გადაწყვეტილება №18250/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 18250/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18250/2/2022

02.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ --------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 2.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" 20.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18250/2/2022).

 

დავის საგანი:

ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის №036-460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 1.11.2022 წლის №27505 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით მომჩივანს 28.09.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 39 358.63 ლარი, ჯარიმა 20 322 ლარი, საურავი 22 715.76 ლარი, აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 100 ლარი.

აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის №036-460 ბრძანება, მომჩივნის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.11.2022 წლის №27505 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებით, 241-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2022 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 სექტემბრის №036-460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აღიარებს, პირად ბარათზე დარიცხულ აღიარებული საგადასახადო დავალიანებას. ამასთან, დავალიანების გადახდის ერთადერთი საშუალება არის სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებელი გაგრძელება და რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ეტაპობრივად საგადასახადო დავალიანების დასაფარად მიმართვა. ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება მნიშვნელოვნად აფერხებს სამეწარმეო საქმიანობას.

ითხოვს, ვალის მართვის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის №036-460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის 1.11.2022 წლის №27505 ბრძანების ბათილად ცნობას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

ვინაიდან, მომჩივანს 28.09.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა და ამჟამადაც ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 29.09.2022 წლის №036-460 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში