გადაწყვეტილება №25033/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2025
№ დოკუმენტი 25033/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25033/2/2025

28 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 8.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25033/2/2025).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.01.2025 წლის №CB1715758 საგადასახადო

სამართალდარღვევის ოქმი;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.01.2025 წლის №CB1715755 საგადასახადო

სამართალდარღვევის ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 19.03.2025 წლის №4966 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 43 444,55 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 40 145,05

ჯარიმა - 3 299,5

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომანქანის ნაწილებით. საიდენტიფიკაციო ნომერი მინიჭებული აქვს 16.04.2014 წელს, 1.04.2020 წლიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, 1.10.2023 წლიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის №17351 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 401 450,47 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და 6 599 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 27.01.2025 წლის №CB1715758 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 40 145,05 ლარის ოდენობით, ხოლო აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის გამო, 27.01.2025 წლის №CB1715755 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - 3 299,5 ლარი.

ორივე სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.03.2025 წლის №4966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ გარემოებებთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მომჩივანმა აღურიცხავ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია წარმოადგინა მედიაციის საბჭოს განხილვაზე, რომლის გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში პირმა წარადგინა თავისი პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე გავრცელებულ ფასნამატთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილია 32.04% ფასნამატი, რომლის ანგარიში დაეყრდნო დანართი №16-ის და დანართი №21–ის მონაცემებს. კერძოდ, შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (სულ 608 დასახელების) საბაზრო ღირებულება და შეძენის ჯამური ღირებულება. საშუალო შეწონილი ფასნამატის დაანგარიშების პრინციპიდან გამომდინარე, ანგარიშიდან ამორიცხულ იქნა ის დასახელებები, რომელთა მიხედვით საბაზრო ფასი ან შეძენის ღირებულება იყო უცნობი. ასევე, რომელთა საბაზრო ღირებულება ნაკლები ან ტოლი იყო შეძენის ღირებულებაზე.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს ხელახლა მოხდეს მისი არგუმენტების შესწავლა და დაუბრუნდეს საქმე ხელახლა შესასწავლად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

საქონლის შეძენას ახორციელებს მხოლოდ პირველადი საგადასახადო დოკუმენტებით, სადაც დეტალურად არის მითითებული საქონლის დასახელება, ავტომანქანის მოდელი და სხვადასხვა მახასიათებლები (მარჯვენა, მარცხენა, ზედა, ქვედა, წინა, უკანა და ა.შ.). მიუხედავად მისი ამგვარი მოთხოვნისა, რიგ შემთხვევებში მაინც ხვდება ერთი და იგივე საქონლის შეძენას სხვადასხვა დასახელებით, რამაც გამოიწვია ინვენტარიზაციის შედეგებში არსებული აღურიცხავი საქონლის დაფიქსირება. რეალურად არ არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე შეძენილი საქონელი.

რაც შეეხება დანაკლისს ინვენტარიზაციის შედეგები გამოყვანილია უსამართლოდ. ბუღალტრული ნაშთის ფორმირება ხდება ფასნამატის საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ ფასნამატის გაანგარიშება მოხდა სუბიექტურად, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ ფასნამატის გაანგარიშებიდან ამოიღეს მხოლოდ ისეთი საქონელი, რომლის სარეალიზაციო ფასიც ნაკლები იყო მისი შეძენის ფასზე. გაუგებარია რატომ იქნა აღნიშნული პროდუქცია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილიდან ამოღებული, ესაც ხომ მისი პროდუქციაა, რომლის რეალიზებაც იძულებულია თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად განახორციელოს მოძველების, ტექნიკური ან ფიზიკური ნაკლის ან სხვა მიზეზების გამო.

საქმიანობის სპეციფიურობიდან გამომდინარე თვითღირებულებაზე დაბალი ფასით საქონლის რეალიზაცია შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით, კერძოდ: რაც უფრო მეტი დრო გადის საქონლის შეძენიდან მით უფრო მცირდება მისი სარეალიზაციო ფასი, ვინაიდან ა/მანქანები რომლებისთვისაც ავტონაწილებია განკუთვნილი ძველდებიან და უფასურდებიან, ასევე ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არის სათადარიგო ნაწილების მეორად მდგომარეობაში რეალიზაცია, ასევე ისეთი პროდუქცია, რომელიც შეძენიდან გარკვეულ პერიოდში არ იყიდება ახდენს ჩამოფასებას, რადგან ტყუილად საწყობში შენახვას ურჩევნია დაბალ ფასად განახორციელოს რეალიზება.

ფასნამატის გაანგარიშებიდან ამოღებულია მხოლოდ მინუს ფასნამატიანი საქონელი, მაშინ როდესაც ფასნამატის გაანგარიშებაში მიაღებინეს ისეთ საქონელს მონაწილეობა რომლის ფასნამატი შეადგენს 300/500/1400 პროცენტს, მიუხედავად იმისა რომ ესაც არასტანდარტული გადახრა იყო.

მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2025 წლის 19 მარტის №4966 ბრძანება და ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები №CB1715755 და №CB1715758. ასევე ითხოვს მიეცეს დამატებითი დრო რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ აღურიცხავ საქონელს მიაწეროს შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და აღნიშნულის საფუძველზე განახორციელონ მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება, როგორც აღურიცხავის ასევე დანაკლისის ნაწილში, ვინაიდან ერთი და იგივე საქონელი მოხვედრილია, როგორც აღურიცხავში ასევე დანაკლისშიც.

ასევე ითხოვს განხორციელდეს ფასნამატის გაანგარიშება ინვენტარიზაციის პროცესში დანართ №21– ში დაფიქსირებული სრული საქონლის მიხედვით, გაანგარიშება განხორციელდეს მინუს ფასნამატიანი საქონლის გათვალისწინებით და მოხდეს შესაბამისად ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

ამავე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

“მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ინვენტარიზაცია იწყება გადასახადის გადამხდელისათვის/მისი წარმომადგენლისათვის სმფ-ების ინვენტარიზაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობისთანავე, რომლის შემდგომ, შესაბამისი პროცედურების დაწყებამდე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დალუქოს ის სათავსები, სადაც ინახება სმფ-ები, ძირითადი საშუალებები ან/და ბუღალტრული დოკუმენტები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.04.2025 წლის №"-------" წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:

ინვენტარიზაციის დაწყებისას ი.მ."-------"-მა (ს/ნ "-------") დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. მანვე განმარტა, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ნაღდი ანგარიშსწორებით. ასევე, არ იყენებს სმფ-ების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.

საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. სავაჭრო ობიექტის მიხედვით ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №16). ი.მ. "-------"-ის (ს/ნ "-------") კუთვნილ ობიექტში 2024 წლის 24 ივლისის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 249 478.50 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით.

საინვენტარიზაციო კომისიამ, დანართი №16–ის მონაცემების საფუძველზე და გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ, 2024 წლის 2 სექტემბერს შეადგინა ოქმი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ (დანართი №21). აღნიშნულის საფუძველზე გამოვლინდა 23 217 ლარის აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა (დანართი №21– ის მე–6 სვეტის ჯამი) – 152 811.53 ლარი.

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი №19–ის (პროექტის) I, II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2024 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (24 ივლისი, 2024წ);

საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი - 358 637.71 ლარი – გადამხდელის მიერ წერილობით დადასტურებული 2021 წლის საწყისი ნაშთიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული შეძენა-რეალიზაციების დაანგარიშების მიხედვით;

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/ზედნადებებით მიღებული სმფ–ს პირვანდელი ღირებულება – 101 365.93 ლარი – ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით.

კერძოდ, აღებულ იქნა აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული ელ/ზედნადებების თანხების ჯამი;

2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის ივნისის განმავლობაში რეალიზებული სმფ–ების საბაზრო ღირებულებად აღებულ იქნა 45 169.56 ლარი, მცირე მეწარმის ყოველთვიური დეკლარაციით მიხედვით, ხოლო 2024 წლის პირველი ივლისიდან 24 ივლისამდე რეალიზებული სმფ-ების საბაზრო ღირებულებად საკონტროლო–სალარო აპარატის მონაცემები – 1 561.86 ლარი – ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით და ინვენტარიზაციის საანგარიშო პერიოდში უნაღდო ანგარიშსწორების სახით გაცემული საქონლის ღირებულება 3 381.36 ლარი.

საშუალო ფასნამატად აღებულ იქნა 33.41 %. მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი №16 და დანართი №21–ის მონაცემებს, კერძოდ შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების (სულ 608 დასახელების) საბაზრო ღირებულება და შეძენის ჯამური ღირებულება. ანგარიშიდან გამოირიცხა ის დასახელებები, რომელთა მიხედვით საბაზრო ფასი ან შეძენის ღირებულება იყო უცნობი, ასევე რომელთა საბაზრო ღირებულება ნაკლები ან ტოლი იყო შეძენის ღირებულებაზე;

ზემოთაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 24 ივლისი) სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19–ის I ცხრილის მე–2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: 422 440.65 ლარი.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22–ის (პროექტის) II ცხრილი – დანართი №19–ის I ცხრილის და დანართი №21–ის მონაცემების საფუძველზე.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 269 629.12 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით – 424 460.41 ლარი. აღურიცხავი სმფ-ები გამოვლინდა 23 217 ლარის ოდენობით.

ი.მ."-------"-ს (ს/ნ "-------") 2024 წლის 2 სექტემბერს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი №22–ის II ცხრილის) პროექტით. 2024 წლის 9 სექტემბერს გადამხდელმა წარადგინა წერილობითი პოზიცია ოქმის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განხილულ იქნა 2024 წლის 26 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს მიერ. (სხდომის ოქმი №74). მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ი.მ. "-------"-ის (ს.ნ. "-------") საქმის განხილვა გადაიდო მომდევნო მედიაციის სხდომის ჩატარებამდე. მომდევნო მედიაციის საბჭოს სხდომა ჩატარდა 2024 წლის 28 ნოემბერს (სხდომის ოქმი №83). მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს №79 სხდომის ოქმში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ:

გადამხდელის პოზიცია მეორე და მესამე საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებს დაევალათ ანალიტიკური ანალიზის საფუძველზე დაედგინათ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი, ხოლო გადასახადის გადამხდელს მიეცა 10 სამუშაო დღე პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარსადგენად. ოფიცრებს ასევე დაევალათ აღნიშნულის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განეხორციელებინათ ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. გადასახადის გადამხდელმა, მედიაციის საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში წარმოადგინა აღურიცხავის ნაწილში თავისი პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შესწავლილი და გათვალისწინებული იქნა ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას, ხოლო საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი დარჩა უცვლელი, რადგან პროექტით ოფიცრების მიერ საწყისი ნაშთი დადგენილი იყო ანალიტიკური ანალიზის საფუძველზე გადამხდელთან ერთად. შესაბამისად, აღურიცხავი ს.მ.ფ.-ები გამოვლინდა 6 599 ლარის ღირებულებით, ხოლო დანაკლისმა შეადგინა 401 450.46 ლარი საბაზრო ღირებულებით.

საშუალო ფასნამატი ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა 32.04%, რომელიც გათვალისწინებულია ს.მ.ფ.-ის ნაშთების გამოყვანისას და დანაკლისის საბაზრო ფასის განსაზღვრისას.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ აღურიცხველი საქონლის რაოდენობაში მოქცეული იყო ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა დასახელების გამო ასევე, ოფიცრებს საქონლის ფასნამატის გაანგარიშებისას მხედველობაში უნდა მიეღოთ ისეთი საქონელი, რომლის სარეალიზაციო ფასი თვითღირებულებაზე ნაკლები იყო. ასევე მომჩივანი ითხოვს ვადას, რომ შეძლოს საქონელს ინდივიდუალურად მიაწეროს მისი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია რომ დააკორექტიროს შეცდომა, რომლის მიხედვითაც იდენტური საქონელი მიჩნეულია როგორც აღურიცხველად ასევე დანაკლისად.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სარწმუნოს გახდიდა მის მიერ მითითებულ ფაქტებს, რომლებმაც, მისი განმარტებით, გამოიწვია ცდომილებები ინვენტარიზაციის შედეგებში, ასევე დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მედიაციის ფორმატში მომჩივანს მიეცა დრო და საშუალება დამატებით წარედგინა დოკუმენტაცია და დოკუმენტურად დაედასტურებინა მის არგუმენტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ხელახლა მოხდეს მისი არგუმენტების შესწავლა და დაუბრუნდეს საქმე ხელახლა შესასწავლად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ავტომანქანის ნაწილებით. მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, 1.10.2023 წლიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 401 450,47 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი და 6 599 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმით შეეფარდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა,ხოლო აღურიცხველი სმფ-ების გამოვლენის გამო, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

ორივე სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

286(4,9).