გადაწყვეტილება №19971/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19971/2/2023
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 14.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19971/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №002-251 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11297 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 187 283 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 114 592
მოგების გადასახადი - 98 343
საშემოსავლო გადასახადი - 16 249
ჯარიმა - 51 693
საურავი - 20 998
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 აპრილის №8956 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 23 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებისა და განაცემების, ასევე საბუღალტრო პროგრამაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული უზუსტობები. კერძოდ, კომპანიის მიერ ფიზიკური პირებისგან იჯარით აღებულია საცხოვრებელი სახლები (თანამშრომლებისთვის). აღნიშნული იჯარების ანაზღაურებისას საწარმოს მიერ წყაროსთან ხორციელდება საშემოსავლო გადასახადის დაკავება 5%-ის ოდენობით. საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ფიზიკური პირები არ არიან რეგისტრირებული შესაბამის რეესტრში, საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადახდილი საიჯარო თანხები ექვემდებარება 20%- ით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. ამასთან, კომპანიას ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი გადახდის წყაროსთან დაბეგრილი აქვს 10%-ით (გადასახადის გადამხდელის სიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული მიდგომა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ფიზიკური პირი ძირითადად არ იმყოფება საქართველოში). შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №32683 ბრძანება და №002-251 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 187 283 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 22 მაისის №11297 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. არარეზიდენტ კომპანიაზე გადახდილი ავანსის სესხად განხილვასთან დაკავშირებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11297 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის სამუშაო ობიექტებია ---------- და ----------. აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოების შესასრულებლად თანამშრომლებისთვის ფიზიკური პირებისგან იქირავეს ბინები, საცხოვრებელი მიზნებისთვის. გამქირავებელ ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებები არის ნოტარიულად დამოწმებული. შემდეგ ეს ხელშეკრულებები დაარეგისტრირეს რეესტრში. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ანაზღაურებას ბეგრავდნენ 5%-ის ოდენობით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამქირავებელი ფიზიკური პირები არ იყვნენ რეგისტრირებულები გამქირავებელთა საგადასახადო რეესტრში და გადასახადის წყაროსთან დასაკავებელი იყო 20%. საწარმოს მიერ ვერ იქნა გაკონტროლებული აღნიშნული საკითხი. კომპანიამ ეს შეცდომა დაუშვა უცოდინრობის გამო. საწარმო არის გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია დაჯარიმდა. მომჩივანი არ ცდილობდა განძრახ გადასახადების შემცირებას ან დამალვას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, გამოყენებულ იქნეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურები და როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმისგან), რამეთუ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი თავის სამუშაო ობიექტებზე სამუშაოების შესასრულებლად თანამშრომლებისთვის ფიზიკური პირებისგან იქირავეს ბინები, საცხოვრებელი მიზნებისთვის. გამქირავებელ ფიზიკურ პირებთან გააფორმეს ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებები არის ნოტარიულად დამოწმებული. შემდეგ ეს ხელშეკრულებები დაარეგისტრირეს რეესტრში. აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ანაზღაურებას ბეგრავდნენ 5%-ის ოდენობით. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გამქირავებელი ფიზიკური პირები არ იყვნენ რეგისტრირებულები გამქირავებელთა საგადასახადო რეესტრში და გადასახადის წყაროსთან დასაკავებელი იყო 20%. საწარმოს მიერ ვერ იქნა გაკონტროლებული აღნიშნული საკითხი. კომპანიამ ეს შეცდომა დაუშვა უცოდინრობის გამო. საწარმო არის გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კომპანია დაჯარიმდა. მომჩივანი არ ცდილობდა განძრახ გადასახადების შემცირებას ან დამალვას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275