ბრძანება N 19379
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19379
08 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ "------" (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2023 წლის 17 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") №82360/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №CB1481252 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №82).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 14 ივნისს მესტიაში, სოფელ "------"-ში ერთ-ერთი კომპანიისგან შეიძინა 6.3 მ 3 ძელაკი, რომელზეც გამყიდველმა გამოუწერა №"------" ტრანსპორტირების გარეშე ზედნადები. აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირებაზე იმავე დღეს ბუღალტრის მიერ გამოწერილი იქნა №"------" სასაქონლო ზედნადები.
2023 წლის 14 ივნისს საგადასახადო კონტროლის განხორციელებისას "------"-ის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანაშრომლების მიერ გაჩერებულ იქნა ავტომანქანა სახ. ნომ."------", რომლითაც ხორციელდებოდა ტვირთის ტრანსპორტირება.
2023 წლის 20 ივნისს შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი იმის შესახებ, რომ თითქოს ზემოაღნიშნული ავტომობილით ხორციელდებოდა საქონლის (ძელაკის) ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რის გამოც მას შეეფარდა სანქციები.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ საქონელი შეძენილ იქნა "------"-ში კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტით ტრანსპორტირების გარეშე, რაზეც გამოწერილ იქნა №"------" ზედნადები. ამის შემდეგ მისი წარმომადგენელი ტელეფონის საშუალებით არაერთხელ ესაუბრა ბუღალტერს, ტვირთის და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით. როცა მან ბუღალტრისგან მიიღო დასტური ზედნადების ატვირთვის შესახებ, მის მიერ მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდა ტრანსპორტირების დაწყება.
საგადასახადო კონტროლის განხორციელებისას "------"-ის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2023 წლის 14 ივნისს 20:50 საათზე გაჩერებული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება და მათ მოითხოვეს საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი, რომელიც მათი განმარტებით არ ერთვოდა სასაქონლო ზედნადებს. გადამოწმების მიზნით მისმა წარმომადგენელმა კვლავ დაურეკა ბუღალტერს 20:57 საათზე და სთხოვა გადაემოწმებინა დოკუმენტები, საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი იყო თუ არა ატვირთული ზედნადებთან ერთად, რომელიც საქონელს რეალურად გააჩნდა და მისი შეძენისას მიღებული ჰქონდათ გამყიდველისგან. ბუღალტრის მიერ 20:58 საათზე განხორციელდა სატელეფონო ზარი და განაცხადა, რომ ხელახლა ატვირთა ყველა დოკუმენტი სრულყოფილად. ბუღალტრის მიერ მოხდა №"------" ზედნადების გაუქმება და თავიდან აიტვირთა ახალი №"------" სასაქონლო ზედნადები, რომელსაც დამატებით მიეტვირთა ტრანსპორტირებული საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი.
მომჩივანი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზედნადები გამოწერილი იყო ზუსტად იგივე შინაარსის, სადაც გადატანილია ტვირთის დასახელება, ოდენობა, მძღოლის ვინაობა, ავტომანქანის ნოემერი, საქონლის ღირებულება, ტრანსპორტირების თარიღი, დრო და ადგილი იდენტურია. ბუღალტრის მიზანი იყო, სატელეფონო ზარის შემდეგ, დამატებით სერთიფიკატის ატვირთვა, რის გამოც მექანიკურად გააუქმა ადრე გამოწერილი დოკუმენტი და ახალ ზედნადებს დაურთო მოთხოვნილი სერთიფიკატიც. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ტვირთი არ იყო დამალული, შეძენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტაციით და ასევე ატვირთული იყო ტრანსპორტირების ზედნადებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს 2023 წლის 15 ივნისის №"------" წერილის საფუძველზე, გადამოწმებულ იქნა "------"-ს (პ/ნ "------") მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის (სახ. ნომერი "------") ა/მანქანა და დადგინდა, რომ "------" ახდენდა ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საკუთრებაში არსებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 5.96 მ 3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ძელაკის (საბაზრო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეაგდინა 4768 ლარი) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. კერძოდ მომჩივანი ახდენდა 5.96 მ 3 ძელაკის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ნაცვლად ჩვეულებრივი №"------" სასაქონლო ზედნადებით და შესაბამისად ვერ მოხდა აღნიშნული ზედნადების გათვალისწინება.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1481252 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):
ე) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი.
ვ) თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის სპეციალური ფირნიშის ნომერი (გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ახდენდა 5.96 მ3 ძელაკის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ნაცვლად ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებით და შესაბამისად ვერ მოხდა აღნიშნული ზედნადების გათვალისწინება.
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
72,136(4),286 (12)