გადაწყვეტილება №26010/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26010/2/2025
13 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 11.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26010/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2025 წლის №085-27 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 372 403.74 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 150 302
დღგ - 147 316
საშემოსავლო გადასახადი - 4 533
ქონების გადასახადი - (- 1 547)
ჯარიმა - 72 846
საურავი - 149 255.74
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი ივნისიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების და ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშეკრულებების პერიოდების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით. შესაბამისად, შემოწმების შედეგად აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.10.2023 წლის №24989 ბრძანება და 10.10.2023 წლის №085- 18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 29.02.2024 წლის №21768/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33870 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12634 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.
საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.11.2024 წლის №23383 ბრძანება და №085-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს მხრიდან საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.
საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული ჯარიმა შემცირდა 59 189 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 17.09.2025 წლის №20440 ბრძანება და №085-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარატმენტს დაევალა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდზე იმ ანგარიშფაქტურების შესწავლა რომელიც შემოწმებულ პერიოდში იქნა გამოწერილი, მაგრამ გაინაშთა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ, აღნიშნული პირდაპირ არის მითითებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №24241/2/2024 გადაწყვეტილებაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია შემმოწმებლის მითითება, რომ ის ვერ შეამცირებს ჯარიმას, ვინაიდან სადავო ფაქტურები განაშთულია შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, რაც დადასტურებულია შემმოწმებლის მიერ, (ციტირება ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებიდან) „აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ერიცხებოდა ავანსები, რაზეც წერდა ავანსის ანგარიშ-ფაქტურას, აღნიშნული ავანსები გადასახადის გადამხდელის მიერ დაბეგრილია და საბოლოო მომსახურების მიწოდების ანგარიშფაქტურებით გაქვითულია წინასწარ სრულად ჩარიცხვის მიხედვით, 2021 და 2022 წლებში მაგრამ ეს ავანსები უნდა განაშთულიყო ხელშეკრულების შესაბამისად (და არა ჩარიცხვებიდან გამომდინარე), პროპორციულად და ეტაპობრივად. ამასთან მართალია მიღებული ავანსები ნაადრევად გაინაშთა და საწარმომ არასწორ საანგარიშო პერიოდში მოახდინა მის მიერ გამოწერილი ავანსების ანგარიშფაქტურების ჩათვლა/განაშთვა, მაგრამ შემდეგ პერიოდში ხორციელდებოდა მიწოდებული მომსახურების სრულად დაბეგვრა, ანუ ნაადრევად ჩათვლილი/განაშთული ავანსების ანგარიშ-ფაქტურების გამოყენება ხდებოდა მხოლოდ ერთხელ, არასწორ საანგარიშო პერიოდში. აღნიშნულის თაობაზე არა ერთხელ მიმართა, როგორც მომსახურების დეპარტამენტს, ასევე აუდიტის დეპარტამენტს, თხოვნით რათა მიეცათ უფლება არასწორად მიბმული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების ჩაეხსნა შესაბამისი თვის დეკლარაციებიდან, ვინაიდან სხვანაირად ვერ ხდებოდა დეკლარაციების დაზუსტება. ვინაიდან დეკლარაციები მოიცავდა შემოწმების პერიოდს, აუცილებელი იყო აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი წერილი, რათა მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი დეკლარაციებიდან ჩაეხსნა შესამოწმებელ პერიოდზე არასწორად მიბმული ავანსის ფაქტურები.
საბოლოოდ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოხდა ანგარიშ-ფაქტურების ჩახსნა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაზუსტდა დღგ-ის შესაბამისი თვის დეკლარაციები, მოხდა ავანსების ჩათვლა/განაშთვა სწორ საანგარიშო პერიოდზე და შესაბამისად შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებიც და დღგ-იც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დარიცხული სანქციის სრულად გაუქმება, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადასტურდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადების დამალვა და ადგილი აქვს ავანსების ჩათვლის პერიოდის ცვლილებას. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას და დავების განხილვის საბჭოს აღნიშნულ გარემოებაზე არ უმსჯელია, ვინაიდან სწორედ აუდიტის დეპარტამენტის ახალი დასკვნით დადასტურებულია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება, რაც მანამდე იყო სადავო, რაც გახდა კიდევაც საბჭოს მხრიდან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. ასევე, ითხოვს შესწავლილი იქნას საურავების დარიცხვის საკითხი, ვინაიდან საურავის გაანგარიშება მოხდა არასწორად, რაც ნათლად ჩანს საგადასახადო მოთხოვნაში და ასევე პირადი აღრიცხვის ბარათის ანალიზითაც, მაგალითად საგადასახადო მოთხოვნაში მითითებულია, რომ ძირითადი თანხა არის 150 302 ლარი, ხოლო საურავი - 123 363.2 ლარი, რაც არის მათემატიკური თვალსაზრისით შეუძლებელი და არის იმის შედეგი, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხებით სრულად არ დაიფარა ნარჩენი გადასახადის თანხა, არამედ დაიფარა საურავი, რაც პრაქტიკაშიც არის საკმაოდ ხშირი მოვლენა და ცხელ ხაზზე როცა დარეკა განემარტა, რომ აღნიშნული შეიძლება გასწორდეს მას შემდეგ როცა სრულად დაფარავდა დავალიანებას და შემდგომ სერვის ცენტრში დაწერდა განცხადებას, რაც ბუნებრივია არასწორია და ითხოვს მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხების ასახვა პირველ რიგში გადასახადში. ასევე, აღნიშნული დასტურდება პირადი აღრიცხვის ბარათის მონაცემითაც, მაგალითად, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დავალიანება გადასახადის მიხედვით, არის 64 318.5 ლარი, ხოლო საურავი არის 173 408.16 ლარი, რაც ასევე არის გადახდილი თანხების არასწორად ასახვის შედეგი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომელშიც მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საკითხი ეხება სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, საკმაოდ ბევრი პროექტია და ზოგიერთი პროექტი მიმდინარე პერიოდისთვისაც შეიძლება არ იყოს დასრულებული, საბჭოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად გადასახადის გადამხდელის მხრიდან საჭიროებს დამატებით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
საბჭო განმარტავს, რომ მოპასუხე ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოითხოვოს მომჩივნისაგან შესაბამისი ინფორმაცია და აღნიშნული არ შეიძლება გახდეს საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს გადაწყვეტილების აღსრულებისას არ გამოუყენებია ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, გამომდინარე აქედან, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს მხრიდან საბჭოს 13.09.2024 წლის №23159/2/2024 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რისთვისაც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება“.
საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე გამოთხოვილი მონაცემების საფუძველზე დადასტურდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შესასრულებელი 3 პროექტი, რომელზეც შემოწმების ფარგლებში გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა, დასრულდა საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის შემდგომ პერიოდებში. დამკვეთის მიერ თავდაპირველად გადახდილი ავანსის განაშთვა კი საგადასახადო შემოწმების აქტის შემდგომ პერიოდებში კომპანიამ გააგრძელა შემოწმებით დადგენილი პრინციპის მიხედვით, ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების პროპორციულად. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ოპერაციების საბოლოო განხორციელების საგადასახადო პერიოდები შემოწმების დასრულების შემდგომი პერიოდებია, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ჯარიმა შეიცვალა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც შემოწმების აქტით დღგ-ში საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დარიცხული ჯარიმა შემცირდა 59 189 ლარით.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ გამოცემულ ზემოაღნიშნულ დასკვნაზე და განმარტავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილება. მომჩივანი სადავოს ხდის და მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლებას და ასევე, სადავო საგადასახდო მოთხოვნაში ასახული საურავის ოდენობას, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსი არ აქვს დაბეგრილი, თუმცა ამავე ოპერაციის ფარგლებში შემდგომ პერიოდში შესრულებული სამუშაოების მიხედვით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს სრულად ასახავს შესაბამისი პერიოდების დეკლარაციებში. ასევე რიგ შემთხვევებში, სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის თანხების პერიოდული განაშთვის ნაცვლად პირი ერთიანად ახორციელებს ავანსის თანხის განაშთვას. შემოწმებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სატენდერო ხელშეკრულებების პერიოდების მიხედვით, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ ავანსის გაცემას და ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული ავანსები უკავშირდება კომპანიის მიერ შემდგომ პერიოდებში გაწეულ მომსახურებებს წინასწარ განსაზღვრული პროპორციის მიხედვით. შესაბამისად, შემოწმების შედეგად აღნიშნულ საკითხში განხორციელდა დასაბეგრი ბრუნვის ცვლილება, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.12.2024 წლის №24241/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)