გადაწყვეტილება №20095/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.07.2023
№ დოკუმენტი 20095/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20095/2/2023

19 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 28.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20095/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33815 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №047-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ივნისის №12469 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 239 532 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 137 998

დღგ - 18 474

საშემოსავლო გადასახადი - 119 422

ქონების გადასახადი - 102

ჯარიმა - 70 402

საურავი - 31 132

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის №3970 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №19009 ბრძანება და 19 ივლისის №047-26 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 227 618 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 18 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.12.2022 წლის №33815 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დებიტორული დავალიანების განსაზღვრის თაობაზე (მ.შ შედარების აქტები);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული სესხის ხელშეკრულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-4 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33815 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა, 10.04.2023 წლის №7819 ბრძანება და №047-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 155 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 239 532 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 19 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 ივნისის №12469 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:

დებიტორული დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ გამოთხოვილი იქნა მესამე პირებიდან ინფორმაცია დებიტორული-კრედიტორული დავალიანების შესახებ, მათ შორის, შპს „--------გან“. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ შპს „--------თან“ ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება და შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი. 2022 წლის 18 თებერვალს შპს „---------“ დირექტორს წარდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სადაც განმარტავს, რომ საწარმოს 1.01.2022 წლის მდგომარეობით დებიტორული-კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. შემოწმება შპს „---------“ დებიტორული დავალიანების განსაზღვრისას დაეყრდნო ზემოაღნიშნულ ახსნაგანმარტებას. ასევე, შპს „--------“ მიერ წარდგენილია 26.05.2022 წლით დათარიღებული ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც 31.12.2021-ის მდგომარეობით, შპს „---------“ დავალიანება შპს „---------“ მიმართ შეადგენს 96 536 ლარს. შპს „---------“ მიერ წარდგენილია 5.01.2023 წლით დათარიღებული ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვითაც 31.12.2021 წლისათვის შპს „---------“ ერიცხება დავალიანება შპს „---------“ მიმართ 171 499 ლარის ოდენობით. სამივე დოკუმენტზე ხელს აწერს შპს „--------“ დირექტორი, დავალიანების თანხა ერთი და იგივე საანგარიშო პერიოდისათვის არის განსხვავებული, რაც შეუსაბამოა. რაც შეეხება შპს „------“, შპს „------“, და შპს „--------“ მიმართ არსებული დავალიანების თანხის განსაზღვრას, შემოწმების პროცესში სამივე ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოსთან გაგზავნილ იქნა შეტყობინება და სამივე საწარმოს მიერ წარდგენილი იქნა წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31.12.2021 წლის მდგომარეობით შპს „---------“ მიმართ დავალიანება არ ერიცხებათ. რაც გათვალისწინებულია როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ასევე გადაანგარიშების შედეგების ფორმირებისას.

ჯართის რეალიზაციასთან დაკავშირებით, საწარმოს დაუდგინდა 147,660 ტონა ჯართის ნაშთი, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად და დაერიცხა დღგ, ვინაიდან ვერ დგინდებოდა რეალიზებული ჯართის მიმღები მხარის იდენტიფიცირება. გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები ან სხვა სარწმუნო ინფორმაცია, შედეგად ამ ნაწილში დარიცხული თანხა არ შემცირდა.

სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარდგენილია 27.01.2022 წლით დათარიღებული სესხის ხელშეკრულება - დირექტორზე გაცემული 50 000 ლარის ოდენობით სესხის თანხასთან დაკავშირებით, რაც შემოწმების ეტაპზე არ ყოფილა წარდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიმდინარეობისას, გადამხდელთან ელექტრონულად მეილზე, ასევე SMS შეტყობინების სახით, საკონტაქტო ტელეფონზე, გაგზავნილია ინფორმაცია შემოწმების პროცესში გამოვლენილი დასარიცხი თანხების შესახებ, მათ შორის, ფულის მოძრაობის შედეგების შესახებ. 2022 წლის პირველი იანვრიდან - 2022 წლის 17 თებერვლამდე, ფულადი სახსრების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღამდე, გადამხდელს არ წარუდგენია დამატებით მასალები საწარმოს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. ასევე, არ მიუწოდებია ინფორმაცია გაცემულ სესხთან დაკავშირებით. შესაბამისად, 2022 წლის 27 იანვარს საწარმოს დირექტორზე გაცემული სესხის თანხა (რომელიც მიიღებდა მონაწილეობას ფულის მოძრაობის უწყისში ხარჯების ნაწილში) საწარმოს უნდა დაედეკლარირებინა 2022 წლის იანვრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციით არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა (შემოწმების აქტი შედგა 30.06.2022-ში), რაც არ არის შესრულებული. შედეგად, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის თანხის ფულის მოძრაობის უწყისში საოპერაციო ხარჯების ნაწილში გათვალისწინება არ განხორციელდა. ხოლო, ნაშთად დარჩენილ 19 ცალ ელ. გამაცხელებელთან და დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით წარდგენილი მტკიცებულებები გათვალისწინებულია გადაანგარიშების ეტაპზე, რის საფუძველზეც შემცირდა დარიცხული თანხები.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 19 აპრილს გადაგზავნილ წერილში ითხოვდნენ, რომ წერილში აღნიშნულ დებიტორებს (შპს „-------“ – 171 499 ლარი, შპს „-------“ – 65 643 ლარი, შპს „--------“ – 38 816 ლარი და შპს „-------“ – 3 534 ლარი) წარმოედგინათ გასავლის ორდერები, რომლებიც პირველადი დოკუმენტებია და ადასტურებს თანხის გაცემა-მიღებას, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული არ აქვთ წარმოდგენილი. შესაბამისად, მათგან უნდა მოითხოვოთ შესაბამისი სალაროს გასავლის ორდერები შპს „--------“ მიმართ, რადგანაც საწარმოს ბუღალტერიაში აღნიშნული დოკუმენტები არ ფიქსირდება და ნაღდი თანხის მიღებასაც ვერ აღიარებენ.

----------ზე გაცემულ სესხთან დაკავშირებით, პასუხად მიიღეს, რომ აღნიშნული პირისთვის გაგზავნილ იქნა შეტყობინებები. აღნიშნული პიროვნება არსებულ შეტყობინებებს ვერც იხსენებს და ვერც არქივში იძიებს. ითხოვს, წარედგინოს მის მიმართ გაგზავნილი შეტყობინებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ნაშთად დარჩენილ ჯართთან (146,63 ტ.) დაკავშირებით, წარდგენილი აქვთ ორივე მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტი. ამ ეტაპზე ნოტარიულად ვერ ამოწმებენ, რადგანაც აღნიშნული საწარმოს დირექტორი კავშირზე არ გამოდის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს არ მოხდეს დღგ-ის თანხის დარიცხვა.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მომენტში ჯართის დანაკლისი ჩაითვლება უსასყიდლოდ მიწოდებად და დაიბეგრება მოგების გადასახადით - 15%, ნაცვლად 20%-სა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33815 ბრძანებით:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, დებიტორული დავალიანების განსაზღვრის თაობაზე (მ.შ შედარების აქტები);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივარზე თანდართული სესხის ხელშეკრულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-4 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, დებიტორული დავალიანების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 5.01.2023 წელს შპს „-------“ და შპს „-------“ შორის გაფორმებული ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი. აღნიშნული ურთიერთშედარების აქტის თანახმად, შპს „---------“ ერიცხება დავალიანება შპს „--------“ მიმართ 31.12.2021 წლისათვის 171 499 ლარის ოდენობით. მაშინ როდესაც, შპს „---------“ დირექტორის მიერ წარდგენილია ორი წერილი, პირველი დათარიღებული 18.02.2022 წლით, რომლის მიხედვითაც შპს „--------“ დებიტორული-კრედიტორული დავალიანება 31.12.2021 წლისთვის არ გააჩნია, ხოლო მეორე დათარიღებული 26.05.2022 წლით, რომლის მიხედვითაც 1.01.2022 წლისთვის შპს „--------“ დავალიანება შპს „--------“ მიმართ შეადგენს 96 536 ლარს. ორივე წერილს ხელს აწერს შპს „--------“ დირექტორი. დავალიანების თანხა ერთი და იგივე საანგარიშო პერიოდისთვის არის განსხვავებული, რაც შეუსაბამოა. ასევე, შპს „--------“ დირექტორმა წარადგინა წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ ერიცხება დებიტორული დავალიანება შემდეგი საწარმოების მიმართ: 1. შპს „--------“ - 65 643 ლარი, 2. შპს „---------“ - 38 816 ლარი, 3. შპს „--------“ - 3 534 ლარი. ვერ მოახერხა ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტის წარდგენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების პროცესში, სამივე ზემოთ მითითებულ საწარმოსთან გაგზავნილ იქნა შეტყობინება საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით და სამივე საწარმოს მიერ წარდგენილია წერილობითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 31.12.2021 წლის მდგომარეობით შპს „--------თვის“ გადახდილი აქვთ თანხები და დავალიანება არ ერიცხებათ. გარდა აღნიშნულისა, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული, ან სხვა სარწმუნო ინფორმაცია, მათ შორის, ნოტარიულად დამოწმებული მტკიცებულებები, დებიტორული დავალიანების განსაზღვრის თაობაზე 2023 წლის 31 მარტისთვის მომჩივნის მიერ წარდგენილი არ არის. შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო, დებიტორული დავალიანების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.

2022 წლის 27 იანვრის სესხის ხელშეკრულების (შემოწმების პროცესში არ იყო წარდგენილი) გათვალისწინებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 27 იანვარს --------ზე გაცემული სესხის თანხა (რომელიც მიიღებდა მონაწილეობას ფულის მოძრაობის უწყისში ხარჯების ნაწილში) საწარმოს უნდა დაედეკლარირებინა 2022 წლის იანვრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციით არაუგვიანეს 2022 წლის 15 თებერვლისა. აღნიშნული მოთხოვნა არ არის შესრულებული გადასახადის გადამხდელის მიერ. შესაბამისად, მომჩივნის მიერ წარდგენილი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის თანხის ფულის მოძრაობის უწყისში საოპერაციო ხარჯების ნაწილში გათვალისწინებასთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

ნაშთად დარჩენილი 19 ცალი ელ. გამაცხელებლის (ღირებულებით 3 800 ლარი) დანაკლისიდან ამოღებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ივნისის თვის საბაჟო დეკლარაცია (ა----- 17.06.2021 წელი) და ინვოისი (№---- 17.06.2021 წელი). საბაჟო დეკლარაციაში მითითებულია, რომ შეძენილია ელ. გამათბობელი, ხოლო ინვოისში მითითებული სახელწოდება იდენტურია 21.06.2021 წლის რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებში №------ ასახულ საქონლის დასახელებასთან. გადაანგარიშებით შემცირდა დანაკლისად მიჩნეული საქონლის - ელ. გამათბობლის რეალიზაციით დარიცხული თანხა დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში. შესაბამისად, შემცირდა ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის.

შემოწმების მიერ დადგენილ ჯართის ნაშთის ოდენობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შპს „-------“ და შპს „------“ შორის გაფორმებული ორმხრივად დამოწმებული ურთიერთშედარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ შპს „--------“ შეიძინა შპს „-------გან“ 146.63 ტონა ჯართი. საბუთის გამოწერა არ მოხდა ბუღალტრის დაუდევრობით. აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების აქტის შედეგების გადაანგარიშებისას, ვინაიდან ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებები ან სხვა სარწმუნო ინფორმაცია მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი. აუდიტის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი ჯართის ნაშთი და მის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა შემცირებას.

დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2021 წლის 22 ივნისის საბაჟო დეკლარაცია (ა----- დღგ-ის თანხით 2860 ლარი), რაც საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, არის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული საბაჟო დეკლარაციით მომჩივანს დღგ-ის ჩათვლა არ განუხორციელებია. შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების კორექტირება და შემცირდა 2021 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ.

გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 155 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 4 390 ლარი და ჯარიმა - 765 ლარი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33815 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №19009 ბრძანება და 19 ივლისის №047-26 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 227 618 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 18 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.12.2022 წლის №33815 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2022 წლის №33815 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა, 10.04.2023 წლის №7819 ბრძანება და №047-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 155 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 239 532 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 19 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 ივნისის №12469 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1"გ").