ბრძანება N 10725

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.05.2023
№ დოკუმენტი 10725
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10725

15.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ---------, ს. ----------)

2022 წლის 17 აგვისტოს და 7 ნოემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 აპრილის სხდომაზე (ოქმი №42) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) 2022 წლის 17 აგვისტოს №149843/01, 7 ნოემბრის №201725/21-14 და №201734/21-14 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის №002-141 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვას. განმარტავს, რომ №------- ლიცენზიით წიაღისეულის მოპოვება არ განუხორციელებია, რასაც ადასტურებს კომპანიის მიერ მოპოვებული და რეალიზებული წიაღისეულის მოცულობა (სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები). აცხადებს, რომ აღნიშნულ ლიცენზიაზე ათვისების გეგმა დამტკიცებული არ აქვს. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ცნობა, რაზეც აცხადებს, რომ აღნიშნული წერილით დასტურდება ათვისების გეგმის არ არსებობა, რითაც ივარაუდებდა მოსაკრებლის ოდენობას ან ვადებს. მიუთითებს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შტიესახებ კანონზე და ასევე აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენს მიერ გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნა არ შეესაბამება შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებულ №2546 სიტუაციურ სახელმძღვანელოს.

ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11111 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------”-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11111 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 7 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 21 ივლისის №002-141 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ №----- ლიცენზიაზე დარიცხვა განხორციელდა ათვსების გეგმის მიხედვით, ხოლო №------- და №------- ლიცენზიებზე შემოწმების პროცესში ვერ იქნა მოძიებული ათვისების გეგმები. გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დეკლარირება ხდებოდა ფაქტობრივი მოპოვების შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, გადამხდელის მიერ არ მომხდარა 15 კალენდარული დღის ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ განუხორციელებია.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით შპს „----------“ (ს/ნ ----------) ფლობს რამდენიმე ლიცენზიას: №-------, №-------, №-------, №------- და №-------.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №------- (ქვიშა-ხრეში) შემოწმების პროცესში მოძიებულ იქნა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული ათვისების გეგმა, შესაბამისად მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდა ათვისების გეგმის შესაბამისად.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებზე №------- და №------- აუდიტის დეპარტამენტის და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით არ არის დამტკიცებული ათვისების გეგმა, შესაბამისად მოსაკრებლის დარიცხვა განხორციელდა ლიცენზიით გათვალისწინებული ჯამური მოპოვების პროპორციულად.

2018 წლის 3 ივლისს შპს „----------“-ზე (ს/ნ ----------) გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზია №-------, ჯამური მოპოვება 55 800 კუბური მეტრი (ქვიშა-ხრეში). ლიცენზიის მოქმედების ვადაა 4 წელი (03.07.2018-დან 04.07.2022-მდე). ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის მიხედვით, 2018 წელს ასათვისებელი რესურსის ოდენობა შეადგენს - 15 000, 2019 წელს - 22 000, 2020 წელს - 8 000, 2021 წელს - 5 800, 2022 წლის 4 ივლისამდე - 5 000 მ 3 -ს. 2018 წლის 4 ივნისს გაცემული ლიცენზია №------ (ქვიშა-ხრეში), ---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამური მოპოვება 34 800 კუბური მეტრი 3 წლის ვადით. ვინაიდან აღნიშნულ ლიცენზიებზე არსებობდა ათვისების გეგმა, იმ პერიოდებში, სადაც ფაქტობრივი მოპოვება უფრო ნაკლები იყო ვიდრე ათვისების გეგმით იყო გათვალისწინებული, მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდა ათვისების გეგმის მიხედვით. №---- და №------- ლიცენზიებზე ზოგ პერიოდში ფაქტობრივი მოპოვების და ზოგ პერიოდში ათვისების გეგმით მოსაკრებლის გაანგარიშებამ გამოიწვია ლიცენზიით გათვალისწინებულ ასათვისებელი რესურსის ოდენობაზე გადაჭარბება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- ლიცენზიაზე შემოწმების პროცესში მოძიებულ იქნა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული ათვისების გეგმა, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოსაკრებლის დარიცხვა აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში განხორციელდა მართლზომერად ათვისების გეგმის შესაბამისად.

ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 20 იანვრის №--- წერილზე, რომლის თანახმად, შპს „----------“-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- და №-------- ლიცენზიებით გათვალისწინებული სასარგებლო ათვისების გეგმა დამტკიცებული არ აქვს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ვინაიდან პირს არ ჰქონდა დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ათვისების გეგმები, ამასთან, შემოწმებით არ დგინდება ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- და №------- ლიცენზიების ფლობის პერიოდის პროპორციულად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელის დარიცხვა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- და №------- ლიცენზიების ფარგლებში შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის შემცირება.

აგრეთვე შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 21 მარტის №7084 ბრძანებით დამტკიცებულ №2546 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, რომელიც შეეხება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადაანგარიშებას, როდესაც ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა ან მისი უმეტესი ნაწილი რომელიმე საანგარიშო პერიოდში და არ მიმართა ლიცენზიის გამცემს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ან ლიცენზიის ათვისების გეგმის დაკორექტირებაზე.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11111 ბრძანება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- და №------- ლიცენზიების ფარგლებში არ არის აღსრულებული, შესაბამისად უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- და №------- ლიცენზიებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

შემოწმებით განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11111 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- და №------- ლიცენზიების ფარგლებში შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის შემცირება;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №------- და №------- ლიცენზიებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვას. განმარტავს, რომ აღნიშნულ ლიცენზიაზე ათვისების გეგმა დამტკიცებული არ აქვს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებით დამტკიცებული №2546 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, სადავო საკითხების შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის დეკლარირება ხდებოდა ფაქტობრივი მოპოვების შესაბამისად. ამასთან, გადამხდელის მიერ არ მომხდარა 15 კალენდარული დღის ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება არ განუხორციელებია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11111 ბრძანება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ფარგლებში არ არის აღსრულებული, შესაბამისად უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული მოსაკრებლის და შესაბამისი სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43 (4)

სიტუაციური სახელმძღვანელო 2546

კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ