ბრძანება N 3361
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3361
23.02.2023
შპს „---------“-ის (ს/ნ ---------- )
(მის.: "--------" )
2022 წლის 22 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ------) 2022 წლის 22 ნოემბრის №18273/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 1 ნოემბრის №023-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. აღნიშნავს, რომ საწარმოს აქვს შეცდომით ამობეჭდილი ჩეკები, რომლებიც გაუქმებულია, თუმცა შემოწმების მიერ არ მოხდა მათი გათვალისწინება. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ სიგარეტის საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 0.8%-დან 0.9%-მდე, ხოლო შემოწმებით დარიცხული თანხების გათვალისწინებით საერთო ფასნამატი შეადგენს 1,42%, რაც არარეალურია. აცხადებს, რომ მისი საქმიანობა სრულად გამჭირვალეა, ყველა შეძენილ საქონელზე იწერება სასაქონლო ზედნადები და ფასნამატის განსაზღვრა ზუსტადაა შესაძლებელი. საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების მიზნით, გადამხდელი ითხოვს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და მზადაა წარმოადგინოს ცხრილები შეძენილი პროდუქციის რეალური ფასნამატით რეალიზაციის შესახებ.
2. გადამხდელი ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით. აცხადებს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა გადასახადისგან თავის არიდება. განმარტავს, რომ დარიცხულ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობა გამოწვეულია შექმნილი პანდემიური სიტუაციით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19268 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტური მტკიცებულებები არასწორად ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკების შესახებ;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივლისის №19268 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 26 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 1 ნოემბრის №023-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა 2021 წლის თებერვლის თვის შეცდომით ამობეჭდილი ჩეკების ფიქსაციის აქტები. აღნიშნული დოკუმენტების შემოწმებისათვის ცნობილ სხვა მონაცემებთან შეჯერებით და გადამხდელის საქმიანობის სახეობის (თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობა) გათვალისწინებით, არ იქნა მიჩნეული საკმარის საფუძვლად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიმართ დამატებით განსაზღვრული ვალდებულებები დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შეცდომით ამობეჭდილი ჩეკების ფიქსაციის აქტებს საკონტროლოსალარო აპარატის ჩეკების ნაცვლად დართული ჰქონდა სალაროს ფისკალური მეხსიერებიდან ამოღებული ქაღალდის ლენტის ფრაგმენტები (ნაცვლად შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი ან მისი ასლისა), ზემოაღნიშნულ აქტებში მითითებული იყო შეცდომით ამობეჭდილი და ამოსაბეჭდი თანხები. ამასთან, აქტში დაფიქსირებული ამოსაბეჭდი თანხები არ იყო გადამხდელის საქმიანობის სახეობის (თამბაქოს ნაწარმით საბითუმო ვაჭრობის) შესაბამისი, ასევე, კორექტირებული ჩეკების არსებობა არ დადასტურდა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკების რეპორტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ სადავო საკითხებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.