გადაწყვეტილება №22206/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22206/2/2024
16 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (პ/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 10.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22206/2/2024).
დავის საგანი:
ავტომობილების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხის დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №006-621 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №954 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 67 321,09 ლარი.
მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი - 41 403
ჯარიმა - 20 702
საურავი - 5 216,09
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „--------“-ის საგადასახადო შემოწმების დროს დადგინდა, რომ კომპანიას მომჩივნისგან საბაჟო საწყობში შეძენილი აქვს 2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 616 020 ლარს, ხოლო მომჩივნის მიერ აღნიშნული ავტომობილების შესყიდვის ღირებულება შეადგენდა 340 000 ლარს. ავტომობილების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხა მომჩივანს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №006-621 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №954 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 81-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით, მიუხედავად იმისა აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი თუ წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ობიექტს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება როგორც საგადასახადო შემოწმების აქტს, ასევე საგადასახდო მოთხოვნას, დასარიცხად გამოანგარიშებული თანხების ოდენობას და ითხოვდა ყოველივე ერთად განეხილათ, რათა ემსჯელათ განზრახულობასა და გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე. მიუხედავად ამისა 24.01.2024 წელს გამოიცა ბრძანება №954, რომლითაც საჩივარი განხილულ იქნა არასრულყოფილად.
აუდიტს გადასაანგარიშებლად დაუბრუნდა საკითხი, მხოლოდ აქტში შეცდომის გასასწორებლად, გამომდინარე იქიდან, რომ საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი იბეგრება 5 პროცენტით და არა 15 პროცენტით, როგორც ეს აქტით იყო დარიცხული. ამასთან არ იყო ნამსჯელი საბაზრო ფასთან მიმართებით, ასევე არ მომხადარა აქტის განხილვა მომჩივანთან ერთად, რომელიც მოთხოვნილი ჰქონდა, რათა განხილვის პროცესში სრულყოფილად წარედგინა თავისი არგუმენტები.
საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა ასევე მოითხოვა ჯარიმასაურავისგან გათავისუფლება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:
3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
დადგენილია, რომ საბაჟო საწყობიდან 2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხა მომჩივანს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. ასევე დადგენილია, რომ შემოწმების შედეგად, სატვირთო ავტომობილების მიწოდებით მომჩივნის მიერ მიღებული ნამეტი შემოსავალი განსაზღვრულია მომჩივნის მიერ ავტომობილების შეძენის ფასსა და რეალიზაციის ფასს შორის სხვაობით.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №954 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ვინაიდან აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, საბჭო მიიჩნევს, რომ სატვირთო ავტომობილების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №954 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არსებით არგუმენტს სადავო საკითხთან დაკავშირებით, მისმა წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას ითხოვა ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას, შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ავტომობილების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხის დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანიის საგადასახადო შემოწმების დროს დადგინდა, რომ კომპანიას მომჩივნისგან საბაჟო საწყობში შეძენილი აქვს 2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 616 020 ლარს, ხოლო მომჩივნის მიერ აღნიშნული ავტომობილების შესყიდვის ღირებულება შეადგენდა 340 000 ლარს. ავტომობილების რეალიზაციით მიღებული ნამეტი თანხა მომჩივანს არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №006-621 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 16 აპრილი 2024 N 03/30465 2 შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №954 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, საბჭო მიიჩნევს, რომ სატვირთო ავტომობილების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №954 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 81(3);302 (3).