ბრძანება N 7259

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.04.2023
№ დოკუმენტი 7259
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7259

04.04.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ------------------)

2023 წლის 20 და 23 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „ ------------ “

(ს/ნ ----------) №78278/1/2023 და №78337/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №001-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დირექტორი პირადად ახორციელებს საბანკო ოპერაციებს და სამეურნეო ხარჯებისთვის თანხები გაჰქონდა ერთხელ დაფიქსირებული შაბლონით, დანიშნულებაში კი უთითებდა სესხის დაბრუნებას, რაც შემოწმებით დაიბეგრა სესხად.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელს არ განემარტა სალაროს ნაშთის ინვენტარიზაციის შესახებ. მის მიერ ხელმოწერილი იქნა ინვენტარიზაციის აქტი, ამასთან, არ მოხდა ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის მიწოდება სალაროს არსებული ნაშთის შესახებ. ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით ითხოვს სალაროს ნაშთზე დარიცხვის გაუქმებას, რომელიც არსებობდა 27 ივლისის მდგომარეობით ბუღალტრული ჩანაწერებით (6 676,77 ლ.).

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20052 და 26 ოქტომბრის №27090 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „ ----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 28 მაისიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების გამოყვანის მიზნით 2022 წლის 27 ივლისის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 6 დეკემბრის №30775 ბრძანება და ამავე თარიღის №001-221 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 47 849 ლარი, მათ შორის გადასახადი 28 910 ლარი, ჯარიმა 14 444 ლარი, საურავი 4 495 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „ ----------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტირებულია 2019 წლის 28 მაისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად არაა რეგისტრირებული. მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს მეტყევეობა და სხვა სატყეო-სამეურნეო საქმიანობა. შემოსავალი ძირითადად ფორმირდება ტენდერებში მონაწილეობის გზით მიღებული თანხებით, სადაც სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში საჯარო დაწესებულებებს აწვდის ტყის აღრიცხვის მომსახურებას. შპს „------------მა“ 2021 წლის 3 სექტემბერს დირექტორზე, ---------- ზე (ასევე, 100% წილის მფლობელი), გასცა სესხი, რომელიც იზრდებოდა დროთა განმავლობაში და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 145 000 ლარს. სესხის არც ძირი და არც პროცენტი ჯერ არ დაბრუნებულა. აღნიშნული ოპერაცია არაა ასახული მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 , 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ივლისის N19860 ბრძანების საფუძველზე 2022 წლის 27 ივლისს განხორციელდა შპს „----------“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. შედეგად, ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით, რაზედაც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (ბუღალტრული პროგრამა) მიხედვით, 2022 წლის 27 ივლისის მდგომარეობით, სალაროში ნაღდი ფულის ოდენობად ფიქსირდება 6 676.77 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 30 დეკემბრის N42109 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9 ) გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, დაკვალიფიცირდა მისი გამოვლენის დღეს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „----------“ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შპს „-----------“ 2021 წლის 3 სექტემბერს დირექტორზე გასცა სესხი, რომელიც იზრდებოდა დროთა განმავლობაში და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგინა 145 000 ლარი. სესხის არც ძირი და არც პროცენტი არ არის დაბრუნებული, ხოლო აღნიშნული ოპერაცია არ არის ასახული მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, 2022 წლის 27 ივლისის მდგომარეობით სალაროში ნაღდი ფულის ოდენობად ფიქსირდება 6 676.77 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული მეთოდური მითითების „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა, დაკვალიფიცირდა მისი გამოვლენის დღეს კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მე-3 სადავო საკითხთან, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, სახეზეა გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ დირექტორი პირადად ახორციელებს საბანკო ოპერაციებს და სამეურნეო ხარჯებისთვის თანხები გაჰქონდა ერთხელ დაფიქსირებული შაბლონით, დანიშნულებაში კი უთითებდა სესხის დაბრუნებას, რაც შემოწმებით დაიბეგრა სესხად.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელს არ განემარტა სალაროს ნაშთის ინვენტარიზაციის შესახებ. მის მიერ ხელმოწერილი იქნა ინვენტარიზაციის აქტი, ამასთან, არ მოხდა ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის მიწოდება სალაროს არსებული ნაშთის შესახებ. ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით ითხოვს სალაროს ნაშთზე დარიცხვის გაუქმებას

3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მომჩივანის მიერ შემოსავალი ძირითადად ფორმირდება ტენდერებში მონაწილეობის გზით მიღებული თანხებით.სადაც სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში საჯარო დაწესებულებებს აწვდის ტყის აღრიცხვის მომსახურებას.

შპს-ემ დირექტორზე, (100% წილის მფლობელი), გასცა სესხი.სესხის არც ძირი და არც პროცენტი ჯერ არ დაბრუნებულა. აღნიშნული ოპერაცია არაა ასახული მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 , 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

2.ნაღდი ფულის ნაშთის ის ნაწილი, რომელიც სალაროში ფაქტობრივად არ გამოვლინდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების ფარგლებში, დაკვალიფიცირდა მისი გამოვლენის დღეს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „----------“ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, სახეზეა გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73,97,98(2),100,101,154,136,61,73,81,270,275