ბრძანება N 3920

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.03.2023
№ დოკუმენტი 3920
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3920

01.03.2023

შპს -------------- (ს/ნ --------)

(მის.: --------------------------)

2022 წლის 18 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს -------------- (ს/ნ --------) №76664/1/2022 და №18234/2/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ოქტომბრის №001-180 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:

1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებს. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მიაწოდა შემოწმებას შესაბამისი ინფორმაცია, რის შემდეგ რამდენჯერმე შედგა სიტყვიერი კომუნიკაცია აუდიტორთან, თუმცა არ მომხდარა კონკრეტულ თარიღზე შეჯერება, რათა მომხდარიყო საკითხის ერთობლივად განხილვა, ხოლო 2022 წლის 27 სექტემბერს მოხდა გადაანგარიშების დასკვნის მომზადება ყოველგვარი კომუნიკაციის და პოზიციების შეჯერების გარეშე. გადამხდელისთვის გაურკვეველია ფასნამატის გაანგარიშების მეთოდი. მიუთითებს, რომ აუდიტის გაანგარიშებით 2020 წლის მაისის თვეში კარტოფილზე მიყენებულია სხვა ობიექტის ფასი 1.07 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე პერიოდში შპს ,,----------’’ (ს/ნ----------) ფასი იმავე პერიოდში შეადგენს 0.65 თეთრს, 2020 წლის ივნისში საზამთროს რეალიზაციაზე გავრცელებული ფასი შეადგენს 0.68 ლარს, ხოლო ამავე პერიოდის რეალიზაციაზე გადამხდელის მიერ მოძიებულ იქნა შპს „----------’’-ის (ს/ნ -----------) აუდირებული ფასი, რომელიც შეადგენს 0.5 ლარს, 2019 წლის მარტის თვეში ვაშლზე გამოყენებული ფასი საშუალოდ არის 1.72 ლარი, მაშინ როდესაც საქსტატის მონაცემებით მისი ფასნამატი შეადგენს 1.37 ლარს, ასევე 2019 წლის სექტემბერში ტკბილ წიწაკაზე გავრცელებულია სხვა ობიექტის ფასი, რომელიც შეადგენს 2.20 ლარს, ამავე პოზიციაზე საქსტატის მონაცემებით ფასი შეადგენდა 1,81 ლარს. მიუთითებს, რომ პირველ ეტაპზე გამოყენებული იყო არადოკუმენტურ რეალიზაციაზე მიყენებული სხვა ობიექტის დოკუმენტური ფასები. გადამხდელმა მოიძია მსგავსი ობიექტების დოკუმენტური ფასები სხვადასხვა თვეებში და ითხოვს აღნიშნული ფასების გამოყენებას. ასევე, გადამხდელმა გამოითხოვა ინფორმაცია საქსტატიდან, რომელშიც დაფიქსირებულია ინფორმაცია მსგავსი ობიექტების საშუალო სტატისტიკური ფასების შესახებ თვის ჭრილში, თუმცა აუდიტმა აღნიშნული ინფორმაცია არ გამოიყენა.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35877 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 24 ნოემბრის №001-333 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით განმეორებით განსახილველად დაბრუნებული 2020 წლის 24 დეკემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს -------------- (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.’’ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35877 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 27 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 264 412 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 183 744 ლარით და ჯარიმა 80 668 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 11 ოქტომბრის №001-180 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილ იქნა ფასნამატის/საშუალო შეწონილი ფასების გაანგარიშების ცხრილები საქონლის სახეობების მიხედვით, რომელიც სრულად შედგენილია დოკუმენტური რეალიზაციების მიხედვით. ზემოაღნიშნული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში უდოკუმენტო რეალიზაციაზე გამოყენებულ იქნა თვის საშუალო შეწონილი ფასი, ხოლო ისეთ საქონელზე, რომელზეც გადამხდელს არ უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია, გადაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა არსებითი რეალიზაციების შესაბამისი პროდუქციის საშუალო ფასნამატი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილ იქნა ფასნამატის/საშუალო შეწონილი ფასების გაანგარიშების ცხრილები საქონლის სახეობების მიხედვით, რომელიც სრულად შედგენილია დოკუმენტური რეალიზაციების მიხედვით. ზემოაღნიშნული ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემოწმებით დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საჩივრის განხილვის პერიოდში შესწავლილ იქნა გადამხდელის საჩივარში მითითებული საწარმოების გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. შესაბამისად, შედარებულ იქნა გადაანგარიშებისას გამოყენებულ ფასებთან და დადგინდა, რომ გადაანგარიშებისას გამოყენებული თვის საშუალო შეწონილი ფასები ნაკლებია ზემოაღნიშნული კომპანიების დოკუმენტურ ფასებზე. მაგალითად: კარტოფილი, რომლის ფასი დღგ-ის გარეშე გადაანგარიშებისას განსაზღვრულ იქნა 0,66 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულ პროდუქტზე შპს „------------’’-ის (ს/ნ -------------) ფასი შეადგენს 0,76 ლარს, ხოლო შპს ,,---------ს’’ (ს/ნ ----------------) ფასი 0,72 ლარს. ასევე, გადაანგარიშების მიმდინარეობისას აუდიტის დეპარტმენტის მიერ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდნ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის შედარებით საშუალო შეწონილ ფასებთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გამოყენებულიყო ამ ორ მონაცემს შორის მინიმალური, კეროდ თვის საშუალო შეწონილი ფასები და იმ საქონელზე, რომელზეც შემოწმებას არ ჰქონდა დოკუმენტური ფასი, გამოყენებულ იქნა არსებითი საქონლის მიხედვით გამოყვანილი საშუალო ფასნამატი (50%). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------------” (ს/ნ --------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.