გადაწყვეტილება №23602/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23602/2/2024
25 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------- 31.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23602/2/2024).
დავის საგანი:
იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 1 ივნისის №33236421 საბაჟო შეტყობინება;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 22 ივლისის №17211 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივნის მიერ ელექტრონულად წარდგენილი №--------- ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე 2024 წლის პირველ ივნისს დარეგისტრირდა №--------- საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა სიროფი „----------“ – 2 000 ერთეული.
სიროფი „--------“ წარმოადგენს პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელ და დამცავ საშუალებას, ამცირებს მშრალი ხველის და ხმის ჩახლეჩვის სიმპტომებს, შეიცავს გაწმენდილ წყალს, ვაშლის წვენის კონცენტრატს, ლიქენის მალოს, ცაცხვის ბუნებრივ ექსტრაქტებს, ნატრიუმის ჰიალურონატს.
საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეიცვალა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ კოდი, კერძოდ, საქონელს (სიროფი „-------“ – 2 000 ერთეული) ნაცვლად თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული ------- სასაქონლო კოდისა, განესაზღვრა -------- სასაქონლო კოდი.
ვინაიდან „2106“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით და №-------- საბაჟო დეკლარაციით შპს „--------“ (ს/ნ --------) იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 3132.56 ლარის ოდენობით.
კომპანიამ საბაჟო დეპარტამენტის 1.06.2024 წლის №33236421 შეტყობინების გაუქმების და №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 22.07.2024 წლის №17211 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2024 წლის პირველი ივნისის №--------- საბაჟო დეკლარაციაში მითითებული სეს ესნ კოდი, დარიცხული დღგ და №33236421 შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქონელი არის -------- წარმოშობის. სასაქონლო კოდი არის -------- რაც დასტურდება --------- შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, ევრო-1 სერთიფიკატით და ინვოისით. გაურკვეველია, რატომ მოხდა ახალი სასაქონლო კოდის განსაზღვრა საბაჟო სამსახურის მიერ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.
საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების) პირველი პუნქტის თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის (ფარმაცევტული პროდუქცია) შენიშვნების პირველი პუნქტით განსაზღვრულია იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც გამოირიცხება აღნიშნული ჯგუფიდან და კლასიფიცირდება სხვა სასაქონლო კოდში. ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება 3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2024 წლის 1 ივნისს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული სიროფი „---------“ წარმოადგენს პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელ და დამცავ საშუალებას, ამცირებს მშრალი ხველის და ხმის ჩახლეჩვის სიმპტომებს, შეიცავს გაწმენდილი წყალს, ვაშლის წვენის კონცენტრატს, ლიქენის მალოს, ცაცხვის ბუნებრივ ექსტრაქტებს, ნატრიუმის ჰიალურონატს.
მომჩივნის განმარტებით, სიროფი „-------“ არის --------- წარმოშობის და მისი სასაქონლო კოდი არის 30049000, რაც დასტურდება -------- შესაბამისი სამსახურის ექსპორტის დეკლარაციით, ევრო-1 სერთიფიკატით და ინვოისით. შესაბამისად გაურკვეველია, რატომ მოხდა ახალი სასაქონლო კოდის განსაზღვრა საბაჟო სამსახურის მიერ.
საბაჟო დეპარტამენტის 19.08.2024 წლის №---------- წერილში, სადავო საკითხთან დაკავშირებით, მითითებული შემდეგი:
მომჩივნის მიერ ელექტრონულად წარდგენილი №--------- (13.04.2024) ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე 2024 წლის პირველ ივნისს დარეგისტრირდა №--------- საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა სიროფი „----------“ – 2 000 ერთეული. საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეიცვალა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ კოდი, კერძოდ, საქონელს (სიროფი „---------“ – 2 000 ერთეული) ნაცვლად თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული 3004 90 990 სასაქონლო კოდისა, განესაზღვრა --------- სასაქონლო კოდი.
სიროფი „---------“ წარმოადგენს პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელ და დამცავ საშუალებას, ამცირებს მშრალი ხველის და ხმის ჩახლეჩვის სიმპტომებს, შეიცავს გაწმენდილი წყალს, ვაშლის წვენის კონცენტრატს, ლიქენის მალოს, ცაცხვის ბუნებრივ ექსტრაქტებს, ნატრიუმის ჰიალურონატს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კლასიფიცირდა ---------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფიდან (ფარმაცევტული პროდუქცია) გამოირიცხება 3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საბაჟო ორგანომ, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად, სადავო საქონელს მართებულად მიანიჭა ---------- სასაქონლო კოდი და შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, მისი იმპორტის დაბეგვრა დღგ-ით მართლზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებას (მათ შორის საექსპერტო დასკვნას) საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
იმპორტირებულ საქონელზე სასაქონლო-ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ ელექტრონულად წარდგენილი ინვოისისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა სიროფი. საბაჟო დეკლარაციის შევსებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეიცვალა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული სეს ესნ კოდი. ვინაიდან „2106“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი არ თავისუფლდება დღგ-ისგან, ხსენებული საქონლის იმპორტი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
საგადასახადო კოდექსი-173(ბ);
საბაჟო კოდექსის 35(1,2,3,4)