ბრძანება N 16449
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16449
22 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----)
(მის.: ქ. -------)
2025 წლის 5 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი N 56) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 5 ივნისის N 96073/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის N 081-84 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული გაანგარიშების გაუქმებას გავლილი კილომეტრაჟებისა და საწვავის ჩამოწერის ნაწილში. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა საკმარისი საბუღალტრო მონაცემები იმისთვის, რომ ყოველთვიურად დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადების მიზნებისთვის დადგენილიყო: კომპანიის ხარჯები, რეალიზაცია, ფასნამატი, ჩამოწერები, შესყიდვები, ასევე, წარდგენილ იქნა კლიენტებთან და მომწოდებლებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. ეს მონაცემები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა მოხდეს პირდაპირი მეთოდით.
განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც კონკრეტულად იყო აღნიშნული კომპანიის მიერ საოპერაციო საქმიანობაში გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების ფაქტიური წვის მონაცემები და ასევე საექსპერტო დასკვნით წარმოდგენილი 5-10%-იანი ცდომილებები, რაც გულისხმობს ავტომობილის დატვირთვის და ჩამოტვირთვის დროს ლოდინის პროცესს. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული ავტომობილის მიერ სამუშაო პროცესში მეორეხარისხოვან, გრუნტიან გზაზე მოძრაობა, რაც მოითხოვს დაბალი სიჩქარით მოძრაობას და დამატებით 5-10%-იანი საწვავის მოხმარებას. შემმოწმებელმა ასევე არ გაითვალისწინა წარდგენილი პირველადი დოკუმენტაცია, კერძოდ, გაწეული მომსახურების ფარგლებში ავტომობილების მიერ კონკრეტული მისამართების მიხედვით, სატრანსპორტო მომსახურების დაწყებისა და დასრულების შესაბამისად გავლილი კილომეტრაჟი, რაც შეუძლებელია აუდიტორს განესაზღვრა მისამართებზე გაუსვლელად, ე.წ. გუგლ მაპის მარშუტის მეშვეობით. აღნიშნული გუგლ მაპის ნორმის გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელი და არასწორია. კომპანიამ აუდიტორს სრულად წარუდგინა პირველადი დოკუმენტაცია, სადაც თითოეული მარშრუტების მიხედვით დაანგარიშებულია გავლილი კილომეტრაჟი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი გადამხდელის მიმართ შემოსავლების დაანგარიშების მიზნებისათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ნაწილში აუდიტორს არ ჰქონია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ივნისის N 13856 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის პირველი თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N ----- დასკვნა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ივნისის N 13856 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 11 აპრილს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 344 425 ლარი, მათ შორის: გადასახადი 229 606 ლარი, ჯარიმა 114 819 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 6 მაისის N 081-84 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის პირველი თებერვლის N --- დასკვნის შესწავლა, რომლის საფუძველზე შემოწმებით გათვალისწინებული ჩამოწერილი საწვავის რაოდენობა დაკორექტირდა (გაიზრადა), შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით (დასკვნით) განსაზღვრული დამატებით ვალდებულებები შემცირდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის პირველი თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N ----- დასკვნის გათვალისწინება, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა შემოწმებით ჩამოწერილი საწვავის რაოდენობა და შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით (დასკვნით) განსაზღვრული ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული გაანგარიშების გაუქმებას გავლილი კილომეტრაჟებისა და საწვავის ჩამოწერის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის პირველი თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინება, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა შემოწმებით ჩამოწერილი საწვავის რაოდენობა და შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით (დასკვნით) განსაზღვრული ვალდებულებები.
გადაწყვეტილება:
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21);