გადაწყვეტილება №97538/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№97538/1/2025
16 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------ი (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 14.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/1/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.05.2025 წლის №042-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16293 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 179 122.28 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 103 044.80
ჯარიმა - 51 852.30
საურავი - 24 225.18
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათით ვაჭრობა (გარდა ხილ-ბოსტნეულისა).
აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5134 და 17.04.2025 წლის №7312 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 8.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 273 449 ლარს. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდზე საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალებით განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვების გათვალისწინებით) განისაზღვრა 846 017 ლარის ოდენობით. დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვაში გამოვლენილი სხვაობა 572 568 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 13.05.2025 წლის №9391 ბრძანება და ამავე თარიღის №042-9 საგადასახადო მოთხოვნა,რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2025 წლის №16293 ბრძანებით საჩივრები (ორი დავის საგანი: დღგში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები და სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლება) არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 დავის საგანთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას დარიცხული გადასახადის გადასახდელად არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა. ამ ეტაპზე ორგანიზაცია გადახდისუუნაროა თანხის ერთიანად გადახდაზე.
დეკლარაციების წარდგენა ხდებოდა დაუზუსტებელი ინფორმაციით, კერძოდ ტერმინალზე დარიცხული თანხის აღრიცხვა ხდებოდა არაჯეროვნად და დაუზუსტებლად, რის გამოც დასაბეგრი ბაზის ოდენობაც არასწორი იყო. ამონაწერის ამოღება პრობლემად იქცა, კომპიუტერული ტექნიკის არ ქონის გამო, მიახლოებით, ვარაუდით ხდებოდა მაღაზიის თვის შემოსავლის დათვლა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისა და საურავისგან, ხოლო გადასახადის გადახდაზე დამტკიცდეს გრაფიკი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს ჯარიმისგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2025 წლის №-----21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების მიმდინარეობისას შედეგების შესახებ შესაბამისი გაანგარიშების ცხრილები მიწოდებული იქნა გადასახადის გადამხდელისთვის. აქტის შედგენამდე გადამხდელს საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარს არ ახლავს რაიმე დამატებითი ინფორმაციები/დოკუმენტები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
რაც შეეხება საურავისგან გათავისუფლების მოთხოვნას, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრებით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №5134 და №7312 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლოსალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ,საგადასახადო გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 273 449 ლარს. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელი პერიოდზე საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალებით განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვების გათვალისწინებით) განისაზღვრა 846 017 ლარის ოდენობით. დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვაში გამოვლენილი სხვაობა 572 568 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა №9391 ბრძანება და №042-9 საგადასახადო მოთხოვნა,რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №16293 ბრძანებით საჩივრები (ორი დავის საგანი: დღგში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები და სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლება) არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
რაც შეეხება საურავისგან გათავისუფლების მოთხოვნას, საბჭო ვერ იმსჯელებს მომჩივნის მოთხოვნაზე ვინაიდან, იგი სადავოს არ წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრებით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 302(3);