გადაწყვეტილება №103156/1/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№103156/1/2026
16 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 29.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №103156/1/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.03.2026 წლის №26514/2/2026 (რეგ. 11.03.2026 წელი; №03/17028) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 ივნისის №007-134 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 748 146.87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 957 629.24
დღგ - 868 577.32
საშემოსავლო გადასახადი - 89 051.92
ჯარიმა - 478 814.70
საურავი - 311 702.93
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოცხადებული ტენდერების მეშვეობით რეგიონების სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტირება. აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირების (ინდივიდუალური მეწარმეების) მეშვეობით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 მაისის №9026 და 21 ოქტომბრის №22997 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში („ორისი“) არასრულად (არასწორად) არის ასახული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მონაცემები. კერძოდ, თანხვედრაში არ არის პირველად საგადასახადო დოკუმენტაციასთან და მიღება-ჩაბარების აქტებთან. კომპანიის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების), საბანკო ამონაწერების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული ინფორმაციებითა და მიღება-ჩაბარების აქტებით დადგინდა საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელმაც შეადგინა 12 526 637 ლარი, რაც აღემატება დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- საწარმოს საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად გამოვლინდა დაქირავებულ თანამშრომლებზე დამატებით გაცემული ხელფასები, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გამოვლინდა გადახდები ისეთ მძღოლებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად, გადასახადის დაკავება ევალებოდა საწარმოს. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №24234 ბრძანება და №007-287 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 646 995.24 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 10 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 8 იანვრის №21 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №21 ბრძანება 26.01.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 6.03.2026 წლის №26514/2/2026 (რეგ. 11.03.2026 წელი; №03/17028) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (საგადახდო დავალება) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს 6.03.2026 წლის №26514/2/2026 (რეგ. 11.03.2026 წელი; №03/17028) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2026 წლის დასკვნა, 4.06.2026 წლის №12267 ბრძანება და №007-134 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტით (შედგენის თარიღი: 30.10.2025 წელი) გამოვლენილ ერთ-ერთ საკითხს, რომელიც შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით ექვემდებარებოდა დარიცხვა/სანქცირებას, წარმოადგენდა საშემოსავლო გადასახადი (გამოვლინდა დაქირავებულ თანამშრომლებზე დამატებით გაცემული ხელფასები, რომელიც საწარმოს არ ქონდა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი - 5 981 ლარი და ჯარიმა - 3 166 ლარი).
აუდიტის დეპარტამენტმა არასწორი კვალიფიკაცია მისცა კომპანიის მიერ საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებს და შეაფასა როგორც ხელფასი. მითითებული თანხები წარმოადგენდა საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებს და არა დამატებით ხელფასებს, რომლითაც უნდა მომხდარიყო სამეურნეო საქონლის შესყიდვა, ხოლო ნაწილი უკან უნდა დაბრუნებულიყო. დასაქმებული პირების მიერ შეძენილი იქნა გარკვეული საქონელი დოკუმენტაციით, ხოლო თანხის ნაწილი დაბრუნებული იქნა. აღნიშნულის დამადასტურებელი საგადასახადო დავალება - 29 907.40 ლარის გადახდის ქვითარი მომჩივანმა განხილვის დღეს წარადგინა შემოსავლების სამსახურში, თუმცა მათ მიერ არ იქნა გათვალისწინებული ეს გარემოება და არ მომხდარა პირის ვალდებულების შემცირება. დავების განხილვის საბჭოს მიერ გაზიარებული იქნა კომპანიის პოზიცია და აუდიტის დეპარტამენტს დაავალა შეისწავლოს/შეაფასოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი (საგადახდო დავალება) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ფორმალურად მოახდინა დოკუმენტის შესწავლა და ყოველგვარი არგუმენტაციის და საფუძვლის გარეშე უცვლელად დატოვა დარიცხული ვალდებულება. გაურკვეველია რატომ ხდება კომპანიაში დაბრუნებულ თანხაზე საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა და რაზე დაყრდნობით მიიჩნია აუდიტის დეპარტამენტმა, რომ აღნიშნული თანხები არ წარმოადგენდა საქვეანგარიშო თანხებს. ამასთან, რატომ არ შეაფასა მომჩივნის ქმედება შეიძლება თუ არა გამხდარიყო საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირობის გამოყენების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა არამართლზომიერად, არასრულად მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და მხოლოდ ფორმალურად მოახდინა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 6.03.2026 წლის №26514/2/2026 (რეგ. 11.03.2026 წელი; №03/17028) გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი (საგადახდო დავალება) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2025 წლის 18 დეკემბრის (შესამოწმებელი პერიოდის მერე თარიღი) ბანკის საგადახდო დავალება დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, მომჩივანმა გასაუბრებისას განაცხადა, რომ დაბრუნებულია საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა. შემოწმების აქტში საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგრილია ფიზიკური პირების (მძღოლების) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხები და გაცემული ხელფასები, რომლებიც გადახდილია თანამშრომლებზე, ხოლო საქვეანგარშოდ გატანილი თანხის დაბეგვრა არ მომხდარა, რადგან შესამოწმებელ პერიოდშივე დაბრუნებულია უკან იმავე რაოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალება ვერ იქნება შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი/მტკიცებულება, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა დავის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.
რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას, აღნიშნულ ნაწილში დავების განხილვის საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის აღსასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 6.03.2026 წლის №26514/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.03.2026 წლის №26514/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადაანგარიშების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2025 წლის 18 დეკემბრის (შესამოწმებელი პერიოდის მერე თარიღი) ბანკის საგადახდო დავალება დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანასთან დაკავშირებით. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, მომჩივანმა გასაუბრებისას განაცხადა, რომ დაბრუნებულია საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა. შემოწმების აქტში საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო ორგანოს მიერ დაბეგრილია ფიზიკური პირების (მძღოლების) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხები და გაცემული ხელფასები, რომლებიც გადახდილია თანამშრომლებზე, ხოლო საქვეანგარშოდ გატანილი თანხის დაბეგვრა არ მომხდარა, რადგან შესამოწმებელ პერიოდშივე დაბრუნებულია უკან იმავე რაოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალება ვერ იქნება შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტი/მტკიცებულება, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებას, აღნიშნულ ნაწილში დავების განხილვის საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის აღსასრულებლად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 6.03.2026 წლის №26514/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 269(7)