გადაწყვეტილება №19417/2/2023
📄 სრული ტექსტი
№19417/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 10.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19417/2/2023).
დავის საგანი:
პირად ბარათზე არსებული ზედმეტობის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №120109-21-11 დასკვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7563 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 664,4 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 664,4
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.02.2005 წლის მდგომარეობით ერიცხება არარეალური ზედმეტობა 1 664.4 ლარი. ზედმეტობა წარმოშობილია 1.01.2001 წლის ხელით ნაწარმოები ბარათებიდან გადმოტანილი ზედმეტობით 1 060 ლარი, ასევე 30.12.2003 წელს გადახდილია 120 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 2003 წლის დეკლარაცია წარმოდგენილი არ არის და არც შესაბამისი დარიცხვა ფიქსირდება. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრიდან მოწოდებული იქნა 1.01.2001 წლამდე ბარათები (ს/ბ №119265-21. 29.11.2022 წ.), სადაც საშემოსავლო გადასახადში 1999-2000 წლებში გადახდილია თანხები ჯამურად 1 060 ლარი, ხოლო შესაბამისი დარიცხვები არ ფიქსირდება.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №120109-21-11 დასკვნის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 10.03.2006 წლის №180 ბრძანების „საშემოსავლო და სოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული არარეალური ზედმეტობის შესახებ“ და შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს 30.04.2013 წლის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე მომჩივანს დასკვნის თარიღით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადში 1 664.4 ლარი, რაზეც მომჩივანს ეცნობა 1.12.2022 წლის №21-11/109664 წერილით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 30.03.2023 წლის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 582,52 ლარი, საურავი 43,23 ლარი.
გადასახადის გადამხდელს მომსახურების დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №120109-21-11 დასკვნის საფუძველზე დაერიცხა საშემოსავლო გადასახადში 1 664,4 ლარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7563 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საშემოსავლო და სოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული არარეალური ზედმეტობის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 10.03.2006 წლის №180 ბრძანებაზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 1 დეკემბრის №120109-21-11 დასკვნის საფუძველზე გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
გადამხდელის მოთხოვნა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავისაგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 1 664,4 ლარის ოდენობით, 1.02.2005 წლიდან. აღნიშნული ზედმეტობა წარმოშობილი იყო იმ პერიოდიდან, როდესაც იგი ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას. 2005 წლის შემდგომ მას ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია.
2022 წელს მომჩივანმა მოითხოვა პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტობად რიცხული თანხის დაბრუნება, რაზეც აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა ზედმეტობის არარეალურ ზედმეტობად მიჩნევის თაობაზე. დასკვნის შინაარსი მომჩივნისთვის ცნობილი არ არის და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ გადაუციათ. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მიეთითა მორიგი სიყალბე, თითქოსდა დასკვნის თარიღით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 1 664,4 ლარი. ----------- არ ეწევა 2005 წლიდან საქმიანობას და ვერ იქნებოდა დარიცხვა. საქმე ეხება ხანდაზმულ და ამნისტირებულ პერიოდს. აუდიტის დეპარტამენტი უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა შემოწმება და ბარათის კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1997 წლის საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაკავების გზით გადასახადის გადახდევინებისას, თუ გადასახადის გადამხდელმა არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია, ხოლო საგადასახადო ორგანომ არ გაიანგარიშა გადამხდელისაგან კუთვნილი გადასახადის კუთვნილი თანხა სხვა ინფორმაციის საფუძველზე, ითვლება, რომ საგადასახადო ორგანომ საანგარიშო პერიოდში დაარიცხა გადასახადის გადამხდელს სავარაუდო გადასახადის თანხა,რომელიც დაკავებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელს მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული თანხებიდან, და რომ მან გადასახადის გადამხდელს შეატყობინა ამის შესახებ.
„საშემოსავლო და სოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული არარეალური ზედმეტობის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 10.03.2006 წლის 180 ბრძანების თანახმად:
1. 1.01.2005 წლამდე პერიოდში საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში არსებული ზედმეტობები წარმოქმნილი 1997 წლის საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად ჩაითვალოს დარიცხულად და განხორციელდეს ამ გადასახადების მიხედვით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ჩანაწერების გასწორება.
2. 2005 წლიდან საშემოსავლო და სოციალური გადასახადების პირადი აღრიცხვის ბარათებზე სავარაუდო დარიცხვები განხორციელდეს შემდეგი წესის მიხედვით:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადი (საშემოსავლო და სოციალური გადასახადი) თანხა ტოლია ან ნაკლები შესაბამის გადასახადში არსებული ნარჩენი დავალიანების თანხაზე, სავარუდო დარიცხვა არ განხორციელდეს და გადახდილი თანხით დაიფაროს ნარჩენი დავალიანება. ხოლო, დადგენილ ვადებში დეკლარაციით წარმოდგენილი თანხის ბარათზე დარიცხვის შემდგომ, თანხის გადახდის ვალდებულების მომენტიდან მის დაფარვამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული საურავების დარიცხვა განხორციელდეს პროგრამულად.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადის (საშემოსავლო და სოციალური გადასახადი) თანხა აღემატება შესაბამის გადასახადში არსებული ნარჩენი დავალიანების თანხას, სავარაუდო დარიცხვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ გადახდილ და ძირითად დავალიანებას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე. ხოლო შემდგომ, დეკლარაციის წარდგენისას მოხდება ბარათზე რიცხული ნაშთის ხელახლა გადაანგარიშება უკვე არსებული წესით, ანუ დეკლარაციის შეტანისას მოხდება სავარაუდო დარიცხვის მოხსნა და დეკლარირებული თანხის დარიცხვა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ 1.12.2022 წლის №120109-21-11 დასკვნის საფუძველზე გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება მართლზომიერია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
პირად ბარათზე არსებული ზედმეტობის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს საშემოსავლო გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.02.2005 წლის მდგომარეობით ერიცხება არარეალური ზედმეტობა.ზედმეტობა წარმოშობილია 1.01.2001 წლის ხელით ნაწარმოები ბარათებიდან გადმოტანილი ზედმეტობით.ასევე 30.12.2003 წელს გადახდილია 120 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 2003 წლის დეკლარაცია წარმოდგენილი არ არის და არც შესაბამისი დარიცხვა ფიქსირდება.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 30.03.2023 წლის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7563 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
1997წლის საგ.კოდ:235(6); 129;