ბრძანება N 3643

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.02.2025
№ დოკუმენტი 3643
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3643

28 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,---ის” (ს/ნ ---)

(მის.: ქ. ---) 2025 წლის 13 იანვრის

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვარს და 14 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები №5 და №14) განიხილა შპს ,,----ის“ (ს/ნ ---) №93640/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №006-598 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების გადასახადს, კერძოდ, მიწის ღირებულების ქონების ღირებულებაში ჩართვას (მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-7 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე) და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე, საქმის ზეპირი განხილვის დროს მომჩივანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული შენობა/ნაგებობა წარმოადგენს ძირითად საშუალებას, არ არის საინვესტიციო ქონება. განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებულია 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განხორციელებულია როგორც 2023 წლის, ასევე 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. მიუთითებს, რომ დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე, ვინაიდან შეფასებით დასაბეგრი ქონების ღირებულება განსაზღვრულია 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება 2022 წელს ბაზარზე არსებული ღირებულებისგან. ამასთან, 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების სტატუსი იყო მშენებარე, აღნიშნული პერიოდისთვის განხორციელდა სასტუმროს ოთახების დამატება და მნიშვნელოვანი სახეცვლილება. აცხადებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით არსებული შენობის შეფასება არ უნდა იქნას გამოყენებული 2022 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრისთვის. ითხოვს, არგუმენტაციის გათვალისწინებას და კუთვნილი გადასახადის ხელახლა გადაანგარიშებას.

არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული საურავის ოდენობას და მიუთითებს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობების დაცვით, დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასსა და დადგენილი წესით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობაზე ქონების გადასახადის ძირითადი თანხის დარიცხვის შემთხვევაში პირს აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30- ე დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაკისრებული საურავის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 11 ივლისის №16456 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,---ის” (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №27724 ბრძანება და №006-598 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 188 086 ლარი, მათ შორის, გადასახადი 160 678 ლარი, ჯარიმა 1 133 ლარი და საურავი 26 275 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ----, მიწის ნაკვეთი - არასასოფლოსამეურნეო, ფართობი - 301 კვ.მ; შენობა-ნაგებობა - 1 683.2 კვ.მ.) იჯარით გაცემა. კომპანია აღნიშნულ ქონებას იჯარით გასცემს ურთიერთდამოკიდებულ პირზე, შპს "----ს"-ზე (ს/ნ ---), რომელიც თავის მხრივ ფართს იყენებს სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების მისაწოდებლად. ქონების გადასახადთან მიმართებაში აღსანიშნავია შემდეგი: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, შპს “----ს“ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა (სასტუმრო-რესტორანი) აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით: მიწა - 9 130 ლარი და შენობა-ნაგებობა - 1 035 635 ლარი. ჩვენს მიერ მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნული უძრავი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება არსებითად განსხვავებული იყო მისი საბაზრო ღირებულებისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, გადამხდელს მოეთხოვა ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული, 2024 წლის 24 დეკემბრით დათარიღებული, №--- დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, №--- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენს 6 142 590 ლარს (გადამხდელის მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვის შესაბამისად, მთლიანი ღირებულებაში, 301 კვ.მ მიწის ღირებულება შეადგენს 2 801 021 ლარს, ხოლო 1 683,2 კვ.მ შენობა-ნაგებობის ღირებულება შეადგენს 3 341 569 ლარს).

ასევე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მიწის ნაკვეთი (301 კვ.მ) სრულად არის ათვისებული, ანუ სრულ ფართობზე არის დამაგრებული შენობა-ნაგებობა და შესაბამისად, ვაკანტური ადგილი არ გააჩნია. შესაბამისად, მთლიანი უძრავი ქონება ემსახურება საიჯარო შემოსავლების მიღებას და ყოველწლიურად კაპიტალის ღირებულების ზრდას.

შემოწმება მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლზე, ასევე აღნიშნავს, რომ საინვესტიციო ქონების აღრიცხვის მეთოდებისა და მოთხოვნების ფინანსურ ანგარიშგებას განსაზღვრავს ბასს 40 სტანდარტი. კერძოდ, როგორ უნდა აღირიცხოს და შეფასდეს საინვესტიციო ქონება, რომელთა მთავარი მიზანია შემოსავლის მიღება ან ძირითადი აქტივის ღირებულების ზრდა.

ბასს 40-ის მიხედვით, "საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობები ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან კაპიტალის ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით". ამავე სტანდარტის მე-40 ნაწილით საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულების შესაფასებლად გამოიყენება ფასს 13 სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, საწარმო, როცა სამართლიან ღირებულებას აფასებს, აქტივის ან ვალდებულების მახასიათებლები მხედველობაში უნდა მიიღოს იმგვარად, როგორც ამ მახასიათებლებს გაითვალისწინებდნენ ბაზრის მონაწილეები, შეფასების თარიღისთვის აქტივის ან ვალდებულების ფასის დადგენისას.

ამგვარ მახასიათებლებს კი განეკუთვნება, მაგალითად:

ა) აქტივის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა. ხოლო მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტით: როდესაც შეფასება ეხება უძრავ ქონებას და გაუმჯობესებული ქონების (ე.ი. აქტივების ჯგუფის) სამართლიანი ღირებულება ნაწილდება მის შემადგენელ აქტივებზე (როგორიცაა მიწა და კეთილმოწყობის ელემენტები).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მიწა განიხილება საინვესტიციო ქონებად და იგი არ უნდა გამოირიცხოს სხვა აქტივებისაგან".

შედეგად, შემოწმების მიერ საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება განხილულ იქნა საინვესტიციო ქონებად, ნაცვლად ძირითადი საშუალებისა. გამომდინარე აქედან, ქონების გადასახადის მიზნებისათვის აღებულ იქნა ექსპერტიზით დადგენილი მთლიანი საბაზრო ღირებულება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე და 205-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი პერიოდების მიხედვით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.

ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლი 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. 3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი-მესამე ნაწილების თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

ამავე ინსტრუქციის 921 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობების დაცვით, დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასსა და დადგენილი წესით განსაზღვრულ საბალანსო ღირებულებას შორის სხვაობაზე ქონების გადასახადის ძირითადი თანხის დარიცხვის შემთხვევაში:

ა) დარიცხული ქონების გადასახადის ძირითადი თანხა პირისათვის გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირს აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან;

გ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40-ის მე-5 ნაწილის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობები ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან კაპიტალის ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით. მე-40 ნაწილის თანახმად, როდესაც საწარმო აფასებს საინვესტიციო ქონების რეალურ ღირებულებას ფასს 13-ის შესაბამისად, მან უნდა უზრუნველყოს იმის გარანტია, რომ რეალური ღირებულება, სხვასთან ერთად, ასახავდეს მიმდინარე (მოქმედი) საიჯარო ხელშეკრულებების საიჯარო შემოსავლებს და სხვა დაშვებებს, რომლებსაც ბაზრის მონაწილეები გამოიყენებდნენ საინვესტიციო ქონების ფასის დასადგენად მიმდინარე საბაზრო პირობების შესაბამისად.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 13-ის მე-11 ნაწილის თანახმად, რეალური ღირებულების შეფასება ხორციელდება კონკრეტული აქტივის, ან ვალდებულებისთვის. მაშასადამე, როდესაც საწარმო რეალურ ღირებულებას აფასებს, მან აქტივის ან ვალდებულების მახასიათებლები მხედველობაში უნდა მიიღოს იმგვარად, როგორც ამ მახასიათებლებს გაითვალისწინებდნენ ბაზრის მონაწილეები შეფასების თარიღისთვის აქტივის ან ვალდებულების ფასის დადგენისას.

ამგვარ მახასიათებლებს განეკუთვნება: ა) აქტივის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა. ამავე სტანდარტის დანართი „ბ“-ს მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, როდესაც საწარმო აქტივს იყენებს აქტივების ჯგუფის ფარგლებში, საწარმომ იშვიათ სიტუაციებში, შეიძლება აქტივი შეაფასოს ისეთი თანხით, რომელიც მიახლოებით უტოლდება მის რეალურ ღირებულებას, როდესაც აქტივების ჯგუფის რეალურ ღირებულებას ანაწილებს ჯგუფის შემადგენლობაში მყოფ ინდივიდუალურ აქტივებზე. მაგალითად, როდესაც შეფასება ეხება უძრავ ქონებას და გაუმჯობესებული ქონების (ე.ი. აქტივების ჯგუფის) რეალური ღირებულება ნაწილდება მის შემადგენელ აქტივებზე (როგორიცაა მიწა და კეთილმოწყობის ელემენტები).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ---, მიწის ნაკვეთი - არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი - 301 კვ.მ; შენობა-ნაგებობა - 1 683.2 კვ.მ.) იჯარით გაცემა ურთიერთდამოკიდებულ პირზე, შპს "----'', რომელიც თავის მხრივ ფართს იყენებს სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების მისაწოდებლად. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, შპს “---ს“ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა (სასტუმრო-რესტორანი) აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით: მიწა - 9 130 ლარი და შენობა-ნაგებობა - 1 035 635 ლარი. ვინაიდან, უძრავი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება არსებითად განსხვავებული იყო მისი საბაზრო ღირებულებისაგან, გადამხდელს მოეთხოვა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა. კომპანიის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით, ს/კ --- რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, შეადგენს 6 142 590 ლარს (301 კვ.მ მიწის ღირებულება შეადგენს 2 801 021 ლარს, ხოლო 1 683,2 კვმ შენობა-ნაგებობის ღირებულება შეადგენს 3 341 569 ლარს). ამასთან, მიწის ნაკვეთი (301 კვ.მ) სრულად არის ათვისებული ანუ სრულ ფართობზე არის დამაგრებული შენობა-ნაგებობა და შესაბამისად, ვაკანტური ადგილი არ გააჩნია. შესაბამისად, მთლიანი უძრავი ქონება ემსახურება საიჯარო შემოსავლების მიღებას და ყოველწლიურად კაპიტალის ღირებულების ზრდას. შემოწმებით, საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება განხილულ იქნა საინვესტიციო ქონებად, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ „მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაბეგვრა ქონების გადასახადით“ №1433 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე და აღნიშნავს, რომ მოცემული სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება საინვესტიციო ქონებაზე და არ არეგულირებს ბასს 40 სტანდარტის მოთხოვნებს.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა იჯარით არის გაცემული, გამოყენებულია საიჯარო შემოსავლების მიღებისა და ყოველწლიურად კაპიტალის ღირებულების ზრდის მიზნით, ამასთან მიწის ნაკვეთი (301 კვ.მ) სრულად არის ათვისებული, სრულ ფართობზე არის დამაგრებული შენობა-ნაგებობა. აღნიშნული გარემოებების, საკანონმდებლო ნორმების, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40-ის და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 13-ის, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაბეგვრა ქონების გადასახადით“ №1433 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მართლზომიერად მიაჩნია საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ----) საინვესტიციო ქონებად განხილვა და შესაბამისი ქონების გადასახადის დარიცხვა.

ხოლო, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ექსპერტიზის დასკვნით ქონების საბაზრო ღირებულების 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განსაზღვრასთან და აღნიშნული ღირებულების 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენის განმარტებაზე, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით №---- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება შეფასებულია 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით და შეადგენს 6 142 590 ლარს.

ამდენად, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, დასაბეგრი ქონების ღირებულება განესაზღვრა საბაზრო ფასით. ამასთან, საგადასახადო მოთხოვნაში ფიქსირდება 26 275 ლარის საურავის დარიცხვა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საურავის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,----ის“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საურავის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების გადასახადს, კერძოდ, მიწის ღირებულების ქონების ღირებულებაში ჩართვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე, საქმის ზეპირი განხილვის დროს მომჩივანმა აღნიშნა, რომ აღნიშნული შენობა/ნაგებობა წარმოადგენს ძირითად საშუალებას, არ არის საინვესტიციო ქონება.

2.არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული საურავის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა ურთიერთდამოკიდებულ პირზე, რომელიც თავის მხრივ ფართს იყენებს სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების მისაწოდებლად. გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა (სასტუმრო-რესტორანი) აღრიცხულია საბალანსო ღირებულებით: მიწა - 9 130 ლარი და შენობა-ნაგებობა - 1 035 635 ლარი. ვინაიდან, უძრავი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება არსებითად განსხვავებული იყო მისი საბაზრო ღირებულებისაგან, გადამხდელს მოეთხოვა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა. კომპანიის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით, რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი საბაზრო ღირებულება, 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, შეადგენს 6 142 590 ლარს (301 კვ.მ მიწის ღირებულება შეადგენს 2 801 021 ლარს, ხოლო 1 683,2 კვმ შენობა-ნაგებობის ღირებულება შეადგენს 3 341 569 ლარს). ამასთან, მიწის ნაკვეთი (301 კვ.მ) სრულად არის ათვისებული ანუ სრულ ფართობზე არის დამაგრებული შენობა-ნაგებობა და შესაბამისად, ვაკანტური ადგილი არ გააჩნია. შესაბამისად, მთლიანი უძრავი ქონება ემსახურება საიჯარო შემოსავლების მიღებას და ყოველწლიურად კაპიტალის ღირებულების ზრდას. შემოწმებით, საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება განხილულ იქნა საინვესტიციო ქონებად, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მე-2 სადავო საკითხის ნაწილში. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საურავის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 205.