ბრძანება N 16030

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 16030
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 16030

05 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 21 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ------- (ს/ნ -------) №81813/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 6 თებერვლის №CB1072626 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69).

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არ ეწევა არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას და არც 2020 წელს არ ჰქონია შეხება მინერალური წყლებით ვაჭრობასთან. ამდენად, მას არ აქვს ინფორმაცია, როგორ დაფიქსირდა მისი პირადი ნომერი ზედნადებებში. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2020 წლის 6 თებერვალს, 13:47 საათზე, ქ. რუსთავი, -------., საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით: -------, რა დროსაც დადგინდა, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ ფ/პ ------- (პ/ნ -------) სახელზე გამოწერილი იყო №------- სასაქონლო ზედნადები 203 ლარის ღირებულების მინერალური წყალი „სნოს“ და მინერალური წყალი „კობის“ მიწოდებაზე.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში (Oracle) გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) სახელზე სისტემატურად ხორციელდებოდა (ძირითადად მინერალურ წყალზე) ზედნადებების გამოწერა (71 ზედნადები, ჯამში 12782.21 ლარის ღირებულების), რის შედეგადაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგა №CB1072626 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ------- (ს/ნ -------) სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 2020 წლის 6 თებერვლიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ №------- სასაქონლო ზედნადები, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის გადამხდელის დაჯარიმება, გაუქმებულია შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ.

გადასახადის გადამხდელი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 21 ივნისს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით.

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის „დ“ და „კ“ პუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა - უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; გამოავლინოს ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთოს საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოოს საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.

“გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 6 თებერვლის №CB1072626 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რა დროსაც დადგინდა, რომ შპს მიერ ფ/პ სახელზე გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში (Oracle) გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ სახელზე სისტემატურად ხორციელდებოდა ზედნადებების გამოწერა, რის შედეგადაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ფ/პ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ სასაქონლო ზედნადები, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის გადამხდელის დაჯარიმება, გაუქმებულია შპს მიერ.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 66(1); 273;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 1