამისი ტრეინინგების გავლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 26 დეკემბერს, საფოსტო გადამზიდავის – შპს „--------“ მიერ განხორციელდა ------------ის (პ/ნ -------------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №---------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით - 22 აშშ დოლარი. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი. მითითებული დოკუმენტი ----------მა ვერ წარმოადგინა და საქონლის ღირებულების დადგენის მიზნით, №------/21-10-20 (18.01.2023) განაცხადით მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 2023 წლის 23 იანვრის №-------/2023 (23.01.2023) დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 133.82 აშშ დოლარი. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით, საქართველოს საბაჟო კოდექსის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად. საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.
ვინაიდან, ----------ის (პ/ნ -----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის (დღგ – 63.84 ლარი) ოდენობის შემცირებას. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 23 იანვარს შედგენილ იქნა №EL198000 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -------------- ს (პ/ნ ------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 25.62 ლარის (იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტი) ოდენობით.
№--------------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი 2023 წლის 24 იანვარს №------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და საქონელმა დატოვა საბაჟო კონტოროლის ზონა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
მავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
ამავე საკანონმდებლო აქტის 43-ე მუხლის მე ნაწილი ადგენს, რომ სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილში კი მითითებულია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია (დანართი №8-VIII-05), რომელსაც დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ამავე ინსტრუქციის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება ან/და სხვა მონაცემები დაუდგენელია, შესაძლებელია, საფოსტო გზავნილის მიმღების ან გადამზიდავის მოთხოვნით, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდეს საქონლის ექსპერტიზა ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.
დადგენილია, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი, რაც მომჩივნის მიერ ვერ იქნა წარდგინილი და საქონლის ღირებულების დადგენის მიზნით, განაცხადით მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 2023 წლის 23 იანვრის №-------/2023 (23.01.2023) დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 133.82 აშშ დოლარი.
საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით, საქართველოს საბაჟო კოდექსის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად. საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაინტერესებული მხარე კი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.
ამავე საკანონმდებლო აქტის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;
ბ) შეაგროვოს ცნობები;
გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;
დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;
ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;
ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. თავის მხრივ, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. -----------ის (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.