ბრძანება N 3599

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2024
№ დოკუმენტი 3599
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3599

20 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №87119/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-760 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, დამფუძნებლისათვის მიწის შესაძენად გადახდილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლას. აცხადებს, რომ მის მიერ მტკიცებულებები წარმოდგენილი იყო შემოწმების და დავის ეტაპზე, ასევე, გადაანგარიშების პროცესში დამატებით იქნა წარდგენილი 2020 წლის 20 მარტის ხელშეკრულება მიწის ნასყიდობის შესახებ, უძრავი ქონების შეფასება 2020 წლის მდგომარეობით, ბანკის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება 2020 წელს შეძენილი მიწიდან მიღებული შემოსავალი, ბანკთან დადებული სესხის ხელშეკრულება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ დასკვნაში არ არის დასაბუთებული და არგუმენტირებული, რის გამო არ იქნა გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები. მიიჩნევს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება კომპანიის მიერ მიწის ფლობის ფაქტი და ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18274 ბრძანებით შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) მიწის შესაძენად გადახდილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, მტკიცებულებები უძრავი ქონების გადაცემისა და ღირებულების თაობაზე;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სალაროში გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18274 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 18 248 ლარი, მათ შორის, გადასახადის თანხა - 7 681 ლარი და ჯარიმა - 10 567 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 დეკემბრის №006-760 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა პოზიცია, შესაბამისად, მტკიცებულებები და არგუმენტები. გადაანგარიშების ეტაპზე მისი მხრიდან დამატებით არ იქნა მოწოდებული რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, მიწის შესაძენად გადახდილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას). რაც შეეხება, საწარმოს სალაროში გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთზე განხორციელებულ საგადასახადო ვალდებულებებს, გადაანგარიშების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 7 681 ლარის ოდენობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად მოგების და საშემოსავლო გადასახადების ნაწილში განსაზღვრული ჯარიმები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან დამატებით არ იქნა მოწოდებული რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, მიწის შესაძენად გადახდილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). რაც შეეხება, საწარმოს სალაროში გაანგარიშებულ ნაღდი ფულის ნაშთზე განხორციელებულ საგადასახადო ვალდებულებებს, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, დამფუძნებლისათვის მიწის შესაძენად გადახდილი თანხების კვალიფიკაციის შეცვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №18274 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 27 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 18 248 ლარი, მათ შორის, გადასახადის თანხა - 7 681 ლარი და ჯარიმა - 10 567 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 დეკემბრის №006-760 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.