გადაწყვეტილება №19435/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19435/2/2023
1.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------
“ 17.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19435/2/2023).
დავის საგანი:
1. დირექტორის მიერ სალაროდან გატანილი თანხის (სესხის) მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №30235 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №007-331 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5949 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 122 268 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 62 251
დღგ - 14 133
მოგების გადასახადი - 41 676
საშემოსავლო გადასახადი - 6 295
ქონების გადასახადი - 147
ჯარიმა - 37 979
საურავი - 22 038
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების) შეძენარეალიზაცია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 22.07.2019 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 1.12.2022 წლის №30235 ბრძანება და 2.12.2022 წლის №007-331 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 1.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.03.2023 წლის №5949 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დირექტორის მიერ სალაროდან გატანილი თანხის (სესხის) მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავებით დგინდება, რომ 2021 წლის ივნისის თვეში საწარმოს დირექტორს სალაროდან გატანილი აქვს თანხა ძირითადი საშუალების შესაძენად. თუმცა შემოწმებისათვის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ არის. შესაბამისად, გატანილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომ კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს კომპანიისგან აღებული აქვს კრედიტი (სესხი), რომელიც სრულად დაიფარა იმავე წლის აგვისტოს თვეში (ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდია 22.07.2019-1.07.2021წწ.).
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შემცირებული იყო დამფუძნებელზე თანხის გაცემით ავტომანქანის შეძენის დანიშნულებით. თუმცა, არც შესამოწმებელ პერიოდში და არც მას შემდეგ კომპანიის სახელზე ავტომობილი რეგისტრირებული არ ყოფილა. გადამხდელისთვის დოკუმენტაციის მოთხოვნის შემდეგ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია თანხა სესხად, რითაც შეძენილია ავტომანქანა, რომელიც ფიქსირდება საწარმოს დირექტორის პირად საკუთრებაში. ასევე, აღნიშნული თანხა საწარმოს დირექტორის მიერ საწარმოში დაბრუნებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, 2021 წლის 16 აგვისტოს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ---------- (პ/ნ ----------) კომპანიისგან აიღო თანხა 277 844 ლარი (საქვეანგარიშოდ) ძირითადი საშუალების შესაძენად. აღნიშნული თანხა სრულად უკან დააბრუნა 16.08.2021 წელს (უკან დაბრუნება დასტურდება საბანკო ამონაწერით). აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რადგან შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 22.07.2019-1.07.2021წ.წ. შემმოწმებელმა შემდეგ თვეში უკან დაბრუნებული თანხა აღარ გაითვალისწინა გადაანგარიშებაში და უსაფუძვლოდ დაარიცხა მოგების გადასახადი.
გაცემული თანხა არ იყო ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი, თანხა იყო საქვეანგარიშოდ გაცემული ძირითადი საშუალების შესაძენად, თუმცა ვერ მოახდინა სასურველი ძირითადი საშუალების შეძენა. კომპანია ითხოვს შემმოწმებლის მიერ აღნიშნულ პერიოდზე დადგენილი მოგების გადასახადის კორექტირებას (შემცირებას) და შესაბამისად დარიცხული გადასახადის გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის თანახმად:
3. მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;
8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა კომპანიისგან აიღო თანხა 277 844 ლარი (საქვეანგარიშოდ) ძირითადი საშუალების შესაძენად, რომელიც 16.08.2021 წელს სრულად დააბრუნა უკან (უკან დაბრუნება დასტურდება საბანკო ამონაწერით).
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შემცირებული იყო დამფუძნებელზე თანხის გაცემით ავტომანქანის შეძენის დანიშნულებით. თუმცა, არც შესამოწმებელ პერიოდში და არც მას შემდეგ კომპანიის სახელზე ავტომობილი რეგისტრირებული არ ყოფილა. გადამხდელისთვის დოკუმენტაციის მოთხოვნის შემდეგ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია თანხა სესხად, რითაც შეძენილია ავტომანქანა, რომელიც ფიქსირდება საწარმოს დირექტორის პირად საკუთრებაში. ასევე, აღნიშნული თანხა საწარმოს დირექტორის მიერ საწარმოში დაბრუნებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, 16.08.2021 წელს.
საქმეში წარმოდგენილია 12.07.2022 წლით დათარიღებული კომპანიის დირექტორის ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვით 26.06.2021 წელს კომპანიის მფლობელისა და დირექტორის მიერ კომპანიის საქვეანგარიშოდ „დროებითი თანხის გატანა“ აღებული იქნა კრედიტი 75 000 აშშ დოლარი (236 167,50 ლარი, ეროვნული ბანკის კურსით 3,1489). საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დავალიანება დირექტორის მიერ 16.08.2021 წელს სრულად იქნა დაბრუნებული, რაც დასტურდება თანხის უკან დაბრუნებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი მართებულად დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 37 979 ლარის ოდენობით, ასევე აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №007-331 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 22 038 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, და მისი ქმედებით მას არ მიუყენებია ბიუჯეტისთვის ზარალი. აღნიშნული სამართალდარღვევები გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არ ცოდნით). მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა რომ ცოდნოდა, რომ ჩადიოდა შემოწმებით დადგენილ სამართალდარღვევას. კომპანია მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მეტიც მან თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების შედეგების გამოყვანისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ამავე კოდექსის 96-ე მუხლი, რაც თავის მხრივ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60' მუხლის შესაბამისად შემოწმების შედეგების ბათილობის საფუძველი იქნება.
აღნიშნული დარიცხვა შეუსაბამოა რეალურ მოცემულობასთან და უნდა დაექვემდებაროს მის სრულად ანულირებას. ასევე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და საწარმოს მიერ გადასახადების დამალვას ადგილი არ ჰქონია, სანქციის ნაწილთან დაკავშირებით, ითხოვს საბჭოს მიერ გამოყენებულ იქნას მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებულ სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დირექტორის მიერ სალაროდან გატანილი თანხის (სესხის) მოგების გადასახადით დაბეგვრა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით შემოწმებისათვის წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი შემცირებული იყო დამფუძნებელზე თანხის გაცემით ავტომანქანის შეძენის დანიშნულებით. თუმცა, არც შესამოწმებელ პერიოდში და არც მას შემდეგ კომპანიის სახელზე ავტომობილი რეგისტრირებული არ ყოფილა. გადამხდელისთვის დოკუმენტაციის მოთხოვნის შემდეგ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია თანხა სესხად, რითაც შეძენილია ავტომანქანა, რომელიც ფიქსირდება საწარმოს დირექტორის პირად საკუთრებაში. ასევე, აღნიშნული თანხა საწარმოს დირექტორის მიერ საწარმოში დაბრუნებულია შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, 16.08.2021 წელს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი მართებულად დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(3, 8); 272; 275