ბრძანება N 29037

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 29037
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 29037

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №172589/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24358 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24358 ბრძანებას, რომლითაც უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე. განმარტავს, რომ მიუხედავად სოლიდური ზედმეტობისა, კომპანიამ 2023 წლის 7 აგვისტოს ბიუჯეტში სრულად გადაიხადა საგადასახადო მოთხოვნაში ასახული გადასახადი და ჯარიმის 50 პროცენტი. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2023 წლის 19 სექტემბრის №981 დასკვნით. რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული დავალიანების აღიარების საკითხს, მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა 2023 წლის 12 ივლისს. 2023 წლის 11 აგვისტოს ამოიწურა რა საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების 30 დღიანი ვადა, საგადასახადო დავალიანება აღიარებულად ჩაითვალა კანონის მიხედვით 30 დღიანი ვადის დაცვით. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 30 დღიანი ვადის გამოთვლისას ყურადღება რატომღაც გამახვილდა საგადასახადო დავალიანების ძირითად ბარათზე გადატანის თარიღზე და არა გასაჩივრების 30 დღის გასვლის მომენტზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო №24358 ბრძანებისა და №981 დასკვნის გაუქმებას/ბათილად ცნობას, შესაბამისად, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტის გაუქმებას.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 19 სექტემბერს გამოცემული დასკვნით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ, 2023 წლის 16 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა №---------- განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, ითხოვა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტის გაუქმება, რაც თანხობრივად შეადგენს 37 470 ლარს. კომპანიის მიერ, 2023 წლის 12 ივლისის №094-48 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, 2023 წლის 7 აგვისტოს საშემოსავლო გადასახადის დანიშნულებით ბიუჯეტში გადაირიცხა 187 353 ლარი (მათ შორის გადასახადი 149 882 ლარი და ჯარიმა 37 471 ლარი).

შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა განიხილა გადამხდელის 2023 წლის 16 აგვისტოს წარმოდგენილი №---------- განცხადება, რომლის პასუხად, 2023 წლის 18 აგვისტოს №----------21-04 წერილით აუდიტის დეპარტამენტს აცნობა, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ 2023 წლის 12 ივლისს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის გაცნობა დაფიქსირდა 2023 წლის 12 ივლისს, ხოლო, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ განცხადება წარმოდგენილი იქნა 2023 წლის 16 აგვისტოს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ გამოცემული 2023 წლის 12 ივლისის №094-48 საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებული დარიცხვის გადატანა გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში.

შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 2023 წლის 18 აგვისტოს №----------21-04 წერილის საფუძველზე, 2023 წლის 19 სექტემბერს შედგენილ იქნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) დასკვნა, რომლის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დამატებით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;

ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;

ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ 30 დღის ვადაში შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის აღიარება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიმართ გამოცემული 2023 წლის 12 ივლისის №094-48 საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებული დარიცხვის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითადი აღრიცხვის ბარათზე გადასვლა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, მომჩივანის მიერ, 2023 წლის 16 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა №500117 განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, ითხოვა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტის გაუქმება, რაც თანხობრივად შეადგენს 37 470 ლარს. კომპანიის მიერ, 2023 წლის 12 ივლისის №094-48 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, 2023 წლის 7 აგვისტოს საშემოსავლო გადასახადის დანიშნულებით ბიუჯეტში გადაირიცხა 187 353 ლარი (მათ შორის გადასახადი 149 882 ლარი და ჯარიმა 37 471 ლარი). შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტმა განიხილა გადამხდელის 2023 წლის 16 აგვისტოს წარმოდგენილი განცხადება, რომლის პასუხად, 2023 წლის 18 აგვისტოს წერილით აუდიტის დეპარტამენტს აცნობა, რომ ვინაიდან, გადამხდელის მიერ 2023 წლის 12 ივლისს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის გაცნობა დაფიქსირდა 2023 წლის 12 ივლისს, ხოლო, მომჩივანის მიერ განცხადება წარმოდგენილი იქნა 2023 წლის 16 აგვისტოს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომჩივანის მიმართ გამოცემული 2023 წლის 12 ივლისის №094-48 საგადასახადო მოთხოვნით განხორციელებული დარიცხვის გადატანა გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის მიერ არ არის შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ, ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(11).