გადაწყვეტილება №18926/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18926/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18926/2/2023

16.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 20.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18926/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის (ქონების ნუსხის) დადგენილ ვადაში წარუდგენლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 15.06.2021 წლის №CB1161086 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №33036 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 400 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 16.12.2020 წლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მის მიმართ გამოცემულია „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 16.12.2020 წლის №---------- ბრძანება.

აღნიშნული ბრძანება საჯაროდ გავრცელდა 1.04.2021 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 1.05.2021 წელს.

აღნიშნული ბრძანებით ქონების ნუსხის წარსადგენად გადასახადის გადამხდელს მიეცა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა. ქონების ნუსხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 15.06.2021 წლის №CB1161086 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი 28.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.12.2022 წლის №33036 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა ვალის მართვის დეპარტამენტის 15.06.2021 წლის №CB1161086 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №33036 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა ჩადენილია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 15.06.2021 წლის №CB1161086 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

23.11.2022 წელს ჩაბარდა ვალის მართვის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ თითქოს არ წარადგინა პასუხი №---------- წერილში მითითებულ ვადაში. მაშინ როდესაც აღნიშნული წერილი არ ჩაბარებია, შესაბამისად არ იცნობს მის შინაარს. ამდენად, 28.11.2022 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი რომლითაც მოითხოვა სადავო ოქმის გაუქმება, თუმცა მხოლოდ გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან და არ გაუქმებულა ოქმი. ამასთან, შემოსავლების სამსახური ბრძანებაში მიუთითებს, რომ მის მიმართ საგადასახადო დავალინება აღიარებულია, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს და მიუთითებს სადავო ბრძანების შესწავლის და დასაბუთების გარეშე გამოცემაზე, რადგან მის მიერ არათუ აღიარებულია საგადასახადო დავალიანება არამედ მის მიერ სასარჩელო წარმოებაა დაწყებული შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ კანონის დარღვევით საგადასახადო დავალიანების დარიცხვის გამო.

ამდენად აღნიშნული აქტები გამოცემულია შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე და მასში ასახული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას. ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-5 ნაწილის შესაბამისად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა.

5. პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 16.12.2020 წლის №---------- ბრძანება, რომელშიც მიეთითა, რომ ქონების ნუსხის წარსადგენად გადასახადის გადამხდელს მიეცა ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადა. ქონების ნუსხის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (15.06.2021 წლის №CB1161086 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი), რაზეც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №33036 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა ვალის მართვის დეპარტამენტის 15.06.2021 წლის №CB1161086 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

მომჩივანი განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 16.12.2020 წლის №---------- ბრძანება არ ჩაბარებია, შესაბამისად არ იცნობს მის შინაარს. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმისგან, მაგრამ არ გაუქმებულა ოქმი.

აღსანიშნავია, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 16.12.2020 წლის №---------- ბრძანება და მის შესაბამისად შედგენილი 15.06.2021 წლის №2020/025-577/1 აქტი 8.11.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.11.2021 წლის №36843 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.03.2022 წლის №15329/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 29.11.2021 წლის №36843 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს, ვინაიდან საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

ვინაიდან, საბჭომ 11.03.2022 წლის №15329/2/2021 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 16.12.2020 წლის №---------- ბრძანება მომჩივანს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად მომჩივნის მიერ ვერ იქნებოდა დარღვეული აღნიშნული ბრძანების ჩაბარებიდან ქონების ნუსხის წარსადგენად განსაზღვრული 5 სამუშაო დღის ვადა. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 15.06.2021 წლის №CB1161086 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №33036 ბრძანება;

3. გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 15.06.2021 წლის №CB1161086 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.