გადაწყვეტილება №23817/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23817/2/2024
6 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------- -ის “ 27.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23817/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანების აღსრულების შედეგი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №006-183 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17954 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 219 324 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 97 942
დღგ - 96 837
საშემოსავლო გადასახადი - 1 105
ჯარიმა - 51 041
საურავი - 70 341
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. მომჩივანსა და შპს„---------“-ს (ს/ნ „---------“) შორის 2017 წლის 2 ივნისს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომჩივანმა შეიძინა 1 412 კვ.მ. უძრავი ქონება მდებარე ქ. „---------“,„---------“-ს ქუჩა 12/10 მიმდებარედ (საკადასტრო კოდი „---------“). ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საფასური განისაზღვრა ერთ კვ.მ.-ზე 160 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 225 920 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა ორი კალენდარული წელი. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებასთან ერთად დარეგისტრირდა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ვალდებულება საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაციიდან არაუმეტეს 6 თვეში ნასყიდობის საგანზე ასაშენებელი შენობის 0 ნიშნულზე ამოყვანა.
აღნიშნულ პირებს შორის იმავე დღეს გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, რომლის მიხედვითაც გამყიდველმა მომჩივანმა აიღო ვალდებულება შპს „---------“-ს საკუთრებაში გადასცეს მის მიერ ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობაში ფართის 22,5% (გარდა ავტოფარეხების ფართისა). ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „---------“-ზე გადასაცემი ავტოფარეხების ფართი უნდა ყოფილიყო ავტოფარეხების საერთო ფართის 24%. მოცემული ნასყიდობის საფასური ერთ კვ.მ.-ზე განისაზღვრა 175 აშშ. დოლარით, ჯამში 287 927 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 26 ივნისს განხორციელდა საკუთრების (მიწის) რეგისტრაცია მომჩივანის სახელზე, სადაც ასევე პირობად განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების შესრულება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-14, მე-16, მე-18, 73- ე მუხლის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, განხორციელებული ოპერაცია განხილულ იქნა გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 15 მარტს განხორციელდა მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 646 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, მათ შორის გადამხდელის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების, ასევე ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად 2022 წლის 1 თებერვლისთვის სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 36 557 ლარს. შემოწმებით, აღნიშნული თანხა (აგროსილი 45 697 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33423 ბრძანება და №006-670 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ფულადი სახსრების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი, მ.შ. ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.07.2023 წლის №15632 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 წლის №20372/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია ოპერაციის მონაწილე მხარეებს შორის, მიწის სანაცვლოდ გადაცემული ფართების გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებულ ბარტერულ ოპერაციად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში ბარტერულ ოპერაციად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრის ნაწილში, გაუქმდა და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 50 186 ლარი, მათ შორის გადასახადი 33 457 ლარი და ჯარიმა 16 729 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 24.04.2024 წლის №006-183 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17954 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ, გრძელვადიან კონტრაქტად დაკვალიფიცირების დროს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა პროპორციულად, 2018 წელს ფართების მიწოდებასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, მომჩივანის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით გაანგარიშებულ შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ მხარეთა შორის პრაქტიკულად გარიგება დასრულდა 2017-2018 წლებში, ანუ უძრავი ქონების (მიწის) შეძენა მოხდა 2017 წლის ივნისის თვეში, ხოლო 2018 წლის ივნისში მოხდა შპს„---------“ -ზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში, აშენებული ფართების მიწოდება, რაზეც შესაბამის პერიოდში გამოწერილ იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და დაბეგრილ იქნა სრულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არც ყოფილა გრძელვადიანი კონტრაქტი, მაგრამ მაინც რომც ჩაითვალოს ასეთად, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები სრულად დასრულდა 2017-2018 წლებში. 2017 წელს მომჩივანს არ უფიქსირდებოდა არანაირი შემოსავალი ან/და ხარჯი, ხოლო 2018 წელში კონტრაქტი დასრულებულია, მაშასადამე 2017 წელში გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით (ნულოვანი ხარჯის გამო) დასაბეგრი ბაზა არ არსებობს, ხოლო 2018 წელში კონტრაქტი დასრულდა. მაშასადამე, დღგით დასაბეგრი ბაზა შეადგენს 287 927 აშშ დოლარს, შემმოწმებლების მხრიდან აღნიშნული დასაბეგრი ბაზა არასდროს გამხდარა სადავო, მითუმეტეს ბიუჯეტს ზიანი არ მიდგომია, ვინაიდან ორივე კომპანია წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს და ერთი თუ დაარიცხავდა მეორე ჩაითვლიდა. ამასთან ორივე კომპანია წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ე.წ. ესტონური მოდელით მოგების გადასახადის გადამხდელ კომპანიას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღგ-ის ნაწილში თანხების დარიცხვა არ არის სამართლიანი, აქედან გამომდინარე, მოითხოვს არასწორად დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გრძელვადიან კონტრაქტად დაკვალიფიცირების დროს 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაანგარიშებული დასაბეგრი ბრუნვა დაკორექტირდა (შემცირდა) პროპორციულად, 2018 წელს ფართების მიწოდებასთან დაკავშირებით, საწარმოს მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე,მომჩივანის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმებით გაანგარიშებულ შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის სხვაობით. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა სულ 50 186 ლარი, მათ შორის გადასახადი 33 457 ლარი და ჯარიმა 16 729 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანის მიიჩნევს,რომ დღგ-ის ნაწილში თანხების დარიცხვა არ არის სამართლიანი, აქედან გამომდინარე, ითხოვს არასწორად დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების გათვალისწინებით, მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციის გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში (2018 წელი) ფართების მიწოდების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგრილი თანხა და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს შემოწმებით დადგენილი 2019-2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 50 186 ლარი, მათ შორის გადასახადი 33 457 ლარი და ჯარიმა 16 729 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 24.04.2024 წლის №006-183 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.08.2024 წლის №17954 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6518 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21)