გადაწყვეტილება №22909/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 22909/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22909/2/2024

02 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.06.2024 და 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22909/2/2024).

 

დავის საგანი:

1. უძრავი ქონების (აპარტამენტების) კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;

2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №005-244 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7788 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 365 796.91 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 182 554

დღგ - 180 997

მიწა - არასასოფლო - 16

მოგების გადასახადი - 971

ქონების გადასახადი - 570

ჯარიმა - 91 272

საურავი - 91 970.91

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები, რესტორნების გარეშე.

აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2023 წლის №28669 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2023 წლის №33700 ბრძანება და ამავე თარიღის №005-244 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2024 წლის 29 იანვარს და 12 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.04.2024 წლის №7788 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უძრავი ქონების (აპარტამენტების) კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შპს ------- არის კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი. კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება. კერძოდ, სოფელ ----- სასტუმროს ნომრები (მშენებარე). შპს ------- მიერ კომპანიის კაპიტალში (2019 წლის ნოემბერში) შეტანილია სულ სასტუმროს 13 ნომერი, რომლის ჯამური ღირებულება კრების ოქმით შეადგენს 892 600 ლარს.

კომპანია ზოგ შემთხვევაში ახდენს უძრავი ქონების რეალიზაციას ფიზიკურ პირებზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში - დამფუძნებლისთვის უკან დაბრუნებას. შემოწმებით, გაანალიზებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემები (ამონაწერები, ხელშეკრულებები), გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა, რის შედეგადაც იდენტიფიცირდა რეალიზებული უძრავი ქონება (447 740 ლარი დღგ-ის გარეშე), დამფუძნებლისთვის დაბრუნებული უძრავი ქონება (570 922 ლარი დღგ-ის გარეშე) და სხვადასხვა მასალები (20 886 ლარი დღგ-ის გარეშე).

შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დამფუძნებლის (შპს -------) მიერ წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების (6 ნომრის) გატანა (2020 წლის დეკემბერში) კომპანიის კაპიტალიდან (ღირებულებით 493 400 ლარი), ხოლო 2022 წლის ივნისის თვეში, შპს ------- შეძენილი უძრავი ქონება არის უკან გადაცემული (გაუქმდა თავდაპირველი ნასყიდობის ხელშეკრულება). ამრიგად, დამფუძნებლისგან შეძენილი ქონების უკან გადაცემა (ხელშეკრულების გაუქმება) გახდა კორექტირების საფუძველი, 2022 წლის ივნისის თვეში დაკორექტირდა (შემცირდა) დღგ-ის ჩათვლილი თანხა.

კაპიტალში დარჩენილი ქონების ღირებულებამ შეადგინა 399 200 ლარი, რისი ნაწილიც გატანილია ფულის სახით. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის კაპიტალიდან დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირების გზით გატანილია ფული 307 784.01 ლარი.

შემოწმების შედეგად დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების კაპიტალიდან გამოტანა (აღნიშნული ქონების კაპიტალში შეტანა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, კერძოდ, რეგისტრაციისას წარდგენილია განცხადება, რითიც მოთხოვნილია იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე). გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება, კერძოდ, სოფელ ------- სასტუმროს ნომრები. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დამფუძნებლის კაპიტალიდან ქონების გატანა წილის სანაცვლოდ. შემოწმებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების უკან გამოტანა.

დაზუსტებულ საჩივარში მომჩივანი განმარტავს, რომ 28.10.2018 წელს დამფუძნებლის - შპს „-------“-ის მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ იქნა 13 ერთეული უძრავი ქონება, რომელზეც საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა 2019 წელს. აღნიშნული ქონება არ გამოყენებულა ეკონომიკურ საქმიანობაში, ქონება გადაცემული იყო სამშენებლო განვითარებისა და სასტუმრო საქმიანობისთვის, თუმცა ვერ მოხდა მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთის შეძენა (მიწის ნაწილი მოექცა სარეკრეაციო ზონაში, რაც გამორიცხავდა სამშენებლო განვითარებას და სასტუმრო საქმიანობას), რასაც დაემატა ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება და დამფუძნებელმა მიიღო გადაწყვეტილება, გადაცემული ქონების ნაწილის მიმართ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. 25.12.2020 წელს შპს „-------“-მ გააუქმა შპს „-------“ საკუთრება 6 ერთეულ უძრავ ქონებაზე. მომჩივნის განმარტებით, რეგისტრაციის გაუქმება არსებითად განსხვავდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებისგან და არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული ქონების კაპიტალში შეტანა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით, კერძოდ, რეგისტრაციისას წარდგენილია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. აღნიშნული აპარტამენტების კაპიტალში შეტანა მოხდა 2019 წლის ნოემბერში, ქონებას შპს „-------“ ფლობდა 14 თვის განმავლობაში და 2020 წლის დეკემბერში 6 აპარტამენტი (საბაზრო ფასით ჯამურად 570 922 ლარი) გადაეცა ისევ დამფუძნებელს, რაც დასტურდება ასევე საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით, სადაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და უძრავი ქონების დარეგისტრირება შპს „-------“-ის საკუთრებაში. აღნიშნული ქონება შპს „-------“ საკუთრებაში გადავიდა კაპიტალში შეტანის გზით და არ ყოფილა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შემდეგ შესაძლოა გაუქმებულიყო.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით რამდენიმე უძრავ ქონებაზე, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად კაპიტალშია შეტანილი, გაუქმებულია ოპერაცია. 27.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში განმარტებულია, რომ ზემოაღნიშნული ოპერაცია განხილულია როგორც კაპიტალის უძრავი ქონებით დაბრუნება და შესაბამისად დღგ-ის დასაბეგრი ოპერაცია, რასაც არ ეთანხმება.

საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია და ოპერაციის შინაარსი მოწმობს, რომ ოპერაცია გაუქმებულია ნაწილობრივ (14 ცალიდან 6 გაუქმდა), შესაბამისად განხილულ უნდა იქნეს როგორც გაუქმება და არა უკან დაბრუნება, რაც არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, ხოლო 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ე) საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:

ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;

ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

27.06.2024 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ოპერაცია არის გაუქმებული და არა კორექტირებული ანუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ოპერაცია გაუქმდა. გაუქმებული ოპერაცია მდგომარეობდა შემდეგში: კომპანიის დამფუძნებელმა იურიდიულმა პირმა ამ კომპანიაში შეიტანა კაპიტალი 14 უძრავი ქონების სახით, რაც გაუქმდა 6 უძრავი ქონების შეტანის შემთხვევაში, რაზეც არსებობს პარტნიორთა ოქმი და უძრავი ქონებები გამოტანილია უცვლელად, გაუმჯობესების გარეშე. ასევე, აღსანიშნია, რომ მეორე მხარეს დღგ-ის ჩათვლა არ აქვს მიღებული, არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ აღნიშნული აპარტამენტების კაპიტალში შეტანა მოხდა 2019 წლის ნოემბერში. აღნიშნულ ქონებას შპს ------- ფლობდა 14 თვე და შემდეგ, ექვსი აპარტამენტი საბაზრო ფასით ჯამურად 570 922 ლარი, გადაეცა ისევ დამფუძნებელს 2020 წლის დეკემბერში, რაც დასტურდება საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით, სადაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და უძრავი ქონების დარეგისტრირება შპს ------- საკუთრებაში. აღსანიშნია, რომ აღნიშნული ქონება შპს ------- საკუთრებაში გადავიდა კაპიტალში შეტანის გზით, არ ყოფილა დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. რაც შეეხება, დავების პროცესში წარმოდგენილ დოკუმენტაციას აღნიშნული დოკუმენტები გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო შემოწმების მიმდინარეობისას - საჯარო რეესტრში წარდგენილია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია საკუთრების უფლების გაუქმება უძრავ ქონებაზე. ასევე, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტები არ ცვლის შემოწმების შედეგებს.

საჩივარს ახლავს, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები, სადაც მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია რეგისტრაციის გაუქმება, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი -------, -------, სასტუმროს ნომერი №18, 17, 14, 13, 12, 10 (მშენებარე). ასევე, ახლავს კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორის 25.12.2020 წლის გადაწყვეტილება №2, რომლითაც შპს -------, რომელსაც წარმოადგენს მისი დირექტორი, დაადგინა რომ: გაუქმდეს შპს ------- საკუთრება უძრავ ქონებაზე, ქ. თბილისი, სოფელი -------, -------, სასტუმროს ნომერი №18, 17, 14, 13, 12, 10 (მშენებარე), საკადასტრო კოდების მითითებით და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, უძრავი ქონება დარეგისტრირდეს შპს ------- საკუთრებაში.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მაღაზიათა ქსელ ------- გადახდილია 706.7 ლარი, ასევე, 2020 წლის იანვრის თვეში ბანკიდან გადარიცხულია სარემონტო მომსახურების თანხები 4 799 ლარის ოდენობით, რაზეც არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმების შედეგად, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებზე გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მაღაზიათა ქსელ ------- გადახდილია 706,7 ლარი, ასევე, ბანკიდან გადარიცხულია სარემონტო მომსახურების თანხები 4 799 ლარი. აღნიშნულ გადახდებთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც, შემოწმებით ზემოაღნიშნული თანხები დაიბეგრა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯი.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შემოწმებისთვის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი არც საგადასახადო დავის ეტაპზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

განმარტავს, რომ მოგების გადასახადის ნაწილში 846 ლარის დარიცხვა გამოიწვია ხარჯის დოკუმენტის წარუდგენლობამ დროის სიმცირის გამო, რასაც მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ მაღაზიათა ქსელ ------- გადახდილია 706,7 ლარი, ასევე, 2020 წლის იანვრის თვეში ბანკიდან გადარიცხულია სარემონტო მომსახურების თანხები 4 799 ლარის ოდენობით, რაზეც არ აქვს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს მეორე მხარესთან გაფორმებული მიღება-ჩაბარებას აქტები, რაც დარიცხული თანხის კორექტირების საფუძველია.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 91 272 ლარი, მათ შორის მოგების გადასახადში 486 ლარი, დღგ-ში 90 499 ლარი და ქონების გადასახადში 288 ლარი. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №005-244 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 91 970.91 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს საჩივარი და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით საბოლოოდ დადგენილი დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მიზანმიმართულად განხორციელებული, გათავისუფლდეს დამატებით დარიცხული ჯარიმა და საურავისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.04.2024 წლის №7788 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს:

1. უძრავი ქონების (აპარტამენტების) კაპიტალიდან გატანის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა;

2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

3. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას დამფუძნებლისგან მიღებული აქვს კაპიტალში შენატანების სახით უძრავი ქონება. შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დამფუძნებლის კაპიტალიდან ქონების გატანა წილის სანაცვლოდ. შემოწმებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა კაპიტალში შეტანილი აპარტამენტების უკან გამოტანა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ გადახდილია 706,7 ლარი, ასევე, ბანკიდან გადარიცხულია სარემონტო მომსახურების თანხები. აღნიშნულ გადახდებთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის გამოც, შემოწმებით ზემოაღნიშნული თანხები დაიბეგრა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯი. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შემოწმებისთვის.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(1); 159; 269(7); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი 160, 161