გადაწყვეტილება № 3/1974-15
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე № 3/1974-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 ივლისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნათია ჯორბენაძე
სხდომის მდივანი - სოფიო აბესაძე
მოსარჩელე · შპს -----;
მოსარჩელის წარმომადგენელი - --
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოპასუხის წარმომადგენელი - --
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N09358
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 17 ნოემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შპს ----- მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N093538, რომლის თანახმად 2014 წლის 17 ნოემბერს 11 საათსა და 37 წუთზე გადამოწმდა მერსედესის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომრით -----, რომლითაც ----- ახორციელებდა 570 ლარის ღირებულების საქონლის (200 მ გათბობის მილი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რისთვისაც შპს ----- შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N093538 (იხ.ს.ფ.14)
3.1.2. 2014 წლის 21 ნოემბერს შპს ----- საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა N093538 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 30 დეკემბრის N54518 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და დამატებით გარემოებების გამოკვლევა შპს ----- მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 30 დეკემბრის N54518 ბრძანება (იხ.ს.ფ. 17-19)
3.1.3. 2014 წლის 30 დეკემბრის N54518 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში 2015 წლის 3 თებერვალს N2576 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციულმა ორგანომ შპს ----- არ გაანთავისუფლა 2014 წლის 17 ნოემბრის N093538 სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 27 თებერვლის წერილი N21-12/20701 (იხ.ს.ფ 20-21)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ----- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „მიმდინარე“ კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მე-60 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა) სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 72-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი კი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედავ იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძვნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოება.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ----- დაჯარიმების ერთადერთ მიზეზს წარმოადგენდა მანქანის მძღოლის -----განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირებისათვის იმის თაობაზე, რომ ტვირთი, კერძოდ 570 ლარის ღურებულების 200 მეტრი გათბობის მილი ეკუთვნოდა შპს ----- თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს ----- მიერ 2014 წლის 16 ნოემბერს გამოწერილია ჩეკი 570 ლარის ღირებულების საქონლის შეძენაძე (იხ.ს.ფ15). გარდა ამისა, როგორც შპს -----დირექტორის ----- წერილიდან ირკვევა, წინასწარი ინვოისის საფუძველზე 2014 წლის 13 ნოემბერს შპს ----- შპს ----- გადაურიცხა საქონლის ღირებულება 1860 ლარი. შპს ----- საქონელი 2014 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით არ ქონდა მიღებული და ინახებოდა შპს ----- (იხს.ფ.16). მეტიც, 2015 წლის 09 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულ იქნა მანქანის მძღოლი -----, რომელმაც უარყო შპს ----- შემხებლობა მის მიერ გადატანილ ტვირთთან, მანვე განმარტა, რომ მილები გადაჰქონდა საკუთარი საჭიროებისათვის. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით პირის დაჯარიმება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ: პირი ახორციელებს საქონლის ტრანსპორტირებას სამეწარმეო მიზნებისათვის სასაქონლო ზედნადების გარეშე, თუ მყიდველმა მოითხოვა სასაქონლო ზედნადებები რომელიც არ გასცა გამყიდველმა ან მყიდველმა უარი განაცხადა სასაქონლო ზედნადების მიღებაზე. მოცემულ შემთხვევაში, არცერთს ასეთ გარემოებას არ აქვს ადგილი.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური დანაწესის მიხედვით (ადმინისრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი), ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, იმდენად რამდენადაც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მხოლოდ მძღოლის მიერ მიცემულ განმარტებაზე დაყრდნობით, ისე რომ არ განხორციელებულა საქმეზე სხვა რაიმე სახის დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ უფლებამოსილება განახორციელოს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, კანონსაწინააღმდეგო მიღებულ გადაწყვეტილებას და ქმედებას არ აქვს იურიდიული ძალა და ის ბათილად უნდა გამოცხადდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 ლარი, რომლის ანაზღაურებაც დაეკისრება მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ----- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2014 წლის 17 ნოემბრის საგადასახადო სამართლდარღვევის ოქმი N093538.
3. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
მოსამართლე ნათია ჯორბენაძე