დირექტორზე საბაზროზე დაბალი პროცენტით გაცემული სესხის დაბეგვრა N 2640

2640 დირექტორზე საბაზროზე დაბალი პროცენტით გაცემული სესხის დაბეგვრა 02.03.2017
№ დოკუმენტი 2640
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დირექტორზე საბაზროზე დაბალი პროცენტით გაცემული სესხის დაბეგვრა N 2640

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X"-მა დირექტორზე 2017 წლის 1 იანვარს გასცა სესხი 100 000 ლარი 9%-იანი სარგებლით. დირექტორმა მიღებული სესხი დააბრუნა 2017 წლის 30 ნოემბერს, ასევე შპს X-ს გადაუხადა სესხზე დარიცხული პროცენტი 8 250 ლარის ოდენობით. შპს „X"-მა იანვრის საანგარიშო პერიოდზე წარმოადგინა მოგების გადასახადის დეკლარაცია და გაცემული სესხი - 100 000 ლარი დაბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, იმავე პერიოდში გადაიხადა მოგების გადასახადი 17 647 ლარის ოდენობით. ხოლო ნოემბრის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციით, დაბრუნებულ სესხის თანხაზე განახორციელა 17 647 ლარის მოგების გადასახადის ჩათვლა.

· შპს „X"-მა გადახდის წყაროსთან არ დააკავა საშემოსავლო გადასახადის თანხა.

შეფასება

· სსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, ხოლო სარგებლის ღირებულებად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით. ამასთან, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით. სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე.

· იმის გათვალისწინებით, რომ დირექტორი წარმოადგენს შპს „X"-ის დაქირავებულ პირს, სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №34 ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებულ თანხასა (18 333 ლარი) და მიღებულ სესხზე დარიცხულ პროცენტს (8 250 ლარი) შორის სხვაობა - 10 083 ლარი ითვლება ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და ექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, იანვარ-ნოემბრის საანგარიშო პერიოდებზე. ამასთან, მიუხედავად პირთა შორის ურთიერთდამოკიდებულების არსებობისა, ვინაიდან ზემოაღნიშნული სხვაობა დაკვალიფიცირებულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად, შემდგომ გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება და არ იბეგრება მოგების გადასახადით, სსკ-ის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად.

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ მოიცავს შპს „X“-ის მიერ გაცემული სესხის ძირითადი თანხის გაცემისა და მისი დაბრუნების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხის შეფასებას