გადაწყვეტილება №19865/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.08.2023
№ დოკუმენტი 19865/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 19865/2/2023

09 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „შპს ----------“ 4.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19865/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საწვავის ხარჯის გაანგარიშება და დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება;

2. არაეკონომიკური დანიშნულებით საქონლის გამოყენების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა და გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. განკარგვად თანხასა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №005-126 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11699 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 567 343,1 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 326 581

დღგ - 96 503

მოგების გადასახადი - 196 866

საშემოსავლო გადასახადი - 32 863

ქონების გადასახადი - 349

ჯარიმა - 161 489,4

საურავი - 79 272,7

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 22.07.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №005-126 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11699 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საწვავის ხარჯის გაანგარიშება და დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს იურიდიულ პირებზე, ძირითადად საბავშვო ბაგა-ბაღებზე, რაზეც ახდენს სასაქონლო ზედნადების/ელექტრონული ანგარიშფაქტურის გამოწერას. საწარმოს სახელზე საკონტროლო-სალარო აპარატი ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი არ ფიქსირდება. საქონლის რეალიზაცია ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, საქონლის იმპორტის დამადასტურებელი ინვოისები, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები, წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები და სხვა), ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები, განცხადება კრედიტორული/დებიტორული დავალიანების შესახებ და სხვა) ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის და ანალიზის შედეგად განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული ერთობლივი შემოსავალი და გაწეული ხარჯები. კერძოდ, საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაციისას გამოწერილი დოკუმენტური ღირებულება დაემთხვა საბანკო შემოსავლებს შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ასევე განისაზღვრა ყველა ის ხარჯი რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოყენებული იქნა ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რის საფუძველზეც ხარჯად აღიარდა საწვავის ხარჯის 75%. საწარმოს მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ფიქსირდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელზე დივიდენდი არ გაცემულა, ხოლო გაცემული ხელფასების ჯამური ოდენობა შეადგენს 22 500 ლარს. საბანკო ამონაწერის დამუშავებისას გამოჩნდა, რომ საწარმოს დამფუძნებლის და დირექტორის -------------- მიერ ხდება დიდი ოდენობით თანხების განაღდება ბანკომატიდან და გატანა საბანკო ანგარიშიდან. შემოწმების მიერ ჩატარებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა დაფიქსირდა 0 (ნული) ლარი.

შემოწმებით ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თითოეული საანგარიშო წლისთვის დათვლილ მთლიან ხარჯებს გამოაკლდა საწარმოს მიერ ხარჯის დასაფარად ბანკის საშუალებით გადახდილი თანხები, რის შედეგადაც განისაზღვრა საკასო ხარჯის ოდენობა. შესამოწმებელი პერიოდის თითოეული საგადასახადო წლის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% ჩაითვალა სალაროში არსებულ გონივრულ ნაშთად.

შემოსავლების, ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი და დაბრუნებული თანხების, დებიტორების და კრედიტორების გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოს განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით. განკარგვად თანხასა და გონივრულ თანხას შორის სხვაობით მიღებული თანხები 2019-2021 წლის დეკემბრის თვეში და 2022 წლის იანვრის თვეში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად (2019 წლის დეკემბერში - 164 975 ლარი, 2020 წლის დეკემბერში - 249 172 ლარი, 2021 წლის დეკემბერში - 499 251 ლარი, 2022 წლის იანვარში - 97 102 ლარი). საგადასახადო კოდექსის 101 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი. შემოწმებით საწარმოს საგადასახადო კოდექსის 982 და 101-ე მუხლების თანახმად დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადის თანხები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 174-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საწარმოს მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებისას დადგინდა, რომ საწარმო არასრულად ახდენდა საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვას, რაც იწვევდა ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხის შემცირებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ არ გააჩნია კონკრეტული არგუმენტი/დასაბუთება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების უსწორობასთან დაკავშირებით. ასევე, 4.05.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, რომელშიც მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შესაბამისად მიაჩნია, რომ თუ შემოწმებამ დაადასტურა საწვავის ხარჯი, შესაბამისად მასზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლაც უნდა განეხორციელებინა, ვინაიდან შეუძლებელია საწვავის შეძენა დღგ-ის გარეშე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის არგუმენტი დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნას №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი განსაზღვრული საწვავის ხარჯები, რომელიც ასევე მოიცავს დღგ-ის თანხებს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწვავის ხარჯთან დაკავშირებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გათვალისწინების და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არასრულად ასახვის გამო დარიცხული თანხების საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამოყენებული იქნა ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის თაობაზე შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რის საფუძველზეც ხარჯად აღიარდა საწვავის ხარჯის 75%. შემოწმებით ზოგადად არასწორად გაანგარიშდა საწვავის მთლიანი ხარჯი, გარდა ამისა შემოწმებით დადგენილი თანხით საწარმოს არ მიეცა დღგ-ის ჩათვლის უფლება. შესაბამისად, თუ შემმოწმებელმა დაადასტურა საწვავის ხარჯი, შესაბამისად მასზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლაც უნდა განეხორციელებინა, ვინაიდან შეუძლებელია საწვავის შეძენა დღგ-ის გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოწმებით არასწორად გაანგარიშდა საწვავის მთლიანი ხარჯი და შემოწმებით დადგენილი თანხით საწარმოს არ მიეცა დღგ-ის ჩათვლის უფლება.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის საწვავის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც ამავდროულად საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში წარმოადგენს დღგის ჩათვლის მიღების საფუძველს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაეკონომიკური დანიშნულებით საქონლის გამოყენების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა და გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდზე შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და საბაჟო დეკლარაციები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი (89 046 ლარის ღირებულებით დღგ-ის გარეშე), რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა საწარმოს გამოყენებული აქვს არაეკონომიკური საქმიანობისთვის. კერძოდ, საწარმოს მიერ შეძენილია სამშენებლო საქონელი და მომსახურება, რაზეც მიღებულ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ----------- რაიონი სოფელი -----------, სადაც საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის გამოყენება ჩაითვალა არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებად.

შემოწმებით საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენება საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (2021 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით) და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

ასევე საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც გაწეული ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება დაიბეგრა მოგების გადასახადით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს დაერიცხა გადასახადის თანხები დღგ-ის და მოგების გადასახადში და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდზე შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი (89 046 ლარის ღირებულების დღგ-ს გარეშე), რომელზეც გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა, საწარმოს გამოყენებული აქვს არაეკონომიკური საქმიანობისთვის. კერძოდ, საწარმოს მიერ შეძენილია სამშენებლო საქონელი და მომსახურება, რაზეც მიღებულ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ---------- რაიონი, სოფელი -------------, სადაც საწარმოს დამფუძნებელს/დირექტორს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საკუთრებაში უფიქსირდება მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის გამოყენება ჩაითვლა არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებად და განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პერიოდში გადამხდელისთვის ცნობილი იყო აღნიშნული საკითხი და მისი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა შეძენილი სამშენებლო საქონლის/მომსახურების ეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესამოწმებელ პერიოდზე შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს მიერ მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და საბაჟო დეკლარაციები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი (89 046 ლარის ღირებულებით დღგ-ის გარეშე), რომელზეც მიღებული აქვს ჩათვლა საწარმოს გამოყენებული აქვს არაეკონომიკური საქმიანობისთვის. კერძოდ, საწარმოს მიერ შეძენილია სამშენებლო საქონელი და მომსახურება, რაზეც მიღებულ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია ------------- რაიონი სოფელი ------------, სადაც საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის გამოყენება ჩაითვალა არაეკონომიკური დანიშნულებით გამოყენებულად.

აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არასწორია, ვინაიდან საწარმოს მიერ გაწეული ყველა ხარჯი არის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული და არასწორია, შემმოწმებლის მითითება იმის თაობაზე, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერის მომენტში საწარმოს დირექტორს ჰქონდა მიწის ნაკვეთი ---------------- რაიონის სოფელ -----------, ვინაიდან ჯერ ერთი საჯარო რეესტრის მონაცემებით და ფაქტობრივად საწარმოს დირექტორს გააჩნია მხოლოდ მიწის ნაკვეთი და მასზე არ არის განთავსებული რაიმე სახის შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, მაგალითად ბეტონის მიწოდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ბუნებრივია ვერ მოხდებოდა და აზრს არის მოკლებული და მეორე გარემოება, აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეძენილია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 22.11.2021 წელს, შესაბამისად მაგალითად 2021 წლის აგვისტოს თვეში გამოწერილი სასაქონლო ზედნადები არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საქონლის გარკვეული ნაწილი გამოყენებულია არაეკონომიკური საქმიანობისთვის. ამასთან, გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ საქონელზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. საწარმოს მიერ შეძენილია სამშენებლო საქონელი და მომსახურება, რაზეც მიღებულ სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია მისამართი, სადაც საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ტრანსპორტირების დასრულების მისამართზე საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორს საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, შემმოწმებელთა მიერ აღნიშნულ ნაწილში გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა მართლზომიერია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. განკარგვად თანხასა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ წარმოადგენს გაანგარიშებას, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს არ გააჩნდა შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი. ასევე, საწვავის ხარჯთან დაკავშირებით წარმოადგენს ექსპერტის დასკვნას დახარჯული საწვავის ოდენობასთან დაკავშირებით. 2022 წლის 3 ნოემბერს გადამხდელმა დააზუსტა საჩივარი, რომელშიც მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯთან დაკავშირებით, რაზეც საწარმოს არ გააჩნდა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემოწმებამ გამოიყენა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო, რის საფუძველზეც ხარჯად აღიარდა საწვავის ხარჯის 75%, თუმცა აღნიშნული მეთოდი არ იქნა გამოყენებული 110 000 ცალ წვრილმან საქონელზე (როგორიცაა თეფში, ჩანგალი, კოვზი და ა.შ), რომელზეც ასევე არ არსებობდა შეძენის დოკუმენტაცია. ითხოვს №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას 110 000 ერთეულ წვრილმან საქონელთან მიმართებაში. ასევე, 2023 წლის 15 და 16 მარტის დაზუსტებული საჩივრებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ერთ-ერთ დებიტორთან გაფორმებული შედარების აქტი, ასევე დებიტორების სია, რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და საქონლის ჩამონათვალი, რომელზეც არ არსებობს შეძენის დოკუმენტაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული), ასევე, იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არასწორია და გთხოვთ ფინანსთა სამინისტროში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით სალაროს ნაშთი განიხილოთ პროცენტიან სესხად და შეამციროთ აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაციისას გამოწერილი დოკუმენტური ღირებულება დაემთხვა საბანკო შემოსავლებს შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ასევე განისაზღვრა ყველა ის ხარჯი რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. გაცემული ხელფასების ჯამური ოდენობა შეადგენს 22 500 ლარს. საბანკო ამონაწერის დამუშავებისას დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებლის და დირექტორის მიერ ხდება დიდი ოდენობით თანხების განაღდება ბანკომატიდან და გატანა საბანკო ანგარიშიდან. ჩატარებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა დაფიქსირდა 0 (ნული) ლარი. თითოეული საგადასახადო წლის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% ჩაითვალა სალაროში არსებულ გონივრულ ნაშთად. განისაზღვრა საწარმოს განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით. განკარგვად თანხასა და გონივრულ თანხას შორის სხვაობით მიღებული თანხები 2019-2021 წლის დეკემბრის თვეში და 2022 წლის იანვრის თვეში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ განკარგვად თანხასა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2023 წლის №11699 ბრძანება;

3. მე-3 დავის საგნის (განკარგვად თანხასა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლის საკითხის) ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საწვავის ხარჯის გაანგარიშება და დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება;

2. არაეკონომიკური დანიშნულებით საქონლის გამოყენების დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა და გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. განკარგვად თანხასა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაციისას გამოწერილი დოკუმენტური ღირებულება დაემთხვა საბანკო შემოსავლებს შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ასევე განისაზღვრა ყველა ის ხარჯი რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. გაცემული ხელფასების ჯამური ოდენობა შეადგენს 22 500 ლარს. საბანკო ამონაწერის დამუშავებისას დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებლის და დირექტორის მიერ ხდება დიდი ოდენობით თანხების განაღდება ბანკომატიდან და გატანა საბანკო ანგარიშიდან. ჩატარებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც სალაროში ნაღდი ფულის ოდენობა დაფიქსირდა 0 (ნული) ლარი. თითოეული საგადასახადო წლის საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის 10% ჩაითვალა სალაროში არსებულ გონივრულ ნაშთად. განისაზღვრა საწარმოს განკარგვადი თანხები შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით. განკარგვად თანხასა და გონივრულ თანხას შორის სხვაობით მიღებული თანხები 2019-2021 წლის დეკემბრის თვეში და 2022 წლის იანვრის თვეში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(9);101(1,2);154(1ა);