ბრძანება N 19024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19024
02 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-- --- --- -------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: ქ. თბილისი, ---------------------)
2023 წლის 25 იანვრისა და 20 ივლისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „-- --- --- -------ის“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 25 იანვრის №78517/1/2023 და 20 ივლისის №82451/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №007-385 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების/ავტოსადგომების ღირებულების სრულად დღგ-ით დაბეგვრას ნასყიდობის მომენტში, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების გამოკლების გაუთვალისწინებლად (ვინაიდან არ იშიფრებოდა ავანსები კლიენტების მიხედვით).
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას. აცხადებს, რომ მტკიცებულების სახით დამატებით მოხდება დღგ-ის კორექტირების შესახებ გაანგარიშების წარმოდგენა, რითიც დაადასტურებს მისი დეკლარირებული მონაცემების სისწორეს.
3. მომჩივანი არ ეთანხმება აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ბარტერად დაკვალიფიცირებას და გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აღნაგობის ხელშეკრულების და ზოგადად აღნაგობის განმარტების მიხედვით, აღნაგობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მშენებლის საკუთრებას, მანამ სანამ არ მოხდება მისი რეალიზაცია და საკუთრების სხვა პირზე გადაცემა. აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით არ მომხდარა აღნიშნული ქონების სხვა პირზე გადაცემა, შესაბამისად, არ წარმოშობილა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვაც.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. გადამხდელისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოიყენეს აუდიტორებმა არსებული პრაქტიკა, რომლის თანახმად სალაროდან განხორციელებული შესყიდვების 10% განიხილება გონივრულ ნაშთად და სხვა ნამეტი თანხა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად. დამატებით მიუთითებს, რომ კომპანიის პარტნიორმა კომპანიის წილი შეისყიდა 2018 წლის ბოლოს და ნასყიდობის ღირებულება იყო 1 805 011 ლარზე ბევრად ნაკლები. ამდენად, აუდიტორების მიდგომა სცდება ლოგიკასაც.
5. მომჩივანი არ ეთანხმება რეალიზებული ბინების თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. მიაჩნია, რომ შინაარსობრივად აღნიშნული ოპერაცია არ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით. მოქმედი მოგების გადასახადის ნორმებიდან გამომდინარე, მოგების გადასახადით უნდა დაიბეგროს სესხის გაცემა, როცა ხდება ფულის გატანა. აუდიტორების მიერ გაანგარიშებული ვირტუალური სესხი კი შინაარსობრივად არ შეესაბამება მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ძირითად პრინციპებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №18055 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის გასვლითი საადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ამავე თარიღის №33117 ბრძანება და №007–385 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 229 429 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 689 430 ლარი, ჯარიმა 853 008 ლარი და საურავი 686 991 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობაა ქალაქ თბილისში, -------ის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შემოწმების პერიოდში საწარმომ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა - ორისი. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში სააღრიცხვო პროგრამის, საბანკო ამონაწერებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს გაფორმებული ჰქონდა ნასყიდობის/წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და ასევე, ფიქსირდებოდა საკომპენსაციო თანხების მიღება, თუმცა შპს „-------------ის“ მიერ სრულად არ იქნა ასახული დღგ-ის დასაბეგრ ბუნვაში შესაბამისი ბინების რეალიზაცია. საწარმოს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული იყო საცხოვრებელი ფართები და ავტოსადგომები, რომლებზეც ავანსის სახით რეალიზაციამდე მიღებული ჰქონდა თანხები. შესაბამისად, რეალიზაციის (უძრავი ქონების გასხვისების/გადაფორმების მომენტში) პერიოდში ხორციელდებოდა რეალიზაციის თანხებისა და მიღებული ავანსის თანხების სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა. საწარმოს 2017-2018 წლების დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 814 998 ლარს (აღნიშნულ პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული იყო მხოლოდ 1 ბინა), ხოლო საწარმოს მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზით გაირკვა, რომ საწარმოს 2017-2018 წლებში მიღებული ჰქონდა ავანსის სახით 3 813 843 ლარი, რომელიც საწარმოს მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში არ იყო გაშიფრული. გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა, შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობის საფუძველზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართებისა და ავტოსადგომების რეალიზაციის 2017-2018 წლებში მიღებული ავანსის თანხებით განაშთვას (შემოწმების პერიოდში აღნიშნული ავანსის თანხების გაშიფვრა გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა). საწარმოს არ წარუდგენია 2017-2018 წლების საბანკო ამონაწერი ან/და ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების კლიენტების მიხედვით გაშიფვრის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც საწარმო ორჯერ დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. კერძოდ, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული ბინების ნაწილში დაბეგვრას დაექვემდებარა მიღებული ავანსები, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული ბინების საკომპენსაციო თანხები დაექვემდებარა სრულად დაბეგვრას. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების/ავტოსადგომების ღირებულების სრულად დღგ-ით დაბეგვრა ნასყიდობის მომენტში, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების გამოკლების გაუთვალისწინებლად (ვინაიდან არ იშიფრებოდა ავანსები კლიენტების მიხედვით). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შპს „-------------ს“ 2020 - 2022 წლებში მიღებული და ჩათვლილი ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფატურები და ჩათვლილი თანხა შეადგენდა 118 198 ლარს. აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაკორექტირდა, რომლის კორექტირების საგადასახადო პერიოდი იყო კორექტირებული პირველადი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პერიოდი (ავანსის პირველადი და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საგადასახადო პერიოდი ერთმანეთს ემთხვეოდა). კორექტირების შედეგად ჩასათვლელი დღგ-ის თანხამ შეადგინა 37 220 ლარი. გადასახადის გადამხდელს არ მოუხდენია ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება, რომელიც შეადგენდა 80 978 ლარს. შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით, ასევე, 2021 წლიდან მოქმედი 179-ე მუხლით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. საწარმომ ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად 2017 წლის 14 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან მიიღო მიწა, რომლის სანაცვლოდ ფიზიკურ პირს უნდა მიეღო 35 საცხოვრებელი ბინა, 1 კომერციული ფართი და 5 ავტოსადგომი. საწარმოს მიერ ბინის მშენებლობა დაიწყო 2017 წელს და არ დასრულებულა შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. გადასახადის გადამხდელს აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ ჰქონდა განხილული ბარტერად და ასევე, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის არ ჰქონდა ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დაკვალიფიცირდა ბარტერის სანაცვლოდ მიღებულ მიწის ნაკვეთად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით გაანგარიშდა ყოველი წლის ფაქტობრივი შესრულება და დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. შემოწმების პერიოდში საწარმომ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა - ორისი. აღნიშნული პროგრამის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ 2019 წლის დასაწყისში უფიქსირდებოდა სალაროს ნაშთი 78 212 ლარის ოდენობით. შემოწმებამ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით (შეისწავლა საწარმოს 2017-2018 წლებში მიღებული სასაქონლო ზედნადებები, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, გადახდილი (დაბეგრილი) ხელფასები და მიღებული შემოსავალი) შეისწავლა საწარმოს 2019 წლის საანგარიშო პერიოდის საწყისი სალაროს ნაშთის არსებობის რეალობა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სალაროს ნაშთი 2019 წლის დასაწყისისთვის უნდა ყოფილიყო 1 805 011 ლარის ოდენობით. სალაროს ნაშთის გამოყვანისას შემოწმება დაეყრდნო ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების შესახებ ბუღალტრულად აღრიცხული ავანსების ჯამურ მონაცემს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
5. შპს „-------------ის“ (ს/ნ -------------) მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს რეალიზებულია ბინები ფ/პ ----- -------ე (პ/ნ -----------). რეალიზებული ბინების საბაზრო ფასმა ჯამში შეადგინა 469 505 ლარი. ბინების რეალიზაციის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „-------------ის“ 50% წილი ---- -------მა მიყიდა ფ/პ ----- ----------ს (პ/ნ ---------), ხოლო აღნიშნული წილის ღირებულების სანაცვლოდ ფ/პ ---- ----- აიღო ვალდებულება, რომ შპს „-------------ის“ მიერ ხსენებული ბინების რეალიზაციის თანხას გადაიხდიდა 2025 წლის პირველ იანვრამდე. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილი რეალიზებული ბინების თანხა დაკვალიფიცირდა დამქირავებლის მიერ დირექტორზე შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი სახელფასო განაცემად. ასევე, შემოწმების მიერ ბინის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების/ავტოსადგომების ღირებულების სრულად დღგ-ით დაბეგვრას ნასყიდობის მომენტში, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების გამოკლების გაუთვალისწინებლად. მიუთითებს, რომ საწარმოს მხრიდან მიმდინარეობს 2017-2018 წლებში დაბეგრილი ავანსების შესახებ საბუღალტრო ინფორმაციის დამუშავება, რომელსაც დამატებითი მტკიცებულებების სახით წარმოადგენს დავის მიმდინარეობისას. ასევე, გადამხდელმა დაზუსტებულ საჩივარს დანართად დაურთო საბანკო ამონაწერების ნაწილი და საქმის ზეპირი განხილვისას მიუთითა, რომ შეძლებს შემმოწმებლისთვის დოკუმენტაციის სრულად წარდგენას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და საბაჟო დეკლარაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას: ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.
4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2020-2022 წლებში მიღებული და ჩათვლილი ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფატურები. აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაკორექტირდა, რომლის კორექტირების საგადასახადო პერიოდი იყო კორექტირებული პირველადი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პერიოდი. კორექტირების შედეგად ჩასათვლელი დღგ-ის თანხამ შეადგინა 37 220 ლარი, თუმცა გადასახადის გადამხდელს არ მოუხდენია ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა საჩივრების ზეპირი განხილვისას მიუთითა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია არგუმენტები/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საწარმომ ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად 2017 წლის 14 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან მიიღო მიწა, რომლის სანაცვლოდ ფიზიკურ პირს უნდა მიეღო 35 საცხოვრებელი ბინა, 1 კომერციული ფართი და 5 ავტოსადგომი. საწარმოს მიერ ბინის მშენებლობა დაიწყო 2017 წელს და არ დასრულებულა შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, მართლზომიერად მიაჩნია, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის ბარტერულ ოპერაციად განხილვა და გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში არსებულ სალაროს საწყის ნაშთსა და შემოწმების მიერ გაანგარიშებულ საწყის სალაროს ნაშთს შორის გამოვლინდა სხვაობა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სალაროს საწყის ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის გამოვლენილი სხვაობა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს.
წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დარღვეულია საგადასახადო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის განსაზღვრის ნორმები. აუდიტორების მიერ სალაროს ნაშთის 1 805 011 ლარამდე გაზრდა აბსურდულია. შემმოწმებლის მცდელობაა, რომ ხანდაზმულ პერიოდში არსებული საგადასახადო ვალდებულებები გადმოიტანოს 2019 წელს და კომპანიას დააკისროს არარეალური ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს, გაანალიზოს და გააკონტროლოს მათ შორის გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ან/და გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თუ გამოიკვეთა შეუსაბამობები, საგადასახადო ორგანო უნდა დაეყრდნოს მის მიერ დადგენილ მონაცემებს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს პირის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, გავლენას არ ახდენს შესამოწმებელ პერიოდში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე და აღნიშნული საფუძვლით ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისათვის იხელმძღვანელოს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს რეალიზებულია ბინები ფ/პ ---- ------ზე (პ/ნ -------------). რეალიზებული ბინების საბაზრო ფასმა ჯამში შეადგინა 469 505 ლარი. ბინების რეალიზაციის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „-- --- --- -------ის“ 50% წილი ---- ------მა (პ/ნ ---------) მიყიდა ფ/პ ------------ს (პ/ნ -----------), ხოლო აღნიშნული წილის ღირებულების სანაცვლოდ --- ------მა აიღო ვალდებულება, რომ შპს „-- --- --- -------ის“ მიერ ხსენებული ბინების რეალიზაციის თანხას გადაიხდიდა 2025 წლის პირველ იანვრამდე.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, რეალიზებული ბინების თანხის დამქირავებლის მიერ დირექტორზე შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებლის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირება მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-- --- --- -------ის“ საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისათვის იხელმძღვანელოს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება:1.ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების/ავტოსადგომების ღირებულების სრულად დღგ-ით დაბეგვრას ნასყიდობის მომენტში, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების გამოკლების გაუთვალისწინებლად.2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას.3.აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ბარტერად დაკვალიფიცირებას და გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრას.4. შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.5.რეალიზებული ბინების თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში სააღრიცხვო პროგრამის, საბანკო ამონაწერებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული ჰქონდა საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართები.შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებით. ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. კერძოდ, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული ბინების ნაწილში დაბეგვრას დაექვემდებარა მიღებული ავანსები, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული ბინების საკომპენსაციო თანხები დაექვემდებარა სრულად დაბეგვრას. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართების/ავტოსადგომების ღირებულების სრულად დღგ-ით დაბეგვრა ნასყიდობის მომენტში, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების გამოკლების გაუთვალისწინებლად . აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს 2020-2022 წლებში მიღებული და ჩათვლილი ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფატურები. აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაკორექტირდა, რომლის კორექტირების საგადასახადო პერიოდი იყო კორექტირებული პირველადი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პერიოდი. თუმცა გადასახადის გადამხდელს არ მოუხდენია ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება. შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით, ასევე, 2021 წლიდან მოქმედი 179-ე მუხლით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
3. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დაკვალიფიცირდა ბარტერის სანაცვლოდ მიღებულ მიწის ნაკვეთად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით გაანგარიშდა ყოველი წლის ფაქტობრივი შესრულება და დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. სალაროს ნაშთის გამოყვანისას შემოწმება დაეყრდნო ხანდაზმულ პერიოდში მიღებული ავანსების შესახებ ბუღალტრულად აღრიცხული ავანსების ჯამურ მონაცემს. შემოწმების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში არსებულ საწყის სალაროს ნაშთსა და შემოწმების მიერ დათვლილ საწყის სალაროს ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
5. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანის მიერ რეალიზებული ბინების თანხა დაკვალიფიცირდა დამქირავებლის მიერ დირექტორზე შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი სახელფასო განაცემად. ასევე, შემოწმების მიერ ბინის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშების მიზნებისათვის იხელმძღვანელოს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინების გარეშე და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, რეალიზებული ბინების თანხის დამქირავებლის მიერ დირექტორზე შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებლის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირება მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 ,,ბ“ 4); 982(3 „ზ“ 8); 101(1.2 „ბ“); 136(3); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ ,,ბ“ 2) ; 163(1.2.6); 164(1); 173(1; 2 „ა“ ,,ბ“); 174(1 „ა“ 2 „ა.ა“); 176(1 „ა“); 179(1.2.4); 275; 309( 107);
(2021 წლამდე მოქმედი) 160; 161(1„ა“ „ა.ბ.დ“ 6 .7 „ა“)