გადაწყვეტილება №19159/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19159/2/2023
04.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 20.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19159/2/2023).
დავის საგანი:
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №005-166 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3831 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 91 395,28 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 49 270
ჯარიმა - 24 573
საურავი - 17 552,28
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საკუთარი და იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა.
აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2022 წლის შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შპს „----------“ წარმოადგენს თიზის საწარმოს და შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოწერილი აქვს ანგარიშფაქტურები იჯარის მომსახურებაზე ასევე თიზის საწარმოებზე. საწარმოს შესამოწმებელი თვეების დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად აქვს დაბეგრილი გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მომსახურების ღირებულებები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საიჯარო და იურიდიული მომსახურებებისა და მცირე რაოდენობით სამეურნეო და საკანცელარიო საქონლის შეძენა. 2019 წლის ივლისისა და 2020 წლის აგვისტოს შესამოწმებელ თვეებში გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ჩათვლებს შორის, კერძოდ, 2019 წლის ივლისში არ არის გათვალისწინებული ჩათვლის კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო 2020 წლის აგვისტოს თვის მიღებული ანგარიშ-ფაქტურები არ არის გათვალისწინებული დღგ-ის ჩათვლის ნაწილში. შემოწმებამ მოახდინა გამოვლენილი სხვაობების კორექტირება.
გადამხდელის მიერ გამოწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების დანართში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული №2521 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის №005-166 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3831 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 291-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებას დაქვემდებარებულ პერიოდზე პასუხისმგებელი ბუღალტერი ამჟამად აღარ მუშაობს კომპანიაში და კომპანიის დღეის მდგომარეობით წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს არ აქვთ ინფორმაცია, როგორ და რა პრინციპით მოხდა დეკლარაციების გადაგზავნა საწარმოს მიერ. სავარაუდოდ კომპანიის ბუღალტრის მხრიდან ადგილი ქონდა შეცდომას (არცოდნას) ანდა გამორჩენას და საზოგადოებას მიზნად არ ჰქონია გადასახადებისაგან თავის არიდება, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1.01.2019 წლიდან მოყოლებულ პერიოდზე კომპანიას დადეკლარირებული და გადახდილი აქვს ბიუჯეტში 724 926 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისგან გათავისუფლებას
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი თვეების დღგ-ის დეკლარაციებში არასრულად აქვს დაბეგრილი გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული მომსახურების ღირებულებები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა; ასევე გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ჩათვლებს შორის, შემოწმებამ მოახდინა გამოვლენილი სხვაობების კორექტირება; გადამხდელის მიერ გამოწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების დანართში. შესაბამისად, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 291; 275