გადაწყვეტილება №27373/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27373/2/2026
30 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „საბერბის“ 20.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27373/2/2026).
დავის საგანი:
1. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №007-391 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10558 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 463,69 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 35 067,22
დღგ - 20 689,50
მიწა - არასასოფლო 2 098,96
საშემოსავლო გადასახადი - 11 346,60
ქონების გადასახადი - 932,16
ჯარიმა - 17 733,10
საურავი - 17 663,37
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საქონლის რეალიზაცია და მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის №28219 ბრძანება და №007-391 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში:
შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10558 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 121 547 ლარს. შემოწმების შედეგად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 236 496 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა 114 949 ლარის ოდენობით საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე ასახულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში.
2022 წლის აპრილის თვეში საწარმოსგან მოხდა კუთვნილი ავტომობილის გადაფორმება ყოფილ დირექტორზე. აღნიშნული ავტომობილის მიწოდება საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა, როგორც თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი. აღნიშნული სარგებელი (56 733 ლარი) საგადასახადო კოდექსის 80-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან
შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის დოკუმენტაციის შესწავლისას დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს ნაშთად უნდა ჰქონოდა 60 625 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები და ინვენტარი (ღირებულებები გავლილი და განხილულია გადამხდელის მონაწილეობით), თუმცა გადამხდელის ახსნა-განმარტებით ნაშთები არ გააჩნდა. შემოწმების შედეგად აღნიშნული პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად თვითღირებულებით და ასახულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დასარიცხი დღგ თანხები, თარიღების მიხედვით:
1. 16.05.2022 - 6495 ლარი,2. 17.10.2022 - 5403 ლარი,3. 16.01.2023 - 9248 ლარი
პირველი და მეორე პუნქტში მოყვანილი დასარიცხი თანხების წარმოშობა არ იყო გამიზნულად ჩადენილი და წარმოადგენს საბუღალტრო დოკუმენტაციის შეცდომით წარმოების შედეგს, მესამე გრაფაში მოყვანილი დღგ-ში დასარიცხი 9 248 ლარის წარმოშობას ვერ ადასტურებს ვერც კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები და ვერც კომპანიის ქონების გადაცემით ან სხვა ფინასური ოპერაციებით. შემოწმების აქტში დარიცხულ თანხა უნდა შემცირდეს 9248 ლარით და შესაბამისი რაოდენობის ჯარიმა საურავით.
2022 წლის აპრილის თვეში საწარმოს კუთვნილი ავტომობილის ყოფილ დირექტორზე „-------“ -ზე (პ/ნ „-------“ ) გადაფორმებასთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ავტომობილის შეფასება (56 733 ლარი) არ შესაბამება სიმართლეს, პირველი ამ მარკის და ამ მოდელის ავტომანქანის “ახალის“ ღირებულებაც ვერ იქნებოდა 56 733 ლარი (რასაც ადასტურებს იმ პერიოდისთვის არსებული ავტომანქანების სადილერო ქსელების ფასები), მეორე ზემოთ აღნიშნული მანქანა ავტოავარიის შედეგად იქნა დაზიანებული და მისი საბოლოო ღირებულება არ აჭარბებდა 3000 ლარს (იხ. დანართი 1). სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი „-------“, აქედან გამომდინარე ითხოვს შემცირდეს აქტში დარიცხული საშემოსავლო გადასახდი 11 346,60 ლარიდან 750 ლარამდე და შესაბამისად ჯარიმა საურავი.
მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტში დარიცხული თანხების შემცირებას. აგრეთვე ითხოვს აუდიტორული შემოწმებისას (ნულოვანი საგადასახადო ფორმების ჩაუბარებლობის გამო) დარიცხული სავარაუდო დარიცხვების გაუქმებას.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა 70 463,69 ლარი, მათ შორის,ჯარიმა - 17 733,10 ლარი და საურავი - 17 663,37 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს არგუმენტების გათვალისწინებას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების აქტში დარიცხული თანხების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.05.2026 წლის №10558 ბრძანება.
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტში დარიცხული თანხების შემცირებას.ასევე,ითხოვს აუდიტორული შემოწმებისას დარიცხული სავარაუდო დარიცხვების გაუქმებას.
2.მომჩივანი ითხოვს არგუმენტების გათვალისწინებას და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად შემოწმების აქტში დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 121 547 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 236 496 ლარს. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა 114 949 ლარის ოდენობით სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე ასახულ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში. 2022 წლის აპრილის თვეში საწარმოსგან მოხდა კუთვნილი ავტომობილის გადაფორმება ყოფილ დირექტორზე. აღნიშნული ავტომობილის მიწოდება სსკ-ის 101-ე მუხლის გათვალისწინებით დაკვალიფიცირდა, როგორც თანამშრომლის მიერ მიღებული სარგებელი. აღნიშნული სარგებელი სსკ-ის 80-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შემოწმების შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2.გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა 70 463,69 ლარი, მათ შორის, ჯარიმა - 17 733,10 ლარი და საურავი - 17 663,37 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).