ბრძანება N 3858

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.02.2019
№ დოკუმენტი 3858
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3858

25/02/2019

შპს -----

(მის: ---------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი N8) განიხილა შპს ----- 2019 წლის 23 იანვრის საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს 2018 წლის 18 დეკემბრის N062-4 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმებას.

გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ წარმოების პროცესში მიღებული ხის ნაგვერდული, რომელიც არის ნარჩენი და არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად არ ხდება მისი რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 8 თებერვლის (ოქმი N8) სხდომაზე განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 აგვისტოს N20500 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 13 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2018 წლის 17 დეკემბრის N36525 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ“ და 18 დეკემბრის N062-4 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 39 352 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 17 729 ლარი, ჯარიმა 11 340 ლარი, საურავი 10 283 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საქმიანობაა ხე ტყის მოპოვება, გადამუშავება, რეალიზაცია, რაზეც 2010 წლის 13 ივლისიდან საწარმო ფლობს ხე ტყის დამზადების 10 წლიან სპეციალურ ლიცენზიას N-----. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მოპოვებული ხე ტყის გადამუშავების შედეგად, 80%-იანი გამოსავლიანობის ფარგლებში მიღებული ხის ნაგვერდულების ღირებულება, რაც არ უფიქსირდება სმფ-ების საბოლოო ნაშთში, სრულად არ აქვს რეალიზებულად აღიარებული და შესაბამისად ერთობლივ შემოსავალში დეკლარირებული. შემოწმების შედეგად საწარმოს მიერ 2015 წელს მოპოვება-გადამუშავების შედეგად, (80%-იანი გამოსავლიანობისა და 10%-იანი დანაკარგის ფარგლებში) მიღებული ხის ნაგვერდულების ღირებულება, რაც არ უფიქსირდება სმფ-ების საბოლოო ნაშთში, განხილულ იქნა საბაზრო ფასით რეალიზებულად, რაც სსკ-ის მე-100 და 161-ე მუხლების შესაბამისად ჩართულ იქნა იმავე წლის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა დღგ-ით. პირს დაერიცხება ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საბჭო მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლზე, რომლის თანახმად 1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ამასთან, ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის ან/და მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების მომენტისა.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ხე-ტყის გადამუშავების შედეგად (80%-იანი გამოსავლიანობისა და 10%-იანი დანაკარგის ფარგლებში) მიღებული ხის ნაგვერდულების ღირებულება, რაც შპს ----- არ უფიქსირდება სმფ-ების საბოლოო ნაშთში შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა ჩართული ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამისად გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- 2019 წლის 23 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი აცხადებს, რომ წარმოების პროცესში მიღებული ხის ნაგვერდული არის ნარჩენი და არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად არ ხდება მისი რეალიზაცია და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადამხდელის საქმიანობაა ხე ტყის მოპოვება, გადამუშავება, რეალიზაცია. საწარმოს მიერ მოპოვებული ხე ტყის გადამუშავების შედეგად, 80%-იანი გამოსავლიანობის ფარგლებში მიღებული ხის ნაგვერდულების ღირებულება, რაც არ უფიქსირდება სმფ-ების საბოლოო ნაშთში, სრულად არ აქვს რეალიზებულად აღიარებული და დეკლარირებული. შემოწმების შედეგად მიღებული ხის ნაგვერდულების ღირებულება განხილულ იქნა საბაზრო ფასით რეალიზებულად, სსკ-ის მე-100 და 161-ე მუხლების შესაბამისად ჩართულ იქნა იმავე წლის ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა დღგ-ით. პირს დაერიცხება ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ხე-ტყის გადამუშავების შედეგად (80%-იანი გამოსავლიანობისა და 10%-იანი დანაკარგის ფარგლებში) მიღებული ხის ნაგვერდულების ღირებულება, რაც გადამხდელს არ უფიქსირდება სმფ-ების საბოლოო ნაშთში შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა ჩართული ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა დღგ-ით, შესაბამისად გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტაცია უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100(1); 100(3); 275;

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“)