ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2018 წლის 31 იანვარი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 თებერვლის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 05.03.2018წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებელი:
ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის;
ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელის ოდენობა განისაზღვროს:
ა) მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის განისაზღვროს 2 ლარის, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისთვის − 5 ლარის ოდენობით;
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 ლარის ოდენობით;
გ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 ლარის ოდენობით;
დ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარით.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს სახეობების მიხედვით:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში – 20 000 (ოცი ათასი) ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში – 2 000 (ორი ათასი) ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აპრილის დადგენილება №07 - ვებგვერდი, 27.04.2023წ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 მაისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 24.05.2023წ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 ივლისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 05.07.2024წ.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №07 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/02/2015წ; სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.172.016069);
ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/10/2014წ; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.117.016213).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ვაჩაძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე