ბრძანება N 20373
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20373
17 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ - ის “ (ს/ნ "------" )
(ფაქტ. მის.: "-------" )
2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „----- - ის “ (ს/ნ "------") 2023 წლის 24 იანვრის №78466/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №094-112 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება ლატვიის რეზიდენტისთვის გადახდილი სესხის პროცენტის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან და განმარტავს, რომ საწარმო არ ბეგრავდა გადახდილ პროცენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გადასახადით (5%), ვინაიდან ზემოთაღნიშნული სესხი იბეგრებოდა შპს „N1-ის “ მიერ ლატვიაში, როგორც რეზიდენტის მიერ არარეზიდენტი ორგანიზაციიდან მიღებული შემოსავალი (10%-ით). გადამხდელი მიუთითებს „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლზე და აცხადებს, რომ აღნიშნული ნორმა პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად აძლევს უფლებას საქართველოში რეგისტრირებულ და ლატვიის სახელმწიფოში რეგისტრირებულ კომპანიებს, დაბეგვრა განახორციელონ ან ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან მეორე მხარესთან. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ კომპანიას არ გააჩნია რაიმე ბერკეტი სხვა სახელმწიფოს საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს იურიდიული პირის საგადასახადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია იქ რეგისტრირებული/რეზიდენტი კომპანიის გადასახადების თაობაზე.
2. არ ეთანხმება საწარმოს მიერ ფ/პ "------" -ზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვას და განმარტავს, რომ საწარმოს გააჩნია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, პარტნიორების კრების ოქმი და ასევე, წილის საწარმოს საკუთრებაში გადმოსვლის ამონაწერი, რომელიც ჯერ კიდევ შემოწმების აქტის შედგენის თარიღამდე 2022 წლის 6 დეკემბერს მომზადდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. პარტნიორთა კრების ოქმში ნათლად არის მითითებული, რომ პარტნიორები ერთხმად თანხმდებიან შეიძინონ შპს „----- - ის “ წილი. ამასთან, კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაფორმდა შპს „----- - ის “ 40%-იანი წილის მფლობელ პარტნიორთან წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ეს დოკუმენტები გაფორმდა ნოტარიულად. სახელშეკრულებო ღირებულების 80%-ის გადახდის შემდგომ აღნიშნული გარიგებით მოხდა წილის ნასყიდობის რეგისტრაცია. რაც შეეხება წილის შეძენის მიზნობრიობას, გადამხდელი აღნიშნავს, რომ შპს „----- -ს “ გააჩნია ქონება "------"-ში , კერძოდ, კლინკერის საფქვავი წისქვილი, რომელიც საწარმოსთვის არის სტრატეგიულად აუცილებელი და ასეთი ახალი დანადგარის შესაძენი ფასი იწყება 500 000 აშშ დოლარიდან (ჩინეთში ტრანსპორტირებისა და მონტაჟის გარეშე). შესაბამისად, საწარმოს ინტერესებს სწორედ პასუხობდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო მომჩივანის უმრავლესმა პარტნიორმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 აპრილის №10286 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32925 ბრძანება და ამავე თარიღის №094-112 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 254 127 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 377 ჯარიმა 107 309 ლარი და საურავი 38 441 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით
1. მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ცემენტის წარმოება, ღორღიანი და ქვიშიანი კარიერების დამუშავება, ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის, ასევე, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. 2022 წლის 27 სექტემბერს საწარმოს 50%- იანი წილის მფლობელი გახდა ლატვიის რეზიდენტი შპს „N1“. რომლის მიმართ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება სასესხო ვალდებულება. აღნიშნულ სასესხო ვალდებულებაზე გადახდილი პროცენტი შეადგენს 2 266 602 ლარს. გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტისათვის გადახდილ პროცენტს არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ლატვიის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო ლატვია უზრუნველყოფს, რომ საქართველოში დაკავებული გადასახადი მეორედ არ იქნას დაბეგრილი შეთანხმებით განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით საწარმოს 2021 წლის ივნისიდან უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფ/პ "------"-ზე(პ/ნ "------"), სულ გადახდილი აქვს 632 712 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს შპს „------- - ის “ (ს/ნ "------") 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს. ნასყიდობის საგნის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 800 000 ლარით. აღნიშნული წილის მფლობელს წარმოადგენს ფ/პ "------". დღეის მდგომარეობით, წილი მომჩივანის საკუთრებაში რეგისტრირებული არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „-------“ ფაქტობრივად აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, გამოწერილი აქვს მხოლოდ 45 400 ლარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ტექნიკის იჯარაზე. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, კომპანიის მიერ ფ/პ "------"-ზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება. ამდენად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება პროცენტი, თუ პროცენტის გადამხდელი არის საქართველოს რეზიდენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
„საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 22 თებერვლის N 1000 – Iს დადგენილებით) მე-11 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1.ხელშემკვრელ სასხელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს აგრეთვე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ის წარმოქმნება, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად…
ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლატვიის რეზიდენტის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებული იქნება შემდეგნაირად:
a) როდესაც ლატვიის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, თუ მისი ეროვნული კანონმდებლობით უფრო ხელსაყრელი პირობები არ არის გათვალისწინებული, ლატვია დაუშვებს:
(i) ამ რეზიდენტის შემოსავლებზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
(ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია; ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს ლატვიაში შემოსავლისა ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება ვითარების შესაბამისად შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2022 წლის 27 სექტემბერს საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელი გახდა ლატვიის რეზიდენტი შპს „N1 ის “, რომლის მიმართ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სასესხო ვალდებულება. აღნიშნულ სასესხო ვალდებულებაზე გადახდილია პროცენტი, რომელიც შეადგენს 2 266 602 ლარს. გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტისათვის გადახდილ პროცენტს არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, ლატვიის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ლატვიის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმის მიხედვით ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, რაც წარმოადგენს „OECD“ მოდალური კონვენციის შესაბამისად შედგენილ ტექსტს და შემოსავლის დაბეგვრაზე არ განსაზღვრას ექსკლუზიურ უფლებას. ამავე შეთანხმების 24-ე მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, თუ როგორ განახორციელებს ლატვია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებულია მისი რეზიდენტის მიერ და შეიძლება დაიბეგროს საქართველოში.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცდეს 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფ/პ "------"-ზე სულ 632 712 ლარის ოდენობით. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული განაცემი წარმოადგენს შპს „N2 ის “ (ს/ნ "------") 40%-იანი წილის ნასყიდობის საფასურს. ნასყიდობის საგნის მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 800 000 ლარით. შპს „------“ ფაქტობრივად აღარ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, გამოწერილი აქვს მხოლოდ 45 400 ლარის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ტექნიკის იჯარაზე. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, კომპანიის მიერ ფ/პ "------"-ზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს „------ -ს “ საკუთრებაში უფიქსირდება 5 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი "------" -ის რაიონში. 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, უფიქსირდება შენობანაგებობები და მანქანა-მოწყობილობები, რომელთა წლიურმა საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 133 226 ლარი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, მომჩივანსა და შპს „----- - ის “ პარტნიორ "------"-ს შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ასევე, მომჩივანის პარტნიორთა კრების ოქმი დათარიღებულია 2021 წლის 1 ივნისით. ამავე პერიოდიდან ფიქსირდება ავანსის სახით თანხის გადახდა ფ/პ "------"-ზე . საგადასახადო შემოწმების პროცესში შპს „------ - ის “ წილი მომჩივანის საკუთრებაში რეგისტრირებული არ იყო, წილის გადაფორმება განხორციელდა კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე აუდიტის დეპარატამენტის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ და საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენამდე 1 დღით ადრე, 2022 წლის 6 დეკემბერს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანიის მიერ ფ/პ "------"-ზე გადახდილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----- - ის “ (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება ლატვიის რეზიდენტისთვის გადახდილი სესხის პროცენტის დაბეგვრას გადახდის წყაროსთან
2. არ ეთანხმება საწარმოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხის უპროცენტო სესხად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელი არარეზიდენტისათვის გადახდილ პროცენტს არ ბეგრავს გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, „საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების გათვალისწინებით, ლატვიის რეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო ლატვია უზრუნველყოფს, რომ საქართველოში დაკავებული გადასახადი მეორედ არ იქნას დაბეგრილი შეთანხმებით განსაზღვრულ ნორმაზე მეტი ოდენობით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
2. საწარმოს უფიქსირდება ავანსის სახით თანხის გაცემა ფიზიკურ პირზე. კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხები პერიოდების მიხედვით ნაშთების ცვლილების გათვალისწინებით განხილულ იქნა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, განხორციელდა უპროცენტო სესხზე სარგებლის გაანგარიშება.საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),96,97,982,104,121,131,134,154.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით დამტკიცებული წესი მუხლი 1.