გადაწყვეტილება №79990/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№79990/1/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -- --- ------- -----ია (ს/ნ --------------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -- --- ------------იას 29.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №79990/1/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტი 6.12.2022 წლის №CB1423396 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.02.2023 წლის №2433 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მიმართ გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 24 ოქტომბრის №011-4926 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტის საფუძველზე, გადამხდელს, მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების (ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და სხვა მატერიალური აქტივების, არამატერიალური აქტივების, (წილების ან აქციების სხვა საწარმოში, ლიცენზიების, ნებართვების და სხვა ფულადი საშუალებების (სალაროში ნაღდი ფულის, საქვეანგარიშოდ ან/და სესხად გაცემული თანხების და სხვ.) ნუსხის (მათი დასახელებისა და ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართის ჩვენებით), რომელშიც უნდა მიუთითოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისგან (დებიტორებისგან და სხვა) ეკუთვნის) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადად განესაზღვრა - ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე.
„ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 24 ოქტომბრის №011-4926 ბრძანება, მომჩივანს გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით და ჩაბარდა კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრს 2022 წლის 11 ნოემბერს.
მომჩივანს არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია, დადგენილ ვადაში, რაზეც, ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №CB1423396 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.02.2023 წლის №2433 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70- ე მუხლის პირველი ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 279-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის აპრილში. დაფუძნების დღიდან კომპანიას არ ჰქონია არანაირი აქტივობა, არ გააჩნია საბანკო ანგარიში. ასევე, არც სალარო აპარატი, რადგან არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა, არ გააჩნია არც შემოსავალი და არც რაიმე აქტივი. ავტორიზებულ გვერდზე მიღებული იყო შეტყობინებები სავარაუდო დარიცხვასთან დაკავშირებით, რასაც გაეცნო დაგვიანებით, ვინაიდან ავტორიზებული ვებ- გვერდი არ იყო მოქმედი. პორტალზე უკვე წარადგინა ნულოვანი დეკლარაციები მოთხოვნილ პერიოდზე, რის შედეგადაც პირად ბარათზე დავალიანება აღარ ისახება.
კომპანიის დირექტორის ცვლილება განხორციელდა მარტში და ახალი დირექტორისთვის ახლა გახდა ცნობილი 2022 წლის ოქტომბერში გამოცემულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების თაობაზე, ასევე ისიც რომ ეს ბრძანება ჩაბარდა ყოფილი დირექტორის ოჯახის წევრს.
ითხოვს, გათვალისწინებული იქნას ის გარემოება, რომ არ მოხდა ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება, რის შედეგადაც კომპანიას დაეკისრა 400 ლარიანი სანქცია.
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით, კომპანიის დირექტორის ცვლილება განხორციელდა მარტში და ახალი დირექტორისთვის ახლა გახდა ცნობილი 2022 წლის ოქტომბერში გამოცემულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების თაობაზე, ასევე ისიც რომ ეს ბრძანება ჩაბარდა კომპანიის ყოფილი დირექტორის (--- -----) ოჯახის წევრს (--- ------).
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.
დადგენილია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, მომჩივანს საფოსტო დაწესებულების მეშვეობით ჩაბარდა იურიდიულ მისამართზე (თბილისი, ---------------) 2022 წლის 11 ნოემბერს (გზავნილი ჩაიბარა ამ ბინაში მცხოვრებმა სრულწლოვანმა პირმა).
ვალის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია, მომჩივნის მიერ დღემდე წარმოდგენილი არ არის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ორგანოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს არ წარუდგენია მოთხოვნილი ინფორმაცია, დადგენილ ვადაში, რაზეც, ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა .
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1 „თ“); 44(7 „ე“); 70(1); 241; 269(1,7); 270(1,2); 279(1); 302(6) ;