გადაწყვეტილება №22181/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22181/2/2024
28 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 6.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22181/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8878 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №081-270 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32413 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 117 724 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 54 327
დღგ - 37 226
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) – 212
მოგების გადასახადი - 15 557
საშემოსავლო გადასახადი - 1 332
ჯარიმა - 36 436
საურავი - 26 961
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და შემდგომი რეალიზაცია. ბინების რეალიზაცია ხორციელდება წინარე ნასყიდობის და ნასყიდობის ხელშეკრულებებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1.საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საჯარო რეესტრის ინფორმაციის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არ აქვს სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა ბიუჯეტის კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
2. 2019-2022 წლებში საწარმოს საკუთრებაში არსებული და რეალიზებული ბინების ნასყიდობის და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული/მისაღები ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა საბანკო ანგარიშზე აღრიცხული შემოსავლები და განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთი (წერილობითი ახსნაგანმარტებით სალაროს ნაშთი არ გააჩნია). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საწარმოს დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არ ფიქსირდება არც სალაროში და არც გადამხდელის საბანკო ანგარიშზე, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად და არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არ ფიქსირდება არც სალაროში და არც საწარმოს საბანკო ანგარიშზე, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, ვინაიდან კომპანიას გააჩნია მომწოდებლის მიმართ ვალდებულება
108 975 ლარის ოდენობით, რომლის დაფარვის მიზნითაც შესაძლებელია საგადასახადო შემოწმების შემდეგი პერიოდისთვის უფლებამოსილმა პირმა დააბრუნოს კომპანიაში თანხა, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, 2022 წლის 31 მარტს, 108 975 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რამაც გამოიწვია მოგების გადასახადისა და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2023 წლის №33290 ბრძანება და 28.12.2023 წლის №081- 329 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8878 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8878 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას 66 873 ლარით, მათ შორის, გადასახადი 46 469 ლარით და ჯარიმა 20 404 ლარით, რომლის საფუძველზე წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.10.2023 წლის №26028 ბრძანება და №081-270 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32413 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საწარმოს 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგების/ზარალის საწყისი ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა მისი დაფუძნების დღიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა, კერძოდ, მიღებული შემოსავალი და ხარჯები. აღნიშნულის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში კომპანიის ხარჯები არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულებების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხების არსებობა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის განხილვა განხორციელდა მისი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც ფაქტობრივად დაირღვა საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და პრაქტიკულად არ მიეცა შესაძლებლობა საბჭოს წევრებისათვის ცოცხალი კომუნიკაციის პირობებში აეხსნა და განემარტა ის ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები, რაზეც ამახვილებდა ყურადღებას საჩივარში, რომლებზეც თავის დროზე შემმოწმებლებთანაც ჰქონდა მსჯელობა, მაგრამ ისინი არ გაიზიარეს არც შემოწმების და არც შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში.
შემოსავლების სამსახური პრაქტიკულად არ შევიდა საკითხის საფუძვლიან და ღრმა - შინაარსობრივ განხილვაში, რომლიდანაც გამომდინარე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ და მხოლოდ აუდიტის დეპარტამენტისა და აღნიშნული დეპარტამენტის მხრიდან მიწოდებული ინფორმაციისა და გადაანგარიშების განმხორციელებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც მიაჩნია არა, მართლზომიერად და არაკანონზომიერად შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულად არ ეთანხმება და არ იზიარებს კორექტირების განმახორციელებელი პირის მიერ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშებაზე შედგენილ 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნაში საკითხი N2-ის მიხედვით დაფიქსირებულ პოზიციას იხ. დასკვნის გვ. N5): ,, 3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ 108975 ლარის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და შესაბამისად, მოგების გადასახადის დარიცხვას“ და აღნიშნული პოზიციის საფუძველზე გადაანგარიშების განმხორციელებელი პირის - აუდიტორის შეფასებას: ,, შემოწმების მიერ, საწარმოს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული მოგება/ზარალის საწყისი ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით შესწავლილი იქნა დაფუძნების დღიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა, მიღებული შემოსავლები და ხარჯები და აღნიშნულთა ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში კომპანიის ხარჯი არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხის არსებობა“, აღნიშნულის საფუძველზე შემოწმების მიერ მინიჭებულ სამართლებრივ კვალიფიკაციას და ბიუჯეტის სასარგებლოდ განხორციელებულ მოგების გადასახადის და შესაბამისი ფინანსური სანქციის დამატებით დარიცხვას.
რამდენადაც, შემოსავლების სამსახურის, ამჯერად კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომლებზეც თავის დროზე საჩივარში ამახვილებდა ყურადღებას და რომლებიც შემოსავლების სამსახურის მიერ სრულად გაზიარებულ იქნა და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება საჩივარში დაყენებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე.
შესაბამისად აღნიშნულისა მისთვის გაუგებარი რჩება გადაანგარიშების განმხორციელებელი პირის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილ 2023 წლის 29 სექტემბერის დასკვნაში იმით აპელირება რომ:
,,... შესწავლილი იქნა დაფუძნების დღიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა,მიღებული შემოსავლები და ხარჯები და აღნიშნულთა ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში კომპანიის ხარჯი არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხის არსებობა“.
აღნიშნულ ვითარებაში უჩნდება სრულიად კანონზომიერი და ლეგიტიმური კითხვა იმის თაობაზე რომ:
ჯერ ერთი, როგორ მოახერხა ყოველივე ეს გადაანგარიშების განმხორციელებელმა პირმა, როცა მისგან არ მოუთხოვია და შესაბამისად მისთვის არ გადაუგზავნია საზოგადოების დაფუძნებიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდის არანაირი საბუღალტრო და არც შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ შესაბამისი მონაცემები არ მიუწოდებია?
მეორეც, ,,დაფუძნების დღიდან (2016 წლის 20 ოქტომბრიდან) 2019 წლის 1 იანვრამდე შესწავლილი საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა, მიღებული შემოსავლები და ხარჯები და აღნიშნულთა ანალიზის საფუძველზე“, როგორ შეიძლება გააკეთო ის დასკვნა რომ: ,, კომპანიის ხარჯი არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხის არსებობა“.
რამდენადაც ეს შესაძლოა ერთიანად ასეც კი იყოს, რომ, მთლიანობაში და ცალკეული საანგარიშო პერიოდების (კალენდარული წლების) მიხედვით შესაძლოა საწარმოს შემოსავლები ჯამში ფარავდეს ხარჯებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოებს ეკონომიკური საქმიანობის პროცესში, როგორც წესი მუდმივად გააჩნიათ დებიტორულ - კრედიტორული დავალიანებები და ის საწარმოთა საფინანსო - სამეურნეო საქმიანობის თანმდევი და განუყოფელ ნაწილს შეადგენს, როგორ შეიძლება თქვას, რომ სამეურნეო საქმიანობის გარკვეულ პერიოდში (არსებული გაუნაღდებელი დებიტორული დავალიანებების პირობებში არ გააჩნდეს გარკვეული ფინანსური დეფიციტი და არ ესაჭიროებოდეს სესხები საწარმოს სამეურნეო საქმიანობის უწყვეტ რეჟიმში გასაგრძელებლად მიმდინარე, აუცილებელი და გადაუდებელი ხარჯების დასაფარად. ეს ყველაფერი განსაკუთრებით დამახასიათებელია ისეთი კომპანიების სამეურნეო საქმიანობაში, რომლებიც საამშენებლო საქმიანობით არიან დაკავებული და საამშენებლო სამუშაოების საწყის ეტაპზე უაღრესად უჭირთ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე სამომავლოდ ასაშენებელი ფართების რეალიზაციით თანხების მიღება და შესაბამისად მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში შესაბამისი მასალებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფარვა. სწორედაც, რომ აღნიშნული კატეგორიის საწარმოს მიეკუთვნება და აღნიშული პრობლემები მუდმივად იყო მისთვისაც დამახასიათებელი.
შესაბამისად ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების განმხორციელებელი პირის დასკვნა და მის მიერ მიცემული სამართლებრივი შეფასება - კვალიფიკაცია კანონზომიერ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია!
გაუგებარი და გაურკვეველია თუ, რატომ არ იხელმძღვანელა გადაანგარიშების განმხორციელებელმა პირმა ჯერ შემოწმების პერიოდში (რამდენადაც ის შემოწმების პროცესშიც მონაწილეობდა), შემდეგ კი შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მის მიერ მიწოდებული იმ საბუღალტრო მონაცემებით, რომლებიც მიწოდებული ჰქონდა მასზე საზოგადოების საბუღალტრო პროგრამა ,,ორისიდან“ იმ საბუღალტრო ანგარიშების მიხედვით, როგორიც არის:
ნაერთი ანგარიში საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის ბრუნვის შესახებ - 01. 01. 2019 წ. – 01. 04. 2022 წ. (დანართი №1, 19 ფურცელზე);
ფიზიკურ პირ ------------ სესხის ბრუნვა - 01. 01. 2019 წ. – 01. 04. 2022 წ. (დანართი №2, 1 ფურცელზე);
ფიზიკურ პირ -------------- ბრუნვა - 01. 01. 2019 წ. – 01. 04. 2022წ. (დანართი №3, 1 ფურცელზე).
რომლებიდანაც სრულიად ნათლად და გამჭვირვალედ ჩანს, კონკრეტული თარიღების მიხედვით საზოგადოების სალაროში დამფუძნებელთა მიერ საზოგადოების აუცილებელი და გადაუდებელი მიმდინარე ხარჯების გასაწევად კონკრეტული თანხების შეტანა და იქვე მათი კონკრეტულ მომწოდებლებზე მათი გადახდები, აგრეთვე საზოგადოების რეალიზაციებიდან სალაროში შესაბამისი სახსრების მიღებისთანავე შესაძლებლობისამებრ გამსესხებლებზე დაბრუნება და სესხების ნაწილობრივი დაფარვა.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს ყურადღება უნდა მიაპყროს იმ ფაქტობრივ გარემოებებსაც, რომ საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების მიმდინარეობის პერიოდში, რომელიც ხუთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და შესაბამისად იგი ყველა გონივრულ ვადას გასცდა, გადაანგარიშების განმხორციელებელი პირთან და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სატელეფონო კომუნიკაციისას მის მოთხოვნაზე თუ რატომ გვიანდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), მუდმივად საპირისპიროდ ღებულობდა კითხვებს თუ რატომ არ იყო საზოგადოების დირექტორებისაგან აღებული სესხები საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი და რატომ მოხდა მათი საზოგადოების სალაროში მიღება?
აღნიშნულის საპირისპიროდ უჩნდება სრულიად ლეგიტიმური და კანონზომიერი კითხვები, განუმარტონ რა საკანონმდებლო ნორმა, ან კიდევ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არსებობს იმის თაობაზე, რომელიც უზღუდავს საწარმოს ნაღდი ანგარიშით მიიღოს გამსესხებლისგან - საზოგადოების დამფუძნებლისგან საზოგადოების სალაროში ნაღდი ფული და ის გამოიყენოს საზოგადოების მიმდინარე აუცილებელი და გადაუდებელი ხარჯების დასაფარავად, რომელსაც შემმოწმებლებმა დაეყრდნენ და პრაქტიკულად იხელმძღვანელეს საგადასახადო შემოწმებისას? რაზეც ცხადია შესაბამისი პასუხი ვერასდროს ვერ მიიღო.
ამასთან ერთად, როგორც შემოსავლების სამსახურში თავდაპირველად - 2023 წლის 13 თებერვალს წარდგენილ საჩივარშიც მიუთითებდა, არსებითად მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოება რომ, საზოგადოებას სამშენებლო სამუშაოთა საწყის ეტაპებზე აგრეთვე, სამშენებლო სამუშაოთა მიმდინარეობის ცალკეული პერიოდებისათვის არ გააჩნდა რა საკმარისი ფინანსური სახსრები, საზოგადოების ეკონომიკური საქმიანობის წარსამართად, სხვადასხვა გზით მოზიდული იქნა შესაბამისი ფინანსური რესურსები, მათ შორის საზოგადოების დამფუძნებლიდან და დირექტორებიდან, შესაბამისად აღნიშნულისა, საზოგადოების საბუღალტრო მონაცემების მიხედვით (ანგ. №-----------), საზოგადოებას 01. 04. 2022 წ. მდგომარეობით:
საზოგადოების ყოფილი დირექტორის - ფიზიკურ პირის, --------------- (პ/ნ-------------) სასარგებლოდ ერიცხება, მიღებული დაუფარავი სასესხო დავალიანება 61281 ლარი;
საზოგადოების მოქმედი დირექტორის - ფიზიკურ პირ ------------- (პ/ნ -------------) სასარგებლოდ ერიცხება დაუფარავი სასესხო დავალიანება 56483,05 ლარი.
ორივე შემთხვევის ჯამში საზოგადოებას აღნიშნული პირებთან მიმართებაში სულ ჯამში ერიცხება - 117764,0 (61261+56483,05) ლარის დაუფარავი სასესხო დავალიანება. შესაბამისად აღნიშნულისა საგადასახადო შემოწმებით შემმოწმებლების მიერ საზოგადოების დირექტორის დამატებით შემოსავლებად დაფიქსირებული 123059 ლარიდან 117764,05 ლარი პირველ რიგში განხილული უნდა იქნეს სწორედ აღნიშნულ სასესხო დავალიანებათა დაფარვად და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ დარჩენილ - 5294,95 ლარი (123059- 117764,05) უნდა დაექვემდებაროს დირექტორის (დირექტორების) მიერ მიღებულ ხელფასად განხილვას და შესაბამისად სწორედ დარჩენილი 5294,95 ლარი დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური სანქციით.
სწორედ აღნიშულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილი 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის შესაბამისად 108 975 ლარის საზოგადოების დირექტორის მიერ მიღებულ უპროცენტო სესხად არამართლზომიერად და არაკანონზომიერად განხილვის საფუძველზე მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხისა და შესაბამისი ფინანსური სანქციის კორექტირებას(შემცირებას).
რწმენას გამოთქვამს, რომ დავების საბჭო, გულისხმიერებითა და ყურადღებით მიუდგება წარმოდგენილი საჩივრის განხილვას, საჩივრით წარდგენილი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით მიიღებს კანონზომიერ გადაწყვეტილებას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული თანხების დასაკორექტირებლად (შესამცირებლად).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8878 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8878 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის დასკვნის მიხედვით:
1. შემოწმების პროცესში გადამხდელმა სრულად არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის. გადამხდელმა გასაჩივრებისას დამატებით წარმოადგინა ნოტარიულად დადასტურებული შედარების აქტები, რომლის მიხედვითაც, წმინდა ევდემოზის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინის მყიდველები -------------, -------------,-------------, გ-------------და ------------- ადასტურებენ, რომ მათ მიერ გადახდილი ავანსები არ შეესაბამება ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულ გადახდილ თანხებს. მაგალითად, ------------- ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით 36 600 ლარი გადახდილი ჰქონდა ხელმოწერისას (21.07.2020 წელში) და დარჩენილი
24 400 ლარი უნდა გადაეხადა 1.12.2020 წლამდე, ხოლო შედარების აქტის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადახდილი აქვს მხოლოდ 4 000 ლარი. შემოწმების მიერ გაანგარიშებით კორპუსში მიღებული ავანსების თანხა იყო 252 476 ლარი და შედარების აქტებით ჯამურად მიღებული თანხა არის 133 213 ლარი. აღნიშნული შედარების აქტების გათვალისწინებით შემცირდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 100 617 ლარით. მიღებული/მისაღები ფულადი სახსრების გაანგარიშებისას ნაშთად დარჩენილი თანხა შემცირდა 119 263 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს წმინდა ევდემოზის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ბინის მყიდველებისაგან მიღებული ავანსების თანხა შეადგენდა 133 213 ლარს.
2. გადამხდელმა აღნიშნა, რომ საწარმოს აქვს დირექტორის და დამფუძნებლისგან მიღებული სესხი, მის მიერ გამოგზავნილია დასკანერებული სესხის ანგარიშის ბარათი, სადაც ფიქსირდება, რომ საწარმოს აღებული აქვს პროცენტიანი სესხი დირექტორის და დამფუძნებლისგან, სესხის მიღება და სესხის ძირის დაბრუნება ხორციელდება სალაროს მეშვეობით. გადამხდელის განმარტებით სესხის ნაწილი დაბრუნებული იყო და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 117 768 ლარს. კომპანიას არ აქვს დეკლარირებული წყაროსთან დასაბეგრი ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტი. საწარმო გადამხდელად დარეგისტრირდა 2016 წლის 20 ოქტომბერს. 2017-2018 წლებში აწარმოებდა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს. 2018 წლის 10 აპრილს კომპანიამ ბარტერით შეიძინა მიწის ნაკვეთი --------------ში და მასზე განთავსებული 49,57 კვ.მ-ს ფართის შენობა-ნაგებობა, სანაცვლოდ 2019 წლის 3 სექტემბერს მიწის მესაკუთრე ------------- გადასცა 4 საცხოვრებელი ბინა, ჯამში 180.9 კვ.მ ოდენობის. ასევე, 2018 წლის 4 მარტს ბარტერით შეიძინა 499 კვ.მ-ს ფართის მიწის ნაკვეთი ------------ ---------------ში. ხელშეკრულების თანახმად აშენებულ კორპუსში მიწის მესაკუთრეს ------------- გადაეცემა 250 კვ.მ. ფართი. 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საწარმოს კრედიტორული დავალიანება იყო 108 975 ლარი. შემოწმების მიერ, საწარმოს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგების/ზარალის საწყისი ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა დაფუძნების დღიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა, მიღებული შემოსავალი და ხარჯები და აღნიშნულის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში კომპანიის ხარჯები არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულებების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხების არსებობა. ამდენად, დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას 66 873 ლარით, მათ შორის, გადასახადი 46 469 ლარით და ჯარიმა 20 404 ლარით.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნით დადგენილი
გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8878 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8878 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და შემდგომი რეალიზაცია.
1. შემოწმების პროცესში გადამხდელმა სრულად არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის. გადახდილი ავანსები არ შეესაბამება ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებულ გადახდილ თანხებს.
2.საწარმოს აღებული აქვს პროცენტიანი სესხი დირექტორის და დამფუძნებლისგან, სესხის მიღება და სესხის ძირის დაბრუნება ხორციელდება სალაროს მეშვეობით. კომპანიას არ აქვს დეკლარირებული წყაროსთან დასაბეგრი ფიზიკურ პირზე გადახდილი პროცენტი.შემოწმების მიერ, საწარმოს 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული გაუნაწილებელი მოგების/ზარალის საწყისი ნაშთის ოდენობის დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა დაფუძნების დღიდან 2019 წლის 1 იანვრამდე საწარმოს ეკონომიკური საქმიანობა, მიღებული შემოსავალი და ხარჯები და აღნიშნულის ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში კომპანიის ხარჯები არ აღემატება მიღებულ შემოსავალს და არ დასტურდება ვალდებულებების ნაწილში დამფუძნებლის კაპიტალის შენატანის ან სესხის თანხების არსებობა. ამდენად, დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8878 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
304(21);275