გადაწყვეტილება №18659/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.03.2023
№ დოკუმენტი 18659/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18659/2/2023

9.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------- (პ/ნ --------------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 16.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18659/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის (სიგარეტი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 24.11.2022 წლის №EL192117 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32133 ბრძანება.

 

შეფარდებული სანქცია: ჯარიმა - 1000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

24.11.2022 წელს ს.გ.პ. „-------“ კონტროლის ზონაში ----ის -----ის მხრიდან 14:53 საათზე შემოვიდა მომჩივანი. აღნიშნული პირის ფიზიკური და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე. კერძოდ: სიგარეტი „PRESIDENT“ – 200 ღერი (10 კოლოფი) და სიგარეტი „LEADER“ – 200 ღერი (10 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი“.

საბაჟო კონტროლისგან მალულად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შემოტანის ფაქტზე, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 24.11.2022 წლის №EL192117 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

სანქციის სახით ჩამორთმეულ არადეკლარირებულ საქონელზე, შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69601079223 ოქმი. ჩამორთმეული საქონელი დაილუქა №G5477159 საბაჟო ლუქით და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ ადმინისტრაციულ შენობაში.

სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.12.2022 წლის №32133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმის მასალებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მომჩივნის მიერ არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტი, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

24.11.2022 წელს --------დან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოსვლისას გადმოჰქონდა პროდუქტები და წამლები ოჯახისთვის და 2 ბლოკი სიგარეტი. მებაჟე ოფიცრის მიერ შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზეც დაჯარიმდა 1000 ლარით.

განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქონელი, რომელიც ჩამოერთვა, ამოუღეს ქურთუკის ჯიბიდან. ის ფაქტი, რომ თითქოს სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე მალავდა სიგარეტს, სინამდვილეს არ შეესაბამება, სიგარეტთან ერთად ჰქონდა წამლები და პროდუქტი ოჯახისთვის.

აღიარებს, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინა, მაგრამ ეს მოხდა არ ცოდნით და არა განზრახ, რადგან შემოტანაზე შეზღუდვის შესახებ არ იყო ინფორმირებული.

არის სოციალურად დაუცველი, უმუშევარი, უკიდურესად გაჭირვებული, ერთად ცხოვრობენ 7 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები (წლების წინ საცხოვრებელი სახლი დაეწვა და ამჟამად ცხოვრობს მთავრობის მიერ გადაცემულ ბინაში), მეუღლე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი, მძიმედ ავადმყოფი, ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს მისი და მისი მეუღლის პენსია და საარსებო შემწეობა. აღნიშნული თანხები მიზერულია დღევანდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით და არ ჰყოფნის არც არსებობისთვის და არც წამლებისთვის. შეფარდებული სანქცია 1 000 ლარი კიდევ უფრო მძიმედ აისახება მისი და მისი ოჯახის მდგომარეობაზე.

ვინაიდან აღნიშნული არის სამართალდარღვევის პირველი შემთხვევა, ისიც მოუვიდა არცოდნით, ითხოვს პატიებას. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, გათვალისწინებული უნდა იქნას მისი მდგომარება და მოეხსნას შეფარდებული საბაჟო სანქცია.

მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 22-ე მუხლზე, ითხოვს გათვალიწინებულ იქნას მისი მდგომარება და ბათილად იქნას ცნობილი 21.11.2022 წლის №32133 ბრძანება და შესაბამისად გათავისუფლეს №EL192117 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „ საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 24.11.2022 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში -----ის -------ის მხრიდან 14:53 საათზე შემოვიდა მომჩივანი. აღნიშნული პირს აღმოაჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე. კერძოდ: სიგარეტი „PRESIDENT“ – 200 ღერი (10 კოლოფი) და სიგარეტი „LEADER“ – 200 ღერი (10 კოლოფი), რომელიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე.

საბაჟო დეპარტამენტის 20.01.2023 წლის №3538-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, მომჩივანს უფიქსირდება საზღვრის კვეთის (შესვლა/გასვლა) 114 ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ----------ეს 2020-2022 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სხვადასხვა დასახელების სიგარეტის შემოტანის 6 (ექვსი) ფაქტი (10.05.2019, 14.07.2019, 18.05.2022, 21.07.2022, 25.08.2022, 29.10.2022), რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადაო საკითხიი:

მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან.

 

ფაქტობრივი გარემოება

საქმის მასალებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მომჩივნის მიერ არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტი, რომელიც მოთავსებული ჰქონდა სხეულზე. საბაჟო დეპარტამენტის წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, მომჩივანს უფიქსირდება საზღვრის კვეთის (შესვლა/გასვლა) 114 ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ მომჩივანს 2020-2022 წლებში უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის - სხვადასხვა დასახელების სიგარეტის შემოტანის 6 (ექვსი) ფაქტი, რა დროსაც მასზე გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168 (3).

საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 199 „დ.გ“ .

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 2 „ლ“; 6.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „ საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“