დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების დადგენის შესახებ
📄 სრული ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2024 წლის 26 ივნისი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (მიღების თარიღი 09.02.2023 წ.) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1. განისაზღვროს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები შემდეგი ოდენობებით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 2 000 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 ლარი.
2. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №21-51 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/12/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.156.016081).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
პაატა ყულიაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე