ბრძანება N 21895
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21895
15 ოქტომბერი 2025
ბრძანება
ი/მ "---------" (ს/ნ "---------" )
(ფაქტ. მის.: "---------" )
2025 წლის 7 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 და 25 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები: №78, №81) განიხილა ი/მ "---------" -ის (ს/ნ "---------") 2025 წლის 7 აგვისტოს №97422/1/2025, საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №007-154 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებულ ფასნამატებს. აცხადებს, რომ მათი ობიექტი განთავსებულია ლილოს ბაზრობაზე და საქმიანობის სფეროს წარმოადგენს განათებებით ვაჭრობა. აცხადებს, რომ კონკურენციის იმ პირობებში, რა პირობებშიც უწევთ ბაზარზე ოპერირება 100 პროცენტიანი ფასნამატიც კი წარმოუდგენელია, არათუ ის ფანსამატის პროცენტი, რაც შემოწმებამ გადაანგარიშების შედეგად დაადგინა. მიუთითებს, რომ გადამხდელის მხრიდან არასწორი სააღრიცხვო პოლიტიკის და სასაქონლო კოდების ზედნადებებში რიგ შემთხვევებში არასწორად მინიჭებისა და შემმოწმებლის მიერ საკმაოდ მცირე რაოდენობით დაკავშირებული რეალიზებული და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამო, შემოწმების მიერ წლების მიხედვით დაანგარიშებული ფასნამატები აცდენილია რეალობას. გაუგებარია, შემოწმებამ რატომ არ იხელმძღვანელა მესამე პირების (აუდირებული) ფასნამატით. ანალოგიურ ტერიტორიაზე, ანალოგიური საქონლის რეალიზაციის ფასნამატი მერყეობს 40-დან 80 პროცენტამდე. ამასთან, შემოწმებით დადგენილი ფასნამატი ზოგიერთ პოზიციაზე 800%-ს სცდება, რაც სრულიად წარმოუდგენელია. მიუთითებს, რომ წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებების კავშირების ცხრილი, ითხოვს, შემმოწმებელს დაევალოს მათთან ერთად გავლა.
გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგად განსაზღვრულ ფასნამატს და გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის წლების მიხედვით გადანაწილების მეთოდს. ასევე, არ ეთანხმება მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად დარიცხვას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და განმარტავს, რომ იგი ვალდებული იყო 2024 წლის პერიოდში აღმოჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ეღიარებინა 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციით, ხოლო დღგ-ის ნაწილში კი გამოვლენის მომენტში, რაც აღარ გამოიწვევს საურავის დამატებით დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის №7176 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ "---------"-ის (ს/ნ "---------") 2024 წლის 4 აგვისტოს საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ "---------"-ის (ს/ნ "---------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის №7176 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 30 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდა ჯამში 12 042 ლარით, კერძოდ, გადასახადი 8 047 ლარით, ჯარიმა 3 995 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 8 ივლისის №007-154 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აპრილის N7176 ბრძანების საფუძველზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადანაწილდა სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე) და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) დამატებული ღირებულების და წლიური საშემოსავლო გადასახადების თანხები, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად დარიცხული ჯარიმები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ გადაიანგარიშა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადანაწილდა სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), ხოლო საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მხოლოდ საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "---------"- ის (ს/ნ "---------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებულ ფასნამატებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადანაწილდა სრულ პერიოდზე და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა დამატებული ღირებულების და წლიური საშემოსავლო გადასახადების თანხები, ასევე, სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად დარიცხული ჯარიმები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).