გადაწყვეტილება №26582/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.03.2026
№ დოკუმენტი 26582/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26582/2/2026

09 მარტი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ის“ 4.02.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26582/2/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტი 27.10.2025 წლის №002-153 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №13 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 65 142,38 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 37 450,94

ჯარიმა - 18 725,50

საურავი - 8 965,94

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა სანტექნიკით ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 8.04.2021 წელს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.04.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის თემატური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის აპრილის, 2024 წლის აპრილის, მაისის, 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 8.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანია 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციით არ ჰქონდა დაბეგრილი ეა- №-- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, შპს „----ზე“ (ს/ნ ------) მიწოდებული მომსახურება (117 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით). კომპანიას ზემოთ აღნიშნულ თვეში დეკლარირებული ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვა 0 ლარი. დღგ-ით დამატებით დაიბეგრა ჯამურად 99 153 ლარი. ასევე, კომპანიამ 2023 წლის აპრილის თვეში დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგრა ეა --№--- ანგარიშ-ფაქტურით ვაკუუმ აპარატის მიწოდება, რომელიც წარმოადგენდა 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას, დასარიცხმა დღგ-მა აღნიშნული ოპერაციიდან შეადგინა 3 052 ლარი.

2024 წლის აპრილის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია ადგილობრივი ჩასათვლელი ოპერაციები 10 758 ლარის ოდენობით. ამ პერიოდში ი/მ ---ის (ს/ნ -----) მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ავ-- №--- სწორად ჩაითვალა 10 678 ლარი. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშ-ფაქტურა მომსახურების გამწევმა განაშთა 2024 წლის მაისის თვეში ანგარიშ-ფაქტურით ეა- №--. საწარმომ 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის ჩათვლებს არ გამოაკლო წინა საანგარიშო თვეში ავანსის ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი თანხა 10 678 ლარი. შესაბამისად, 2024 წლის მაისის თვის ჩასათვლელ თანხებს დააკლდა 10 678 ლარი.

კომპანიას 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში შპს ,,---ის“ (ს/ნ -----) მიერ გამოწერილი ავ-- №-- და ავ-- №-- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ჯამში 5 857 ლარი, სწორად ჰქონდა ჩათვლილი. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშ-ფაქტურები მომსახურების გამწევმა განაშთა 2025 წლის მარტის თვეში, ანგარიშ-ფაქტურით ეა- №----. შესაბამისად, 2025 წლის მარტის თვის ჩასათვლელ თანხას დააკლდა 5 857 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე 27.10.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23596 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №002-153 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.01.2026 წლის №13 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კონკრეტული ჩარიცხული თანხის შესახებ არ გააჩნდათ ინფორმაცია და გვიან მიიღეს ამონაწერი ვისაც გამოეწერა ფაქტურა არც ის არ ადასტურებდა დროულად ვინაიდან არ იყო ჩამოყალიბებული. აღნიშნული ვითარება გამოწვეული იყო არა იურიდიული ან ფინანსური ვალდებულებების თავიდან აცილების მცდელობით, არამედ ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდებით.

დასკვნაში მითითებულია, რომ ავანსი ორჯერაა ჩათვლილი. აღნიშნული გარემოება მოხდა ტექნიკური ხასიათის მიზეზით ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება და წარმოადგენს ბუღალტრულ შეცდომას, რაც შემდგომში გამოვლინდა და აღმოიფხვრა.

ვინაიდან მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა და დეკლარაციებში არის შეცდომა მომჩივანი ითხოვს შეღავათს და სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი განმარტავს, რომ ქმედება იყო უნებლიე ხასიათის, ის უნდა შეფასდეს როგორც არცოდნა/შეცდომა და აღნიშნულის გათვალისწინებით, სანქციებისგან გათავისუფლებას ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №17288 და №17339 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის აპრილის, 2024 წლის აპრილის, მაისის და 2025 წლის მარტის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა,რომ საწარმოს 2024 წლის აპრილის თვის დღგ-ის დეკლარაციით არ აქვს დაბეგრილი კომპანიაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიწოდებული მომსახურება, 117 000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით). საწარმოს ზემოთ აღნიშნულ თვეებში დეკლარირებული აქვს დასაბეგრი ბრუნა 0 ლარი. დღგ-ში დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა ჯამურად 99 153 ლარი. ასევე, კომპანიამ 2023 წლის აპრილის თვეში დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგრა ვაკუუმ აპარატის მიწოდება, რომელიც წარმოადგენდა 18%- ით დასაბეგრ ბრუნვას, დასარიცხი დღგ აღნიშნული ოპერაციიდან შეადგენს 3052 ლარს.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, 2024 წლის აპრილის თვეში მომჩივანის მიერ განხორციელებულია ადგილობრივი ჩასათვლელი ოპერაციები 10 758 ლარის ოდენობით. საწარმომ 2024 წლის აპრილის თვეში ი/მ-ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სწორად ჩაითვალა 10 678 ლარი. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშფაქტურა მომსახურეობის გამწევმა განაშთა 2024 წლის მაისის თვეში ანგარიშ-ფაქტურით. საწარმომ 2024 წლის მაისის საანგარიშო პერიოდის ჩათვლებს არ გააკლო წინა საანგარიშო თვეში ავანსის ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი თანხა 10 678 ლარი. შესაბამისად, 2024 წლის მაისის თვის ჩასათვლელ თანხებს დააკლდა 10 678 ლარი. ასევე, საწარმომ 2025 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში მომსახურე კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ჯამში 5 857 ლარი, სწორად განახორციელა დღგ-ის ჩაითვალა. შემდგომ პერიოდში ზემოთ აღნიშნული ჩათვლის ანგარიშ-ფაქტურები მომსახურეობის გამწევმა განაშთა 2025 წლის მარტის თვეში ანგარიშ-ფაქტურით . შესაბამისად, 2025 წლის მარტის თვის ჩასათვლელ თანხას დააკლდა 5 857 ლარი.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23596 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა №002-153 საგადასახადო მოთხოვნა.აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №13 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 275(2);