გადაწყვეტილება №19933/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19933/2/2023
27 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ს 11.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19933/2/2023).
დავის საგანი:
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №041-48 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10946 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 309 903 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 154 167
დღგ - 56 034
საშემოსავლო გადასახადი - 97 481
ქონების გადასახადი - 652
ჯარიმა - 77 084
საურავი - 78 652
ფაქტების აღწერა
გადამხდელის საქმიანობაა შენობების დაშლა და აღება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აქტივობა არ უფიქსირდება. შემოწმების პროცესში დამუშავდა საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები. შედეგად გამოვლინდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს საწარმომ მოახდინა -----ს რაიონის სოფელ -----ში არსებული 14 099 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (ს/კ -----) რეალიზაცია განვადებით. უძრავი ქონების ნასყიდობის ფასმა შეადგინა 129 000 აშშ დოლარი. საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდა დასრულდა 2020 წლის 18 მაისს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 177-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.10.2023 წლის №27081 ბრძანება და №041-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10946 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების აქტში დაფიქსირებულ ინფორმაციას, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შესახებ, რადგან არ არის აღნიშნული, რომ 2005 წლიდან კომპანიას დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მოხსნილი აქვს ბრძანების საფუძველზე და რომ ათწლეულზე მეტი პერიოდი უმოქმედოა. კომპანიას საქმიანობა არ განუხორციელებია 1.01.2019 წლიდან-1.04.2022 წლამდე პერიოდში, ამ პერიოდში მოხდა დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული (ს/კ -----) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შენობა ნაგებობებით, რეალიზაციის ოპერაცია განხილული იქნა შენობა-ნაგებობების მიწოდებად დღგ-ის მიზნებისთვის და მთლიანი სახელშეკრულებო თანხას დაერიცხა 18%, ხელშეკრულების ფარგლებშიც კი არ განიხილა. აუდიტის დეპარტამენტის აღნიშნული პოზიცია სრულად მიუღებელია და არ ეთანხმება იმის გამო, რომ 14 099 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება და არც მასზე დამაგრებული დროებითი შენობა-ნაგებობები (საგადასახადო სისტემაში გადამხდელის ბარათზე მითითებულია, რომ წარმოადგენს დროებით ნაგებობებს), რომლის საბალანსო ღირებულება იყო განულებული 30 წელზე მეტი ცვეთის და ძარცვის შედეგად მიუხედავად სამართალდამცავი ორგანოებისთვის არაერთი უიმედო მიმართვისა. ნაგებობები ბოლო 12 წელი თითქმის სრულად იყო განადგურებული და მათი ღირებულება მყიდველისთვის არ წარმოადგენდა ინტერესს. მისი ძირითადი ინტერესი იყო მიწის შეძენა.
შემოსავლების სამსახურის დაკვეთით საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2015 წელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზა შესრულდა, ხოლო 2016 წელის 7 მარტს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ შედგენილია №4200/036/16 დასკვნა, რომელიც თან ერთვის საჩივარს. ზემოთ დასახელებულ დასკვნებს შორის ერთ წელიწადში ნაგებობების ღირებულება შემცირებულია 128 280 ლარიდან 80 288 ლარამდე, ხოლო რეალიზაცია განხორციელდა 3 წლის შემდეგ 2019 წელს. დასკვნებში საბაზრო ფასები გაანგარიშებულია დანახარჯების მეთოდით ე.ი გაანგარიშდა ნაგებობების და მონტაჟის ღირებულება, დაერიცხა ცვეთა ნორმით და მიიღო ნარჩენი ღირებულება და დაფიქსირდა საბაზრო ფასად (არ არის გათვალისწინებული ძარცვის და გარემოს ზემოქმედებით მიყენებული ზიანი), რისი ხილვაც შეიძლება GOOGL-ის რუკის მეშვეობით იმ პერიოდისთვის.
აღნიშნული აქტები და ფაქტები არც განუხილავს იხელმძღვანელა 2015 წლის დასკვნით, რომელიც მოქმედებდა მხოლოდ იმ მომენტისთვის ანუ 2015 წელს, როგორც დასკვნაშია მითითებული. არც 2016 წლის შეფასების დასკვნა განუხილავს, რომელიც შედგენილია თვით შემოსავლების სამსახურის ექსპერტშემფასებლების მიერ, არც 4 წლის შემდეგ დამდგარი შედეგები და ცვეთა როდესაც რეალიზაცია განხორციელდა. როგორც საბალანსო ასევე საბაზრო ღირებულება ნულოვანი იყო არ გაითვალისწინა და არც გაანალიზა.
კომპანიის შენობა-ნაგებობის ღირებულების შესახებ, ასევე წარმოდგენს აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 7 დეკემბრის შემოწმების აქტს, აღნიშნული შემოწმებით განხორციელდა დამატებით გადასახადების დარიცხვა, დარიცხული იქნა მხოლოდ მიწის გადასახადი, არადა შემოწმებამ მოიცვა 2018 წლის 1 იანვრიდან საანგარიშო პერიოდი, ხოლო შენობა-ნაგებობები პრაქტიკულად აღარ არსებობდა უკვე 2018 წელსაც და ქონების გადასახადის დარიცხვა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა, ვინაიდან მყიდველის მიერ არსებობდა მხოლოდ მიწის ნაკვეთის შეძენის ინტერესი.
მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებული იქნას აღნიშნული გარემოება და მიიღოს ანალოგიური გადაწყვეტილება, როგორი გადაწყვეტილებაც მიღებული იქნა შპს -----ს (ს/ნ -----) მიმართ და დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვროს შენობის ქვეშ არსებული მიწის ფართიდან გამომდინარე და არა ისე, რომ მთლიანი მიწის ღირებულება დაიბეგროს დღგ-ით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი ფლობდა 22 001 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ------ს რაიონის სოფელ -----ში (ს/კ -----). 2019 წლის 7 თებერვალს აღნიშნული მიწა გაიყო ორ ნაწილად: რამაც მოიცვა 7902 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი (ს/კ ------) და 14 099 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი (ს/კ ------), მასზე არსებული შენობანაგებობებით. 2019 წლის 12 ივლისს საწარმომ მოახდინა 14 099 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების რეალიზაცია 129 000 აშშ დოლარად. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა აღნიშნულ მიწაზე მდებარე შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულებების შეფასების შესახებ დასკვნა რეალიზაციის მომენტში, რაც გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია. სანაცვლოდ, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2015 წლის 11 ივნისით დათარიღებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დასაბუთდა, რომ შენობა-ნაგებობები თავდაპირველი მიწის ნაკვეთის (ს/კ ------) მთლიანი ღირებულების მნიშვნელოვან წილს წარმოადგენდა. აღნიშნული დასკვნის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ შენობა-ნაგებობები წარმოდგენდა მიწის ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს და 14 099 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების (ს/კ -----) რეალიზაციის ოპერაცია დღგ-ის მიზნებისათვის განიხილა შენობა-ნაგებობის მიწოდებად.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის დაკვეთით საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2015 წელს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზა შესრულდა, ხოლო 2016 წლის 7 მარტს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ შედგენილია №4200/036/16 დასკვნა, რომელიც თან ერთვის საჩივარს. დასახელებულ დასკვნებს შორის ერთ წელიწადში ნაგებობების ღირებულება შემცირებულია 128 280 ლარიდან 80 288 ლარამდე, ხოლო რეალიზაცია განხორციელდა 3 წლის შემდეგ 2019 წელს. თვით შემოსავლების სამსახურის ექსპერტშემფასებლების მიერ შედგენილი დასკვნითაც დგინდება ქონების დაბალი ღირებულება. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 7 დეკემბრის შემოწმების აქტით განხორციელდა დამატებით გადასახადების დარიცხვა, დარიცხული იქნა მხოლოდ მიწის გადასახადი, არადა შემოწმებამ მოიცვა 2018 წლის 1 იანვრიდან საანგარიშო პერიოდი, ხოლო შენობა-ნაგებობები პრაქტიკულად აღარ არსებობდა უკვე 2018 წელსაც და ქონების გადასახადის დარიცხვა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებზე განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.09.2016 წლის ექსპერტიზის განყოფილების მიერ შედგენილი №4200/036/16 დასკვნით, შეფასებულია 22 001 კვ.მ.-ის უძრავი ქონება, მათ შორის 14 099 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომლის მიხედვით უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ------) საბაზრო ღირებულება შეადგენს 226 000 ლარს. აღნიშნული უძრავი ქონება (14 099 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები) შეიძინა ფიზიკურმა პირმა, რომელმაც შენობა-ნაგებობა გაარემონტა და ისე ფუნქციონირებს. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 7 დეკემბრის შემოწმების აქტით განხორციელდა მხოლოდ მიწის გადასახადის შემოწმება, შესაბამისად, ვერც მოხდებოდა დასახელებულ სადავო უძრავ ქონებაზე ქონების გადასახადის დარიცხვა. მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს გამაბათილებელი არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალიზაციის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა შენობების დაშლა და აღება. შემოწმების პროცესში დამუშავდა საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები. შედეგად გამოვლინდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს საწარმომ მოახდინა 14 099 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალიზაცია განვადებით. უძრავი ქონების ნასყიდობის ფასმა შეადგინა 129 000 აშშ დოლარი. საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდა დასრულდა 2020 წლის 18 მაისს. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10946 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების რეალიზაციის ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ და მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის: 160"ა", 161(1"ა")(8), 177(5).