გადაწყვეტილება №18594/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
მომჩივანი:"------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" 3.01.2023 და 23.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18594/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №127-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №127-36 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 16.12.2022 წლის №31669 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 495 ლარი (აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №127-30 საგადასახადო
მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 57 393
დღგ - 1 039
საშემოსავლო გადასახადი - 56 354
ჯარიმა - 16 320
საურავი - 11 782
დარიცხული თანხა:
100 807 ლარი (აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №127-36 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 70 752
დღგ - 1 039
საშემოსავლო გადასახადი - 69 713
ჯარიმა - 16 320
საურავი - 13 735
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტენდერების მეშვეობით სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.07.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
2018-2020 წლების საანგარიშო პერიოდებში წარდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ერთობლივი შემოსავლიდან შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სახით გამოქვითული ხარჯი შეადგენს 2018 წელს 231 800 ლარს, 2019 წელს 135 690 ლარს და 2020 წელს 451 954 ლარს. შემოწმებით, ხარჯები გაანგარიშებულია გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დოკუმენტების საფუძველზე (მიღებული ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები, შესყიდვის აქტები). შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა (წლიური) საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.08.2021 წლის №26856 ბრძანება და №127-41 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 31.08.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის №30503 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის №30503 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 15.08.2022 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას) ჯამში 30 620 ლარით, მათ შორის გადასახადი 20 413 ლარით და ჯარიმა 10 207 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №21979 ბრძანება და ამავე თარიღის №127-30 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია ასევე 17.10.2022 წლის დასკვნა, სიდანაც ირკვევა, რომ 15.08.2022 წლის დასკვნის შედეგების გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების ასახვისას დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა მიმდინარე გადასახდელების ნაწილში. კერძოდ, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები შემცირებულია შესაბამის სავადო თარიღებში და არ არის დარიცხული 31.03.2022 წელს. აღნიშნული უზუსტობის გასწორების მიზნით გადამხდელს წლიურ საშემოსავლო გადასახადში 31.03.2022 წელს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელი 13 359 ლარის ოდენობით.
17.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 25.10.2022 წლის №26943 ბრძანება და ამავე თარიღის №127-36 საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №127-30 და 25.10.2022 წლის №127-36 საგადასახადო მოთხოვნები 31.08.2022 და 12.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.12.2022 წლის №31669 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აუდიტის დეპარტამენტის №127-30 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შესწავლილია გადამხდელის მიერ წარდგენილი, საქონლის ფიზიკური პირებისგან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, განხორციელდა გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი შეძენის დოკუმენტების რეალიზაციასთან მიკუთვნება/დაკავშირება, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
ამასთან, გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აუდიტის დეპარტამენტის №127-36 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო ტექნიკური უზუსტობის გასწორების მიზნით №127-36 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
25.10.2022 წელს ჩაბარდა ახალი №127-36 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის გამოცემის საფუძველში მითითებულია სრულიად გაუგებარი და მიუღებელი მიზეზი, თითქოსდა აუდიტორებს შემოწმებისას გამორჩათ საშემოსავლო გადასახადის სავადოს დარიცხვა.
შემოწმების აქტით დარიცხული თანხები - დარიცხვის საფუძველი ორჯერ არის გასაჩივრებული. მოცემული ზედმეტად დარიცხვის გამო ვერ მოახერხა კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ტენდერებში მონაწილეობის მიღება. 25.10.2022 წელს განხორციელებული დამატებით დარიცხვა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს ბიზნეს. ასევე, გასაჩივრების შემდეგ შემცირების ნაცვლად დამატებით დარიცხვა უსამართლო და დაუსაბუთებელია.
შემოწმება ტარდება შემოწმების ბრძანების (27.05.2021 წლის №16292) საფუძველზე, საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა 18.08.2021 წელს, რაც გასაჩივრდა და საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ მიიღო გადაანგარიშების აქტი 2022 წლის აგვისტოში, ხოლო ოქტომბერში მიღებული ახალი საგადასახადო მოთხოვნა, დამატებითი დარიცხვაზე, თითქოს და შემოწმებისას რაღაც გამორჩათ და დამატებით არიცხავენ, დაუსაბუთებლად და არასერიოზულად მიაჩნია.
შემოწმების აქტით და ასევე შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის №30503 ბრძანების საფუძველზე გადაანგარიშების დროს არ იქნა გათვალისწინებული ხარჯებისადმი 25%-იანი რენტაბელობის მიდგომა. აღნიშნული მიდგომა, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75% ხარჯად გათვალისწინების შესახებ მოცემულია სიტუაციურ სახელმძღვანელოში (№0256) და ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.
აღნიშნული თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული შემოწმების აქტში, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ წარდგენილი შეძენილი მეორადი ავტონაწილების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დადასტურებულია. საშუალება არ მიეცა გაცნობოდა, თუ რომელი წარდგენილი აქტები და ახსნა-განმარტება არ იქნა ხარჯად ჩათვლილი იმ მიზეზით, რომ შესაძლო მექანიკური შეცდომით მომწოდებლის პირადი ნომერი შეცდომით იყო აღნიშნული, როგორც ეს აუდიტორებმა განუმარტეს.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის №30503 ბრძანებაში მითითებულია, რომ 15 დღის განმავლობაში უნდა წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტების მტკიცებულებები და აუდიტორებს გაეთვალისწინებინათ. 25% რენტაბელობის შესახებ მოთხოვნა დაყენებული ჰქონდა თავიდანვე საჩივარში, არგუმენტები (სიტუაციური სახელმძღვანელო №0256) ისედაც ცნობილი იყო აუდიტორებისთვის და უნდა გაეთვალისწინებინათ. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში უსაფუძვლოდ არის მითითებული, 25% რენტაბელობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თითქოსდა „გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის“.
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხები და გაითვალისწინონ 25% რენტაბელობის მიდგომა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის №30503 ბრძანებით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნა გამოიცა 18.08.2021 წელს, რაც გასაჩივრდა და საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემდეგ მიიღო გადაანგარიშების აქტი 2022 წლის აგვისტოს თვეში, ხოლო ოქტომბერში მიღებული აქვს ახალი საგადასახადო მოთხოვნა, დამატებით დარიცხვაზე თითქოს რაღაც გამორჩათ, რაც დაუსაბუთებლად და არასერიოზულად მიაჩნია. რაც შეეხება აღსრულებას მიუთითებს, რომ არგუმენტები სიტუაციური სახელმძღვანელოს (№0256) გამოყენების შესახებ თავიდანვე ჰქონდა საჩივარში მითითებული და ისედაც ცნობილი იყო აუდიტორებისთვის და უნდა გაეთვალისწინებინათ. მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხები 25% რენტაბელობის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის №30503 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2022 წლის დასკვნით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, გადამხდელის მიერ მოხდა დამატებით წარდგენილი შეძენის დოკუმენტების რეალიზაციასთან მიკუთვნება/დაკავშირება, რომლის შესწავლის შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას), სულ 30 620 ლარი, მათ შორის გადასახადი 20 413 ლარი და ჯარიმა 10 207 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული იქნა ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, 2021 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელები შემცირებულია შესაბამის სავადო თარიღებში და არ არის დარიცხული 31.03.2022 წელს. აღნიშნული უზუსტობის გასწორების მიზნით გადასახადის გადამხდელს წლიურ საშემოსავლო გადასახადში 31.03.2022 წელს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელი 13 359 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით შემოწმების აქტის შედგენისას მიმდინარე გადასახდელის დარიცხვის პერიოდი არ იყო დამდგარი და შესაბამისად არ იყო შემცირებული, ხოლო დასკვნის შედგენის დროს შემცირდა მიმდინარე გადასახდელი და აღარ დაერიცხა, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული, რომ შემოწმების აქტის შედგენის თარიღსა და დასკვნის შედგენის თარიღს შორის გადასახადის გადამხდელს ჩაბარებული აქვს წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და აღმოჩნდა, რომ დასკვნის შედეგად საშემოსავლო გადასახადის მიმდინარე გადასახდელი იყო ხელმეორედ შემცირებული, რის გამოც გამოსწორდა აღნიშნული უზუსტობა და შედგენილ იქნა შესაბამისი დასკვნა. აღნიშნული საკითხი გავლილია გადამხდელთან და განმარტებულია, რომ თანხის დარიცხვა ზედმეტად კი არ განხორციელდა არამედ ზედმეტად შემცირებული თანხა გასწორდა დარიცხვის გზით.
ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დავალების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა კორექტირებაც.
რაც შეეხება, მომჩივნის არგუმენტს სიტუაციური სახელმძღვანელოს (№0256) გამოყენების შესახებ აღსანიშნია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის №30503 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს ევალებოდა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა და აღნიშნულ არგუმენტზე მომჩივანი ვერაფერს წარადგენდა, ხოლო სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებაზე აუდიტის დეპარტამენტს დავალება არ მისცემია. ამასთან, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართებულად განხორციელდა ტექნიკური უზუსტობის გასწორება - საშემოსავლო გადასახადში მიმდინარე გადასახდელის დარიცხვის გზით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ორგანოს მიერ სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.09.2021 წლის №30503 ბრძანების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხები და გაითვალისწინონ 25% რენტაბელობის მიდგომა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №127-30 და 25.10.2022 წლის №127-36 საგადასახადო მოთხოვნები 31.08.2022 და 12.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.12.2022 წლის №31669 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
275.