ბრძანება N 825

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.01.2025
№ დოკუმენტი 825
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 825

29 იანვარი 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.:„-------“)

2025 წლის 14 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2025 წლის 14 იანვრის №2828/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 დეკემბრის №249-33 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი ითხოვს მომსახურების ხელშეკრულებების და კაპიტალის (12 000 ლარი) შემცირების ხარჯების გათვალისწინებას. აცხადებს, რომ დაუკავშირდა აუდიტორებს და სთხოვა განმარტება თუ რა სახით უნდა წარედგინა მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტორების მოთხოვნა იყო შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარედგინათ ვიზუალურად და ასევე წერილობით დაედასტურებინათ მცირე მეწარმეებს შესრულებული სამუშაოები. აგრეთვე, მითითებული უნდა ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების სახე, მოცულობა და ხანგრძლივობა. გადამხდელი განმარტავს, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების (კონცერტები, მულტიმედია ფოტო/ვიდეო გადაღებები, კლუბური სცენის ტექნიკური უზრუნველყოფა, ბანერების დიზაინი და მათი სოციალურ ქსელებში გაშვება, შოუ/პერფორმანსები) ნახვა შესაძლებელი იყო მხოლოდ სოციალურ ქსელებში განთავსებული ფოტო/ვიდეო მასალებით, მიწოდებულ იქნა აღნიშნული აუდიტორებისათვის ასევე იმ საიტების „ლინკები“, სადაც განთავსებული იყო შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული სანახაობრივი ღონისძიებების ფოტო გადაღებები და დიზაინი. ასევე მიწოდებულ იქნა თითოეული მცირე მეწარმის განმარტებები წერილობითი სახით შპს „-------“-ში შესრულებული სამუშაოების შესახებ (გარდა ნაგვის ნარჩენების გატანის, რადგან შემსრულებლის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინდა).

გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტი სადავო დასკვნაში ზერელედ მიუთითებს, რომ არასრულად იქნა წარდგენილი მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, არ მიუთითებს და არც კომუნიკაციის დროს მიუთითებია კიდევ რა დოკუმენტაცია იყო საჭირო წარსადგენად. არ არის მითითებული რატომ არ გაითვალისწინა მიწოდებული მტკიცებულება, ასევე რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა, როდესაც გაწეული ხარჯები ჩათვალა არაარსებითად და არარეალურად. რითი იხელმძღვანელა მცირე მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებების დასადგენად ან რა გარემოებებს ეყრდნობა აუდიტორი, როდესაც მიუთითებს, რომ ხელშეკრულებები შესასრულებელ სამუშაოებზე დადებულია შპს „------“-ში დასაქმებულ პირებთან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აცხადებს, რომ თავდაპირველ დასკვნაში მცირე მეწარმეებზე გადახდილი ხარჯები გათვალისწინებული იყო, ხოლო ახალ დასკვნაში არ არის შესაბამისი გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც ნათელი გახდებოდა რა არის გათვალისწინებული საწარმოს მიერ გაწეული ხარჯებიდან და რა არა. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოში ყველა ეს ოპერაცია განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 98-ე პრიმა, 151-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23080 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. მცირე მეწარმეების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაწეული მომსახურებების შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23080 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 4 დეკემბრის გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 18 დეკემბრის №249-33 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შპს „---------“-ის (ს/ნ „-------“) მიერ წარმოდგენილია რიგი დოკუმენტები, ინდ. მეწარმეებთან (მათ შორის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან და საწარმოში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით) დადებული ხელშეკრულებები და დირექტორის მიერ კაპიტალში შენატანების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არასრულად არის წარმოდგენილი მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი მასალების შესწავლა და შეფასება. შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა მომსახურების გამწევი მეწარმეებისგან ინფორმაციის გამოთხოვა გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით. განხორციელდა მცირე მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი, ასევე წარდგენილი ფოტო/სურათების შეფასება. დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით გათვალისწინებულია ყველა არსებითი და რეალური ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების შესწავლა და შეფასება. კერძოდ, შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა მომსახურების გამწევი მეწარმეებისგან ინფორმაციის გამოთხოვა გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით, ასევე განხორციელდა მცირე მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი და წარდგენილი ფოტო/სურათების შეფასება. შემოწმებით დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით გათვალისწინებულია ყველა არსებითი და რეალური ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს მომსახურების ხელშეკრულებების და კაპიტალის შემცირების ხარჯების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ წარმოდგენილია რიგი დოკუმენტები, ინდ. მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებები და დირექტორის მიერ კაპიტალში შენატანების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არასრულად არის წარმოდგენილი მეწარმეების მიერ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ მოხდა წარდგენილი მასალების შესწავლა და შეფასება. შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა მომსახურების გამწევი მეწარმეებისგან ინფორმაციის გამოთხოვა გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით. განხორციელდა მცირე მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი, ასევე წარდგენილი ფოტო/სურათების შეფასება. დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით გათვალისწინებულია ყველა არსებითი და რეალური ხარჯი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არ არსებობის გამო, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).