გადაწყვეტილება №20805/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.02.2024
№ დოკუმენტი 20805/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20805/2/2023

05 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ის 11.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20805/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2023 წლის №094-59 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 298 031 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 79 279

დღგ -17 014

იმპორტის გადასახადი - 3 084

მოგების გადასახადი - 50 609

საშემოსავლო გადასახადი - 5 300

სოციალური გადასახადი - 3 272

ჯარიმა - 22 459 საურავი - 196 293

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2013 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების იმპორტს ახორციელებს ძირითადად რუსეთიდან და თურქეთიდან. 2012 წელს გამოქვითულია სულ 11 165 120 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

თურქეთის რესპუბლიკიდან საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ინვოისების სისწორის საკითხი გადამოწმდა თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის სამსახურში. მიღებული მასალებიდან გაირკვა, რომ ექსპორტიორი ქვეყნის ექსპორტის დეკლარაციებში მითითებული საქონლის ღირებულებები არ შეესაბამება მომჩივნის მიერ საბაჟოზე დეკლარირებულ მონაცემებს.

საბაჟოზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბაჟო ღირებულებები გაცილებით მეტია ვიდრე, ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთში) საქონლის საბაჟო ღირებულებები, სულ საბაჟო ორგანოში წარდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებები გაზრდილია 104 300 ლარით. შემოწმების შედეგად, აღნიშნული თანხით შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული გამოქვითვები;

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება თანხების გადარიცხვა:

„---“. აღნიშნულ პირებზე, შესამოწმებელ პერიოდში, მოთხოვნების/ვალდებულებების ზრდა/შემცირება არ ფიქსირდება. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში აღებული აქვს სესხი, რომელზეც გადახდილი პროცენტი გამოქვითულია ერთობლივი შემოსავლიდან. გადარიცხული თანხები შემოწმების მიერ განხილული იქნა უპროცენტო სესხად და დამატებით იქნა ჩართული ერთობლივ შემოსავალში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2013 წლის №64575 ბრძანება და №94-407 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.12.2013 წლის №69423 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დაბეგვრის მიზნებისათვის მიიჩნიოს, რომ გადარიცხული თანხა მოიცავს არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადსაც. შესაბამისად, განხორციელდეს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დაბეგვრის მიზნებისათვის მიიჩნიოს, რომ ავანსად გადარიცხული თანხა მოიცავს უკუდაბეგვრის დამატებული ღირებულების გადასახადსაც. შესაბამისად, განხორციელდეს ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება(შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, „--ის“ გადარიცხული თანხა და არაიდენტიფიცირებული დებიტორული დავალიანება არ განიხილოს სესხად.

შესაბამისად, ამ საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს კორექიტრებას (შემცირებას);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, თითოეული ---ის რემონტი (მოდერნიზაცია) არ განიხილოს დამოუკიდებელ კონტრაქტად და გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, იხელმძღვანელოს გარიგებაში დაფიქსირებული მომსახურების ღირებულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ასევე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესწავლის შედეგად, იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება, რომ ადგილი ჰქონდა მომჩივნის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებას, რაც გამოწვეულია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, განახორციელოს ამ საფუძვლით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.12.2013 წლის №69423 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველ და მე-3 დავის საგნებთან მიმართებით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №094-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დავების განხილვის საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 6 345 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2023 წლის №19875 ბრძანება და №094-59 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი, სადავო პირველ საკითხთან მიმართებაში, საგადასახადო ორგანოს პოზიციას იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებელად მიიჩნევს შემდეგ გარემოებათა გამო:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამავე საბჭოს 25.04.2014 წლის N7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულება;

- 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ აუდიტის დეპარტამენტს დაავალა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების თანხების შემცირება: „თუ

ა) გამოძიებით არ დგინდება დარიცხვის საფუძვლად არსებული დოკუმენტების სიყალბე,(ბ) ანგარიშსწორება განხორციელებულია უნაღდოდ და გადარიცხული თანხა უტოლდება მომჩივნის მიერ დეკლარირებულ საქონლის ფასს,(გ) საქონლის ერთეულის ფასი არ არის შეცვლილი სადავო საბაჟო დეკლარაციების წარდგენის შემდგომ პერიოდებზე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების მიხედვით და

დ) სადავო საბაჟო დეკლარაციებით გათვალისწინებული საქონლის ერთეულის ფასი უტოლდება მომწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასს“;

- აუდიტის დეპარტამენტი სადავო დასკვნაში არსებულ პოზიციას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ „შეძენის დოკუმენტის სიყალბე კვლავ დადასტურდა საგამოძიებო სამსახურის მიერ“, რის გამოც დასკვნით სადაო საკითხი გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

- ზემოხსენებული გარემოება კი, რომელზეც აუდიტის დეპარტამენტი აფუძნებს თავის პოზიციას, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს --- წერილის (დანართი 1) მიხედვით „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო ცენტრალურ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სს---ის მიერ თურქეთიდან ----ის შესაკეთებლად სხვადასხვა მასალების იმპორტის დროს, იმპორტისა და ექსპორტის დეკლარაციების თანხმლები დოკუმენტების სიყალბის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.“

ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ უკვე 9 წელია დოკუმენტების სიყალბე და შესაბამისად, დანაშაული დადგენილი არ არის, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა მოეხდინა საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით დავალებული სხვა გარემოებების შესწავლა-გამოკვლევა, რაც მას არ მოუხდენია და თავის დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი ფორმალურად უთითებს „საგამოძიებო სამსახურის“ მიერ სადავო დოკუმენტის სიყალბის დადასტურებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ მოუხდენია საბჭოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებების აღსრულება. ამასთან აღნიშნავს, რომ კომპანიისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მოხდა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით კერძოდ, 2023 წლის 11 აგვისტოს №094-59 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, ისევე როგორც 2023 წლის 15 თებერვლის №094-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა განხორციელდა გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.

შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნა ხანდაზმულია. მიიჩნევს, რომ სადაო საგადასახადო მოთხოვნა ხანდაზმულია და უნდა გაუქმდეს. ზემოაღნიშნულ სადაო საკითხიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ (შემმოწმებელმა) არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც, მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს მიერ, სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას უხეშადაა დარღვეული საგადასახადო კოდექსის ნორმები (საგადასახადო ორგანოებისა და გადასახადის გადამხდელის უფლებავალდებულებების ნაწილში), ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადაო (გასაჩივრებული) ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრის არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 30.12.2013 წლის №69423 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხსენებული გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველ და მე-3 დავის საგნებთან მიმართებით, სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნულია შემდეგი:

- სადავო პირველ საკითხთან დაკავშირებით (იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულების ნაწილის გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღება) - საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა და თუ:

ა) გამოძიებით არ დგინდება დარიცხვის საფუძვლად არსებული დოკუმენტების სიყალბე,ბ) ანგარიშსწორება განხორციელებულია უნაღდოდ და გადარიცხული თანხა უტოლდება მომჩივნის მიერ დეკლარირებულ საქონის ფასს,გ) საქონლის ერთეულის ფასი არ არის შეცვლილი სადავო საბაჟო დეკლარაციების წარდგენის შემდგომ პერიოდებზე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების მიხედვით,დ) სადავო საბაჟო დეკლარაციებით გათვალისწინებული საქონლის ერთეულის ფასი უტოლდება მომწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასს, უნდა გაუქმდეს სადავო საკითხთან მიმართებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხები;

- სადავო მე-3 საკითხთან დაკავშირებით (დებიტორული დავალიანების ნაწილის უპროცენტო სესხად განხილვა) - საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მომჩივანი და „----“ წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებული პირებს და მომჩივანს ურთიერთდამოკიდებული პირისთვის გადახდილი აქვს თანხა, მომჩივნის განცხადებით საქონლის შესაძენად, ხოლო საქონელი დღემდე არ არის მიწოდებული (მიღებული), „---ს“ მიმართ არსებული მომჩივნის დებიტორული მოთხოვნების უპროცენტო სესხად განხილვა, საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხებით ერთობლივი შემოსავლის გაზრდა და განხორციელებული დარიცხვა მართლზომიერია.

შესაბამისად, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება „---ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, მისი უპროცენტო სესხად ჩათვლა არამართლზომიერია და ამ კუთხით დარიცხული თანხები უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას. საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული საკითხების გადაანგარიშება მოხდა შემდგომ გამოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი დასკვნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე დასკვნით საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული საკითხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. საყურადღებოა, რომ აუდიტის დეპარტამენტის (25.04.2023 წლის №38953-21-14 წერილი) ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი 2013 წლის 17 მაისის №21252 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, აღნიშნულ შემოწმებასთან დაკავშირებული აუდიტორების, სამმართველოს უფროსების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის გადამოწმებით, დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 აპრილის №7392/2/14 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული საკითხების გადაანგარიშებასთან უშუალოდ დაკავშირებული დასკვნა ვერ იქნა მოძიებული, მიიჩნია, რომ საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულება არ არის განხორციელებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და ამდენად, საბჭოს 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 25.04.2014 წლის №7392/2/14 გადაწყვეტილების აღსრულება.

საბჭოს 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 6 345 ლარის ოდენობით, ხსენებულ დასკვნაში მითითებულია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა საკითხების დამატებით შესწავლა, კერძოდ:

- სადავო პირველ საკითხთან მიმართებაში, გადამოწმდა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტების სიყალბე, რის შედეგადაც აღნიშნული შეძენის დოკუმენტების სიყალბე კვლავ დადასტურდა საგამოძიებო სამსახურის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხი გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა;

- სადავო მე-3 საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების აქტით „---ს“ მიმართ არსებულ დავალიანებაზე, საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხები, შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან ამოღებულ იქნა, რის შედეგად შემცირდა შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი 4 229 ლარით. საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული გარემოებებისგან განსხვავებული გარემოებები/არგუმენტები, ამასთან აღნიშნა, რომ სადავო საკითხთან, კერძოდ თურქეთიდან ---ის შესაკეთებლად სხვადასხვა მასალების იმპორტის დროს, იმპორტისა და ექსპორტის დეკლარაციების თანხმლები დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე აღძრულია საქმე საგამოძიებოს მიერ და უკვე 9 წელია ძიებაშია, მაგრამ არანაირი განაჩენი არ დამდგარა.

საბჭოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხზე დარიცხული თანხების შემცირება და რამდენიმე კომპონენტი მიეთითა, კერძოდ თუ: არ დგინდება დოკუმენტის სიყალბე, ანგარიშსწორება განხორციელებულია უნაღდოდ და თანხა უტოლდება დეკლარირებული საქონლის ფასს, საქონლის ერთეულის ფასი არ არის შეცვლილი და თუ, საბაჟო დეკლარაციებით გათვალისწინებული საქონლის ერთეულის ფასი უტოლდება ხელშეკრულების დაფიქსირებულ ფასს. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტმა ფორმალურად მიუთითა, რომ არ არსებობდა გადაანგარიშების გარემოება, რასაც არ დაეთანხმა, გაასაჩივრა და საბჭომ 5.05.2023 წლის გადაწყვეტილებით დაავალა აუდიტის დეპარტამენტს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.

აუდიტის დეპარტამენტი გასაჩივრებული დასკვნაში აღნიშნავს, რომ კვლავ დადასტურდა დოკუმენტების სიყალბე საგამოძიებოს მიერ და სხვა დანარჩენი კომპონენტები აღარ შეამოწმა. მათ მოიძიეს ანტიკორუფციული სააგენტოს წერილი, რომლის მიხედვით დოკუმენტების სიყალბის ფაქტზე, დღემდე არანაირი სიყალბე დადგენილი არ არის და რომ საქმე კვლავ მიმდინარეა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურმა კვლავ დაუდასტურა დოკუმენტების სიყალბე, გამოძიება მიმდინარეობს, საბოლოო პასუხი მიღებული არ არის, რითაც საპირისპირო დადასტურდება. ამდენად, არ მოხდა გადაანგარიშება სადავო საკითხის ნაწილში. ამასთან განმარტა, რომ აღსრულება თავდაპირველად დაგვიანებით განხორციელდა რადგან, როგორც მანამდე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა შემმოწმებელმა აუდიტორმა, რომელიც აღარ მუშაობს, გადაიანგარიშა შემოწმებით დარიცხული თანხები, მაგრამ საბჭოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული საკითხების გადაანგარიშებასთან უშუალოდ დაკავშირებული დასკვნა ვერ იქნა მოძიებული და როგორც ირკვევა, სადავო საკითხის ნაწილში გადაანგარიშება არ მოხდა იგივე მიზეზით, კერძოდ, დადგენილი იქნა სიყალბე, ხოლო გამოძიება მიმდინარე იყო.

ახლა უკვე ყველა ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი სხვადასხვა სამსახურებიდან, მათ შორის არქივიდან და მათ საფუძველზე მომზადდა დასკვნა. ამასთან დამატებით აღნიშნა, რომ ანალოგიურ საკითხზე, იმავე გარემოებათა გამო, ამავე გადასახადის გადამხდელზე დარიცხვაა განხორციელებული სხვადასხვა შემოწმების შუალედური თუ საბოლოო აქტებითაც და საქმე სასამარლოშია მიმართული.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დადგენილი იქნა მომჩივნის მიერ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტების სიყალბე, საჩივრის განხილვის ეტაპზეც მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ გამოძიება მიმდინარეა, არ დასრულებულა და შესაბამისად, არ არის დადგენილი, რომ სადავო დოკუმენტები არ არის გაყალბებული.

ამდენად, არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არ შეეძლო სადავო საკითხზე დარიცხულ თანხების ნაწილში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, საბჭო განმარტავს, რომ საგამოძიებო საქმიანობის დასრულების შედეგების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე დასრულდება მომჩივნის სასარგებლოდ, მას შეეძლება დავის განახლება თავისი უფლებების დასაცავად. ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების შეფასების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 5.05.2023 წლის №79638/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 6 345 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.08.2023 წლის №19875 ბრძანება და №094-59 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1 გ).