გადაწყვეტილება №21809/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21809/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21809/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-----"(ს/ნ "-----")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-----"-ის 7.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21809/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №002-245 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29501 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 42 672.08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 18 945

დღგ - 17 129

საშემოსავლო გადასახადი - 1 816

ჯარიმა - 9 170

საურავი - 14 557.08

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 21.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები, რომლებიც არასრულად არის დაბეგრილი.

2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია 3 ფართი. მათ შორის 2 კომერციული ფართი (საკ. კოდი "--------" და "-------") და 1 დამხმარე ფართი (საკ. კოდი: "-------"). დამხმარე ფართი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით არ არის დაბეგრილი. ასევე შემოწმებით სხვაობა გამოვლინდა 2021 წლის ივნისის თვეში. კერძოდ, რეალიზებული ავტოფარეხი (საკ. კოდი: "-------") არ არის დაბეგრილი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 95 163 ლარით. შედეგად მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად დაანგარიშდა აღნიშნული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი და დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 9 085 ლარი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, 2019 წლის საგადასახადო პერიოდში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.12.2022 წლის №32496 ბრძანება და ამავე თარიღის №002- 244 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 11.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 16.11.2023 წლის №20363/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანება; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, სადავო საკითხებიდან მე-2 ეპიზოდის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

დასკვნის საფუძველზე გამოიცა 12.10.2023 წლის №25437 ბრძანება და 13.10.2023 წლის №002-245 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 7.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29501 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29501 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მის საჩივრის დანართად დამატებით წარდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ, უძრავი ქონების საფასურის მყიდველისთვის უკან დაბრუნებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი. საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პერიოდში შემმოწმებელი არაერთხელ დაუკავშირდა და ითხოვა გარკვეულ საკითხებზე წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა, პირველად ახსნა-განმარტება წერილობით წარადგინა 2022 წლის აგვისტოში, რომელშიც განმარტა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის მიზანი, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია მიზნად ისახავდა სამშენებლო ბიზნესში საქმიანობას, კერძოდ, რეგისტრაციის შემდეგ ქალაქ "-------"-ში , "-------"-სა და "-------"-ს ქუჩებზე მომჩივანის დაფინანსებით აშენდა საცხოვრებელი კორპუსები, რომელთა დასრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელმა საზღაურად მიიღო აშენებულ სახლში ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომები. მომჩივანი მას შემდეგ მშენებლობას აღარ ახორციელებდა და არც სხვა ბიზნეს საქმიანობისთვის გამოუყენებია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი. ამ ეტაპზე მომჩივანის მიერ აშენებულ კორპუსებში მას დარჩენილი აქვს გასაყიდად ფართები, რის რეალიზაციასაც ის ახდენს პერიოდულად მყიდველის მოძიებისთანავე. აღნიშნულ ახსნაგანმარტებაში მითითებული იყო, რომ არც ამჟამად და არც მომავალში მომჩივანი არ აპირებდა საქმიანობის გაგრძელებას, გარდა გასაყიდად დარჩენილი ფართების რეალიზაციისა.

შემდგომი წერილობითი ახსნა-განმარტება აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მოთხოვნით გაიგზავნა 2022 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში, საგადასახადო ორგანოს აინტერესებდა კონკრეტული საკითხები, მათ შორის საკითხი უშუალოდ შეეხებოდა იმ უძრავი ქონებების რეალიზაციას, რომლისგან გამომდინარეც უსაფუძვლოდ დაერიცხა დამატებით გადასახადი. მიუხედავად წარდგენილი წერილობითი პოზიციებისა, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა წარდგენილი ინფორმაცია და არგუმენტაცია, რის გამოც უსაფუძვლოდ დაერიცხა გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანებით დაევალა 15 კალენდარულ დღეში წარედგინა დამატებითი მასალები აუდიტის დეპარტამენტისთვის, აღნიშნულ ბრძანებას ელექტრონულად გაეცნო 12.07.2023 წელს, ხოლო იმავე წლის 24 ივლისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა №------- განცხადება დანართ მასალებთან ერთად, სულ 129 ფურცლად. დამატებით 25.07.2023 წელს №"--------" განცხადებით წარადგინა DVD დისკი. მასალებს დაურთო წერილობითი ახსნა-განმარტება, რომ უფრო ნათელი გამხდარიყო საკითხი, თუმცა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით (სააღრიცხვო №1030/53) შემმოწმებელმა აცნობა, რომ თურმე გარდა 25.07.2023 წელს წარდგენილი ერთი CD დისკისა სხვა მასალა წარდგენილი არ ყოფილა და იმავე აქტში დასძინა, რომ ვინაიდან 12.07.2023 წელს გაეცნო ბრძანებას, 25 ივლისს დისკის წარდგენის გამო ვერ დაიცვა დადგენილი 15 კალენდარულ დღიანი ვადა, რის გამოც არ მიაჩნია შესრულებულად ნაკისრი დავალება და დარიცხული გადასახადი დატოვა ძალაში, რის საფუძველზეც გამოიცა გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა და გამოიცა შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29501 ბრძანება, რომლითაც საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემმოწმებელს არ შეუსწავლია და არ უნახავს წარდგენილი ფიზიკურ პირისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, 11.01.2023 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე თანდართული 2019 წლის აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი. გარდა იმისა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ზემოაღნიშნული ფაქტები არ გამოიკვლია, აღნიშნულის საფუძველზე 13.10.2023 წლის საგადასახადო მოთხოვნით კვლავ უსაფუძვლოდ დაერიცხა გადასახადი.

უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: "------" (მდებარე ქ. "------"-ში , "------"-ს ქუჩა №5, ბინა 119) - წარმოადგენდა ინდივიდუალური მეწარმე მომჩივანი საკუთრებას, რომელიც მის საკუთრებაში აღირიცხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.05.2013 წლის გადაწყვეტილებით. აღნიშნულ უძრავი ქონებაზე 25.12.2013 წელს ფიზიკურ პირთან (პ/ნ "------") გაფორმდა უძრავი ნივთის წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც უძრავი ქონება დარჩა მომჩივანის საკუთრებაში და უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ვალდებულება ფიზიკური პირის, როგორც მომავალი მესაკუთრის სასარგებლოდ. უძრავი ქონების ღირებულებამ ლარებში შეადგინა 57 744 ლარი. დარეგისტრირებისას ფიზიკური პირი N1-ს უძრავი ქონება გადაეცა პირდაპირ მფლობელობაში და ცხოვრობდა შიგნით თავის ოჯახის წევრებთან ერთად, რაც დასტურდება სასამართლო გადაწყვეტილებითაც.

25.12.2013 წლის წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე მყიდველმა გამყიდველს მომჩივანს გადაუხადა წინასწარ 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 17 167 ლარი, ხოლო დარჩენილი 22 900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მყიდველს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით - 2014 წლის თებერვლიდან 2019 წლის იანვრამდე ვადით ყოველთვიურად, თანაბარწილად უნდა გადაეხადა 581.51 აშშ დოლარი, რაც მოიცავდა როგორც ძირითად თანხას, ასევე სარგებელს. 28.02.2014 წლიდან 3.07.2015 წლამდე მყიდველმა დამატებით გადაიხადა 2 300 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 4 422 ლარი. ჯამში გადახდილი ჰქონდა 21 589 ლარი.

24.02.2014 წელს ცვლილება შევიდა 25.12.2013 წლის წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებაში და უძრავი ქონების მომავალ მესაკუთრედ ფიზიკური პირის N1-ის ნაცვლად აღირიცხა ფიზიკური პირი N2 (პ/ნ "-------"). როგორც ვიცით ფიზიკური პირი N2 გახლავთ ფიზიკური პირი N1-ის დისშვილი და მისით ჩაგელიშვილის მომავალ მესაკუთრედ ჩანაცვლება განაპირობა ფიზიკური პირი N1-ის ოჯახურმა პრობლემებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლე არ მიდავებოდა უძრავი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით.

2016 წელს აღნიშნულ უძრავ ქონებას შეეცვალა საკადასტრო კოდი და გახდა "------" შიდა აუდირებისას 2017 წელს აღმოაჩინა, რომ ფიზიკური პირი N1-სთვის უძრავი ქონების მიწოდების დროს (ის ფაქტი, რომ მიწოდება განხორციელდა და მყიდველი ფლობდა სადავო უძრავ ქონებას, დასტურდება სასამართლოს გადაწყვეტილებითაც, რომელიც თან ერთვის წინამდებარე საჩივარს) ოპერაცია არ იყო დაბეგრილი, რის გამოც 2017 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციით დაბეგრა აღნიშნული ოპერაცია დღგ-ით 57 744 ლარის ფარგლებში. 2017 წელს გარდა აღნიშნული უძრავი ქონებისა დაიბეგრა სხვა უძრავი ქონებების მიწოდებები, ასევე მათ შორის იყო ორ უძრავ ქონებაზე გადახდილი ავანსიც. ჯამში დეკლარაციით განსაზღვრულმა თანხამ შეადგინა 271 669.35 ლარი, რომლის გადათვლაც თავისუფლად არის შესაძლებელი წარდგენილი საბანკო ამონაწერებით. აქვე წარმოადგენს საბუღალტრო ჩანაწერებს ექსელის სახით, სადაც ასევე სრულად არის ასახული ის ინფორმაცია, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით იქნა შედგენილი 2017 წლის დეკემბრის დეკლარაცია. 2017 წლის დეკემბერში დაბეგრილია იმ უძრავი ქონებების მიწოდებაც, რომელთა დადეკლარირებაც გამორჩა 2013-2015 წლებში და დაადეკლარირა სხვა ქონებებთან ერთად 2017 წლის დეკემბერში, რის დასტურადაც საჩივარს ერთვის ხელშეკრულებები.

იქედან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირი N2-მა არ გადაიხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ბინის დარჩენილი ღირებულება 25.04.2017 წელს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით და ითხოვეს ხელშეკრულებიდან გასვლა, პირგასამტეხლოების დაკისრება და უძრავი ქონების ამონაწერშიფიზიკური პირი N2-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმება და ფიზიკური პირი N2-ის, ფიზიკური პირი N1-ის და სხვათა გამოსახლება უძრავი ქონებიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა და გაუქმდა საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერი, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მხარეები მორიგდნენ და ფიზიკური პირი N2-მ ნებაყოფლობით გააუქმა თავის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულება 22.08.2019 წელს, ხოლო ინდივიდუალურმა მეწარმემ მომჩივანმა 23.08.2019 წელს ფიზიკური პირი N2-ს უკან დაუბრუნა გადახდილი ნასყიდობის ღირებულებიდან 7 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 21 708 ლარი, 7.10.2019 წელს დამატებით დაუბრუნა 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 294 ლარი, რომელიც გადაეცა ფიზიკური პირი N2-ის წარმომადგენელს და დეიდას,ფიზიკური პირი N1-ის , რომელიც რეალურად ცხოვრობდა აღნიშნულ უძრავ ქონებაში. მომჩივანმა კი უკან დაიბრუნა უძრავი ქონება, რაც გამოიხატა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმებაში, რომელიც პირდაპირ არის ასახული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და გაურკვეველია ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მსჯელობა. შესაბამისად, უკან დაბრუნდა 22 002 ლარი. მითითებულიდან გამომდინარე გამოდის, რომ მყიდველისგან რეალურად მიღებული ჰქონდა ჯამში 21 589 ლარი, ხოლო უკან დააბრუნა მეტობით თანხა - 22 002 ლარი, ანუ უკან დაბრუნდა 413 ლარით მეტი. თანხის გადაცემის მომენტი ასახულია ვიდეოზეც, რომელსაც ასევე წარმოადგენს, რომელშიც ჩანს ფიზიკური პირი N1, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია მისი პირადობის მოწმობით, რადგან სამწუხაროდ აღნიშნული ქალბატონი დაიღუპა პანდემიის დროს.

2017 წელს შიდა აუდირებისას აღმოჩნდა, რომ გადასახადის გადამხდელს წარსულში განხორციელებული რეალიზაციებიდან გადახდილი არ ჰქონდა დღგ, რის გამოც 2017 წლის დეკემბრის თვეში მიმდინარე ვალდებულებებთან ერთად დაიბეგრა ძველი ოპერაციები. წარდგენილი ექსელის ცხრილი და ნასყიდობის ხელშეკრულებები, ასევე საბანკო ამონაწერები, ადასტურებენ, რომ 2017 წლის დეკემბრის პერიოდისთვის აღიარებული დღგ აღემატება მიმდინარე პერიოდში გადასახდელ გეგმიური დღგ-ის რაოდენობას, შესაბამისად ჩნდება შეკითხვა - თუ არა შიდა აუდირებისას გამოვლენილი წარსული შეცდომების აღმოჩენა, რომელსაც მოჰყვა დამატებითი გადასახადის აღიარება დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად, რამ აიძულა მომჩივანი მეტობით გადაეხადა გადასახადი?! გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ციფრების ასეთი სიზუსტით დამთხვევაც შეუძლებელია იყოს შემთხვევითობა და აღნიშნულითაც დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელმა რეალურად წარსულში დაშვებული უზუსტობების აღმოფხვრის მიზნით დამატებით აღიარა და გადაიხადა კიდეც დღგ.

იქედან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირი N1-სთვის (შემდგომშიფიზიკური პირი N2-სთვის) მიწოდებული უძრავი ქონება უკან დაბრუნდა და მისთვის მიწოდება 2017 წლის დეკემბერში უკვე დაბეგრილი იყო სრული თანხის ფარგლებში დღგ-ით, უძრავი ქონების მომჩივანის სრულუფლებიან საკუთრებაში დაბრუნების დროს 2019 წლის ნოემბერში მოხდა ამავე ქონებაზე უკვე გადახდილი დღგ-ის ჩათვლა, რამაც გამოიწვია 2019 წლის ნოემბერშივე რეალიზებული კომერციული ფართებიდან (საკ. კოდი:"------" და "------") გამომდინარე საგადასახადო გადასახადის შემცირება იმავე ოდენობით. შესაბამისად, კომერციული ფართებიდან გამომდინარე გადასახადი აღიარებულია, თუმცა აღნიშნული გადასახადი შემცირებულია ზემოაღნიშნული უძრავი ქონების უკან დაბრუნების გამო, რომლის დღგ გადახდილი და აღიარებულია 2017 წლის დეკემბერში.

ამასთან, უკან დაბრუნებული თანხა (7 500 აშშ დოლარი = 22 002 ლარი) გატარდა 2019 წლის ხარჯებში, შესაბამისად პროპორციულად შემცირდა 2019 წლის დეკლარაციით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნული აუდიტის დეპარტამენტს მხედველობაში რომ მიეღო და საკითხს ჩაღრმავებოდა, კომერციულ ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების დაბეგვრაზე დამატებით თანხებს აღარ დაარიცხავდა. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ოდენობის დამატებით დარიცხვა, ასევე გამოიწვია შემოსავლის ხელოვნურმა გაზრდამ, ფიზიკური პირი N2-ის უძრავ ქონების ზემოაღნიშნული ისტორიის გაუთვალისწინებლობის გამო. აღნიშნულის უკან დაბრუნება დასტურდება უკვე წარდგენილი და ამჟამადაც თანდართული მიღება-ჩაბარების აქტით.

აღნიშნული უძრავი ქონება 29.10.2019 წელს ინდივიდუალურმა მეწარმემ ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა შპს „------- -ზე“ (ს/ნ "------").

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა

არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანებით 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სათანადო მტკიცებულებები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ:

შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13943 ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა 12.07.2023 წელს. 25.07.2023 წლის №------- წერილით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დოკუმენტაცია (DVD დისკი). თუმცა დისკზე ჩაწერილი ვიდეომასალა არ იქნა მიჩნეული დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებად, გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ 15 კალენდარული დღის ვადაში არ წარუდგენია დამატებითი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას ელექტრონულად გაეცნო 12.07.2023 წელს, ხოლო იმავე წლის 24 ივლისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა №------- განცხადება დანართ მასალებთან ერთად, სულ 129 ფურცლად. დამატებით 25.07.2023 წელს №------- განცხადებით წარადგინა DVD დისკი. მასალებს დაურთო წერილობითი ახსნა-განმარტება, რომ უფრო ნათელი გამხდარიყო საკითხი. შემმოწმებელს არ შეუსწავლია და არ უნახავს წარდგენილი ფიზიკური პირი N1-სთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, 11.01.2023 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე თანდართული 2019 წლის აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი. გარდა იმისა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ზემოაღნიშნული ფაქტები არ გამოიკვლია, აღნიშნულის საფუძველზე უსაფუძვლოდ დაერიცხა გადასახადი.

მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29501 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმების პერიოდში შემმოწმებელი არაერთხელ დაუკავშირდა და ითხოვა გარკვეულ საკითხებზე წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა, პირველად ახსნა-განმარტება წერილობით წარადგინა 2022 წლის აგვისტოში, რომელშიც განმარტა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის მიზანი,ფაქტობრივი გარემოებები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს ფართები, რომლებიც არასრულად არის დაბეგრილი.2019 წლის ნოემბრის თვეში რეალიზებულია 3 ფართი. მათ შორის 2 კომერციული ფართი.დამხმარე ფართი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით არ არის დაბეგრილი. ასევე,შემოწმებით სხვაობა გამოვლინდა 2021 წლის ივნისის თვეში. კერძოდ, რეალიზებული ავტოფარეხი არ არის დაბეგრილი შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციის მიხედვით.

ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დაიბეგრა დღგ-ით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა.შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.დაანგარიშდა აღნიშნული ფართების რეალიზაციის შედეგად მიღებული ნამეტი,რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, 2019 წლის საგადასახადო პერიოდში. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

80,81,159,160.