ბრძანება N 14838-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 13.05.2019
№ დოკუმენტი 14838-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14838

13/05/2019

ი/მ -------

(მის: ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 28 მარტს (ოქმი N19) და 11 აპრილს (ოქმი N22) გამართულ სხდომებზე განიხილა ი/მ ------- საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 7 დეკემბრის N039-27 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

არ ეთანხმება სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას. აცხადებს, რომ სსკ-ის 103-ე მუხლის მიხედვით დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება, რომელიც არ აღემატება დამდგარი ზიანის ოდენობას არ განეკუთვნება ერთობლივ შემოსავალს.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 7 ივნისის N14219 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა ი/მ ------- გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 4 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2018 წლის 7 დეკემბრის N35057 ბრძანება და N039-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 433 487,51 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 266 707,50 ლარი, ჯარიმა 117 756 ლარი, საურავი 49 024,01 ლარი.

საჩივარში აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს 2015 და 2017 წლებში უფიქსირდება ბანკში ჩარიცხული თანხები (2015 წელს 82 701 ლარი და 2017 წელს 136 893 ლარი), რომლის შინაარსის შესწავლის შედეგად დადგინდა (მეწარმის განმარტებით), რომ აღნიშნული წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაზღვევის შედეგად მიღებულ საკომპენსაციო თანხებს (რიგ შემთხვევაში თანხა ჩარიცხულია უშუალოდ სადაზღვევო კომპანიის მიერ, გარკვეულ შემთხვევებში კი ფიზიკური პირების მიერ).

შემოწმებამ იხელმძღვანელა საბანკო ამონაწერით, მეწარმის მიერ წარმოდგენილი განმარტებით და სსკ-ის მოთხოვნების მიხედვით (სსკ-ის 82-ე მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი). შესაბამისად, მეწარმის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები დაექვემდებარა ერთობლივ შემოვალში ასახვას, მისი შინაარსის, მისი მიღების სხვა დამატებითი დოკუმენტაციის არარსებობის და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

სადავო საკითხის განხილვისას შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სსკ-ის 103-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ბ.ბ) პუნქტის თანახმად შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, გარდა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურებისა, რომელიც არ აღემატება დამდგარი ზიანის ოდენობას.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, მეწარმეს ბანკის საშუალებით უფიქსირდება თანხების ჩარიცხვა, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაზღვევის შედეგად მიღებულ საკომპენსაციო თანხებს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას და შესაბამისად არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხვა არამართლზომიერია და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მზღვეველის მიერ გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ------- 2019 წლის 3 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მზღვეველის მიერ გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;

3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მზღვეველის მიერ ანაზღაურებული თანხებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმეს 2015 და 2017 წლებში უფიქსირდება ბანკში ჩარიცხული თანხები რომლის შინაარსის შესწავლის და მეწარმის განმარტები შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაზღვევის შედეგად მიღებულ საკომპენსაციო თანხებს. რიგ შემთხვევაში თანხა ჩარიცხულია უშუალოდ სადაზღვევო კომპანიის მიერ, გარკვეულ შემთხვევებში კი ფიზიკური პირების მიერ.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საბანკო ამონაწერით, მეწარმის მიერ წარმოდგენილი განმარტებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა მიხედვით მეწარმის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას და შესაბამისად არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხვა არამართლზომიერია და აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს მზღვეველის მიერ გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების ერთობლივ შემოსავალში ასახვის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 103(1)