გადაწყვეტილება №22727/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22727/2/2024
05 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 1.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22727/2/2024).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2024 წლის №001-27 საგადასახდო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2024 წლის №6653 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 15 865,37 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 9 023
ჯარიმა - 4 510
საურავი - 2 332,37
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გაანგარიშების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2020, 2021 და 2022 წლებში მომჩივნის მიერ მიღებულმა შემოსავალებმა გადააჭარბა 100 000 ლარს, შედეგად, მომჩივანს აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე წარმოექმნა ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ მომჩივანს ამავე პერიოდებში საკუთრებაში უფიქსირდება უძრავი და მოძრავი (მსუბუქი ავტომობილები) ქონება, თუმცა ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია და საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2024 წლის №001-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2024 წლის №6653 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 205- ე მუხლის მე-12 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან პირის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდებში გადააჭარბა 100 000 ლარს, უფიქსირდება დასაბეგრი ქონების ფლობის ფაქტი და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, მაგრამ არ ცოდნის გამო გამორჩა ქონების დეკლარაციის წარდგენა. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახდელი აქვს 13 529 ლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა (ჰყავს 8 შვილი, მრავალშვილიანობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთულია ფაილის სახით) ოჯახისთვის, ასევე აქვს საბანკო ვალდებულებები (სესხები) ითხოვს გაეწიოს შეღავათი, საურავი და ინკასო ეპატიოს.
ითხოვს გამოჩენილ იქნას გულისხმიერება და გათვალისწინებულ იქნას კიდევ ერთი გარემოება. ამჟამად მომჩივნის სახელზე გაფორმებული ბინა -------, -------, ფაქტიურად ეკუთვნის მომჩივნის მეგობარს და იგი დღემდე ცხოვრობს ამ ბინაში მისი ოჯახით, რომელიც კარგავდა ბინას კერძო საკრედიტო ორგანიზაციასთან ვალდებულების გამო. მომჩივნის სახელზე გამოიტანა სესხი, (სესხის ხელშეკრულება ატვირთულია ფაილში) რისთვისაც ბინა გადაფორმდა მომჩივანზე.
დაეხმარა დაბალპროცენტიანი სესხის მიღებაში. კოვიდ პერიოდის დროს გადავადდა გადასახადი 3 თვით და ამა წლის მარტის მდგომარეობით სრულად დაიფარა ეს სესხი. ამჟამად მომჩივნის სახელზე არსებული ეს ქონება (ბინა) შემდეგ თვეში გადაფორმდება ისევ მის მეგობარზე.
ამ ბინაზე გამოანგარიშებული ქონების დარიცხული გადასახადი შეადგენს 3 994 ლარს. ითხოვს შესაძლებლობის ფარგლებში ჩამოეხსნას გადასახადის 9 019 ლარიდან. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
ითხოვს გაუუქმდეს ეს საგადასახადო მოთხოვნა და გათვალისწინებულ იქნას მომჩივნის მიერ ზემოთ მითითებული ფაქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
შემოწმებისას დადგენილია, რომ 2020, 2021 და 2022 წლებში ქონების გადასახადის მიზნებისთვის გასაანგარიშებელმა, მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 100 000 ლარს, შედეგად, ფიზიკურ პირს 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარმოექმნა ქონების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებისა და საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით დადგინდა, რომ ფ/პ ------- აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებში საკუთრებაში უფიქსირდება უძრავი და მოძრავი (მსუბუქი ავტომობილები) ქონებები.
ამგვარად, ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივნის შემოსავალი აღემატება ქონების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნებისთვის განსაზღვრულ ოდენობას, გადასახადის გადამხდელს გააჩნია დასაბეგრი ქონება, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო დარიცხვის არამართლზომიერებასთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გაანგარიშების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2020, 2021 და 2022 წლებში მომჩივნის მიერ მიღებულმა შემოსავალებმა გადააჭარბა 100 000 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ მომჩივანს ამავე პერიოდებში საკუთრებაში უფიქსირდება უძრავი და მოძრავი ქონება, თუმცა ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია და საგადასახადო ორგანოში არ აქვს წარდგენილი ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები.
საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 269(7)