გადაწყვეტილება №19715/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19715/2/2023
07.07.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -------- 19.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19715/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №18574/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №007-94 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 265 349 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 156 300
დღგ - 153 987
საშემოსავლო გადასახადი - 2 313
ჯარიმა - 77 260
საურავი - 31 789
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3318 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №19065 ბრძანება და №007-200 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 234 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 8 დეკემბრის №30915 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.12.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №18574/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის დასკვნა, 18.04.2023 წლის №8452 ბრძანება და 19.04.2023 წლის №007-94 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 1 459 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 265 349 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმე ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა ორისში, შემოსავალი და ხარჯი სრულადაა ასახული პროგრამაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე. გადასახადის გადამხდელი, ლილოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ აწარმოებს საქონლის სახეობების მიხედვით რაოდენობრივ-თანხობრივ აღრიცხვას პროგრამაში. აქვს ექსელის ცხრილები, სადაც საქონლის ღირებულებას აღრიცხავს შემდეგნაირად: საქონლის თვითღირებულებას ამატებს ტრანსპორტირებას და საბაჟო გადასახდელებს და გამოყავს თვითღირებულება. ძირითადი საქონელი არის დუტის ქურთუკი, ქამარი, საცურაო კოსტუმი.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქონლის აღსარიცხავად იყენებს ინდივიდუალური აღრიცხვის მეთოდს.
2022 წლის 2 მაისს ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის მასალები გადაეცა აუდიტის დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისთვის. ინვენტარიზაციის დროს აღიწერა სმფ-ის ნაშთი სარეალიზაციო ფასით 687 644 ლარი. ინვენტარიზაციის დროს მომჩივნის მიერ განმარტებული იქნა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისთვის, რომ მას აწოდებდა სარეალიზაციო ფასს. ასევე, თხოვდა მიცემოდა საშუალება საქონლის იდენტიფიცირების, რათა მიეწერა თვითღირებულება თითოეული საქონლისთვის. თუმცა, არ მიეცა ამის საშუალება და განუმარტეს, რომ აუდიტის დეპარტამენტში მიცემდნენ ამის საშუალებას.
გასულ წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, ლილოს ბაზრობა არ ფუნქციონირებდა, არ ხდებოდა ------დან საქონლის იმპორტი. სულ შესამოწმებელ პერიოდში (2019-2022 წლებში) მეწარმეს შეძენილი აქვს 331 282 ლარის საქონელი, რაც ბევრად ნაკლებია ინვენტარიზაციით აღწერილ საქონელზე. ამ ეტაპზე აქვს წლების განმავლობაში დაგროვილი ნაშთი. აქვს ისეთი საქონელი, რომელიც მოძველებული და მოდიდან გამოსულია. მაგ., ჯინსის შარვლები, ჯინსის ქურთუკები, ჯინსის კაბები, რომლებიც 2010-2011 წლებშია შემოტანილი, საბაჟო დეკლარაციით: 58748, 65281, 60844, 14378, 38013. მომჩივანს მას შემდეგ ჯინსის იმპორტი აღარ განუხორციელებია. აღნიშნული საქონელი აქვს ნაშთად და მისი სარეალიზაციო ფასი განსაზღვრული აქვს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, შესაძლო სარეალიზაციო ფასად. ასევე, შესაძლო სარეალიზაციო ფასად აქვს გასული წლის ქურთუკები და ა.შ., რადგან მოდიდან გამოსულია და ვიზუალურადაც შელახულია. ამას დაადასტურებს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ინვენტარიზაციას ესწრებოდა.
აუდიტორის გაანგარიშება არის არასწორი, არ აქვს გამოყვანილი საქონლის თვითღირებულება. არ აქვს შედარებული ბუღალტრულ ჩანაწერებთან. როგორც აღნიშნა, აქვს გამოყვანილი თითოეული საქონლის თვითღირებულება, ექსელის ცხრილებში და ითხოვდა ინვენტარიზაციით აღწერილი საქონლის თვითღირებულებების მიწერას. ინვენტარიზაციის დროს აღწერილ სმფ-ის ნაშთს სარეალიზაციო ფასით 687 644 ლარს დააკლო მხოლოდ დღგ და ჩათვალა, რომ 582 749 ლარი არის საქონლის თვითღირებულება, რაც არასწორია. აუდიტორმა აქტი შეადგინა მომჩივანთან კომუნიკაციის გარეშე. მიუხედავად მისი არაერთი მცდელობისა, რომ მოეხდინა ინვენტარიზაციით აღრიცხული საქონლის იდენტიფიცირება, არ მიეცა ამის საშუალება.
აუდიტორმა აქტი შეადგინა ისე, რომ არ იცოდა რას ითვალისწინებდა.
აუდიტორს გამოყენებული აქვს 40%-იანი ფასნამატი. როგორც უკვე აღნიშნა, შემოწმება შეეხო 2019- 2022 წლებს. პანდემიის გამო ამ პერიოდში ლილოს ბაზრობა არ ფუნქციონირებდა სრული დატვირთვით, არ ხდებოდა საქონლის იმპორტი ჩინეთიდან და ახდენდა ძველი საქონლის რეალიზაციას ნებისმიერ ფასად, თვითგადარჩენისთვის. აქტში აუდიტორის მიერ არ არის დასაბუთებული საიდან აიღო ლილოს ბაზრობაზე 40%-იანი ფასნამატი, როცა ლილოში ეწევიან საბითუმო რეალიზაციას დაბალი ფასნამატით. მცირე რაოდენობით აქვს ზედნადებებით რეალიზაცია, საიდანაც ასევე შეეძლო განესაზღვრა საშუალო ფასნამატი.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლზე.
გადაუანგარიშდა 2019-2022 წლების რეალიზაცია 40%-იანი ფანამატით. პანდემიის პერიოდში საცურაო კოსტუმებს, ქამრებს და დუტის ქურთუკებს ყიდიდა ხშირ შემთხვევაში თვითღირებულებით. პანდემიის პერიოდში, ფორსმაჟორის გათვალისწინებით, ახდენდა მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონლის რეალიზაციას შედარებით დაბალი ფასნამატით. მომჩივნის მიერ გამოწერილი შიდა გადაზიდვის ზედნადები მოწმობს, რომ საქონელი დაჰქონდა სოფლებში, მოსახლეობასთან კარდაკარ სიარულით რომ გაეყიდა რაიმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს ან/და დაკორექტირდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა, მოხდეს მისი ჩართულობა შემოწმების დროს, აუდიტორებმა საფუძვლიანად შეისწავლონ მეწარმის მიერ წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, შეცვალონ დარიცხვისთვის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, შეცვალონ დაუსაბუთებელი 40%-იანი ფასნამატი და მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №18574/2/2022 გადაწყვეტილებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ წარდგენილი პროგრამის შესწავლის შედეგად დაბეგვრის ობიექტის დადგენა ვერ მოხერხდა. საქონლის შეძენა/რეალიზაცია/ჩამოწერა სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით არ არის აღრიცხული. შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და 2022 წლის 2 მაისს ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციაზე დაყრდნობით ვერ მოხერხდა საქონლის დაკავშირება სახეობებისა და რაოდენობების შესაბამისად. შედეგად, ფასნამატად აღებულ იქნა აუდირებული ფასნამატი ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე - 40%. დეკლარირებულ შემოსავალში გამოწერილ ზედნადებებს უჭირავს 0.03%. საბჭოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ პერიოდში მომჩივნის მიერ ფასნამატთან დაკავშირებული რაიმე ტიპის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ არის წარდგენილი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, ხოლო ცნობა, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არის მიწოდებული. საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი (3 000 ლარი).
გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 1 459 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 973 ლარი და ჯარიმა - 486 ლარი.
გადასახადის გადამხდელი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და სადავოდ ხდის კვლავ დარიცხვის საფუძველებს.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №18574/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3318 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №19065 ბრძანება და №007-200 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 234 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 8 დეკემბრის №30915 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.12.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №18574/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის დასკვნა, 18.04.2023 წლის №8452 ბრძანება და 19.04.2023 წლის №007-94 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 1 459 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 265 349 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(2"ა"), 304(1).