გადაწყვეტილება №25956/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25956/2/2025
13 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს------ 3.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25956/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27610 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №005-115 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19888 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 775 627,76 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 302 519
მოგების გადასახადი - 299 493
ქონების გადასახადი - 3 026
ჯარიმა - 256 170
საურავი - 216 938,76
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის მიერ მოწოდებულ ბუღალტრულ აღრიცხვასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტი კომპანიებისთვის გადახდილი ჰქონდა 2 045 576 ლარი და არ ჰქონდა მიღებული ნედლეული. ასევე, ექსპორტზე გატანილი ჰქონდა 3 229 482 ლარის ღირებულების საქონელი და არ ჰქონდა მიღებული თანხები. აღნიშნულ ოპერაციებზე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ურთიერთშედარების აქტები. ამასთან, არ არსებობდა ობიექტური გარემოება, რაც ახსნიდა ნედლეულისა და თანხის მიუღებლობას.
არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად, ხოლო არარეზიდენტ საწარმოებზე მიწოდებული საქონელი უსასყიდლო საქონლის მიწოდებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის პირველი ნაწილისა და 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2022 წლის 8 აგვისტოს მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და აღურიცხველობა, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33780 ბრძანება და №----- საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2023 წლის №12365 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12365 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხა შემცირდა სულ 280 767 ლარით (გადასახადი 192 078, ჯარიმა 88 689), რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №005-149 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. მომჩივანი 2024 წლის 29 ნოემბერს წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს გაუთვალისწინებელი დოკუმენტების ნაწილში და ითხოვდა სამ არარეზიდენტ კომპანიასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა/ვალდებულების ნაწილში მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27610 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 ივნისის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 74 571 ლარი, მათ შორის: გადასახადი 50 421 ლარი, ჯარიმა 24 150 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 3 ივლისის №005-115 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19888 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის ივნისიდან დეკემბრამდე შუალედში განხორციელდა მომჩივნის კამერალური საგადასახადო შემოწმება. კომპანია მისი დაარსებიდან ყოველთვის იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი, და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში გიარა არაერთი რეორგანიზაცია და სამწუხაროდ მოხდა მილიონობით ზარალის აკუმულირება, საგადასახადო თვალსაზრისით რაიმე დარღვევები და შესაბამისად შენიშვნები არ გაჩენილა.
კეთილსინდისიერების დამატებითი მტკიცებულებაა ისიც, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს დასრულებულ საგადასახადო შემოწმების აქტში კომპანიას დარიცხული არ აქვს დამატებითი თანხები არც საშემოსავლო და დღგ-ს კომპონენტებში, ქონების კომპონენტში კი უმნიშვნელო თანხაზეა საუბარი.
აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში ფაქტიურად დარიცხულია მხოლოდ მოგების გადასახადის კომპონენტი, და ისიც შედგება 1 კონკრეტული დებიტორ/კრედიტორის მოთხოვნა/ვალდებულებების დაბეგვრისგან. დაბეგვრის საფუძვლად აღებულია ის, რომ კრედიტორ საწარმოებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირებულია არარეზიდენტ კომპანიებზე სესხის გაცემად და დაბეგრილი მოგების გადასახადით, ხოლო მომწოდებლებისგან მისაღები დავალიანებები კი აღიარებულია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად, რომელიც ასევე დაბეგრილია მოგების გადასახადით.
საკითხის ასეთი ინტერპრეტაცია რადიკალურად არ ასახავს ობიექტურ რეალობას და თანდართული დოკუმენტებით თითოეული მათგანის სიმცდარე მარტივად იდენტიფიცირებადია. შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა, წარმოქმნილი შემდეგი დებიტორებსა და კრედიტორებთან არსებული მოთხოვნა/ვალდებულებებიდან არის სრულად გასაუქმებელი.
----- საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის აღებულია დასაბეგრი ბაზა საწყისი ბალანსი - 471 678 ლარზე დარიცხული სარგებელი და შემოწმების პერიოდში წარმოქმნილი მოთხოვნა - 1 650 020 ლარი - მიუღებელი მოთხოვნა არარეზიდენტი კომპანიიდან. აღნიშნული დავალიანება პირველ რიგში შესამცირებელი იყო 2021 წლის ნოემბერ - დეკემბერში ჩარიცხული 49 997,50 დოლარი და 59 977,50 დოლარი, რადგან ეს თანხები შეცდომით იყო გატარებული სხვა მომხმარებელზე (------- რომელიც არც ჩარიცხვის მომენტისთვის და არც მიმდინარედ არც დავალიანება აქვს და არც მოთხოვნა), რაც გათვალისწინებულ იქნა კიდეც.
დამატებით, ------მა გაუწია და უნდა გაუწიოს კიდევ ----- მარკეტინგული მომსახურება უზბეკეთის ტერიტორიაზე, რასთან დაკავშირებითაც აქვს წარმოდგენილი შესაბამისი პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები: მარკეტინგული მომსახურების კონტრაქტი მხარესთან, მომსახურების გაწევის ინვოისები და შესაბამისი შედარების აქტიც სადაც ასახულია კომპანიის დავალიანება.
გადათვლას უნდა დაექვემდებაროს დარიცხული ჯარიმის (დარიცხული საჯარიმო თანხა რატომ აღემატება ძირი თანხის 50 პროცენტს) და საურავის (რატომ არის დარიცხვა სამ წელზე მეტი ვადით) ოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მის კომპანიაზე მოგების გადასახადის თანხების დარიცხვა არ არის სამართლიანი, აქედან გამომდინარე ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების შემდგომი კორექტირება, ასევე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანი 2024 წლის 29 ნოემბერს წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს გაუთვალისწინებელი დოკუმენტების ნაწილში და ითხოვდა 3 არარეზიდენტ კომპანიასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნა/ვალდებულების ნაწილში მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27610 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ,გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 26.06.2025 წლის №275 დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია (აღნიშნული წარმოდგენილი იყო დავების ეტაპზე). ანალიზის შედეგად, გარკვეულ ოპერაციებთან მიმართებაში შეიცვალა კვალიფიკაცია და შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შემდეგ კომპანიებთან მიმართებაში: ----- და ------ წარმოდგენილი იყო შეთანხმებები, ხელშეკრულებები, ახსნაგანმარტებები, ურთიერთშედარების აქტები და სხვა, რომელთა შესწავლის შედეგად დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული მოთხოვნების ნამდვილობა და მიზნობრიობა. ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ იყო, ამასთანავე, ბუღალტრული პროგრამა (მოთხოვნების ნაწილში) არ იყო გადახურული და შეიცავდა არსებით უზუსტობებს, ხოლო გადამხდელმა წარმოადგინა მხოლოდ წერილობითი (კომენტარის სახით) განმარტებები, შესაბამისად, შემოწმების ეტაპზე ვერ იქნებოდა გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი. გადაანგარიშების ეტაპზე დარჩენილ კონტრაქტორებთან დაკავშირებით, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, ხოლო ნაწილ შემთხვევებში საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ვერ დადგინდა გადარიცხული თანხების მიზნობრიობა ან/და ნაშთად არსებული მოთხოვნების რეალურობა, გარკვეულ შემთხვევებში დღეის მდგომარეობით კვლავ არ არის მიღებული ანაზღაურების სანაცვლოდ საქონელი ან/და მომსახურება. მსგავს შემთხვევებში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მეტი ინფორმაციის მოპოვება უბრალოდ ვერ ხერხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო: მომსახურების გაწევიდან გასულია 5-6 წელი და შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება უბრალოდ შეუძლებელია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27610 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27610 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27610 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27610 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 დეკემბრის №27610 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტი კომპანიებისთვის გადახდილი ჰქონდა 2 045 576 ლარი და არ ჰქონდა მიღებული ნედლეული. ასევე, ექსპორტზე გატანილი ჰქონდა 3 229 482 ლარის ღირებულების საქონელი და არ ჰქონდა მიღებული თანხები.არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა სესხის გაცემად, ხოლო არარეზიდენტ საწარმოებზე მიწოდებული საქონელი უსასყიდლო საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს ასევე შეეფარდა ჯარიმა. 2022 წლის 8 აგვისტოს მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და აღურიცხველობა, რაზეც მომჩივანს შეეფარდა გათვალისწინებული ჯარიმები.
გასაჩივრების ეტაპზე, ანალიზის შედეგად, გარკვეულ ოპერაციებთან მიმართებაში შეიცვალა კვალიფიკაცია და შემცირებას დაექვემდებარა მოგების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და თვლის, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(21);