ბრძანება N 14492
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14492
30 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 18 ივნისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „----“-ის (ს/ნ -----) 2026 წლის 9 ივნისის №102754/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №---- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიას 2025 წლის დეკემბრის თვეში უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468 345 ლარის რეალიზაცია ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, რომლის შესაბამისი დღგ შეადგენდა 71 442 ლარს. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დეკლარირება განხორციელდა ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, იმ მოლოდინით, რომ შემდგომში მოხდებოდა ხელმოწერა, თუმცა დამკვეთ კომპანიაში განხორციელდა დირექტორის ცვლილება და ახალმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიღებაზე. ამავე პერიოდში შპს „-----“-ში შეიცვალა ბუღალტერი, რამაც დამატებით გამოიწვია ინფორმაციის დამუშავების შეფერხება. აღნიშნულის თაობაზე მომჩივანმა ინფორმაცია მიაწოდა შემმოწმებელს, თუმცა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმებაზე მიიღო უარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო ვალდებულება გაანგარიშდეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფარგლებში დასადეკლარირებელი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი (468 345 ლარის რეალიზაცია და 71 442 ლარის დღგ) უკვე დეკლარირებული იყო კომპანიის მიერ ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. შესაბამისად, კომპანიის მიერ დამატებით დასადეკლარირებელი თანხა შეადგენს 338 495 ლარს (806 840 ლარი – 468 345 ლარი). ასევე, მომჩივანი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა გააუქმოს შეცდომით გამოწერილი ------ საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10086 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 22 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 27 მაისის №----- ბრძანება და ამავე თარიღის №----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 192 738 ლარი, მათ შორის გადასახადი 123 077 ლარი, ჯარიმა 61 538 ლარი და საურავი 8 123 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, შპს „-----ის“ საქმიანობაა სხვა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 6 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2024 წლის 7 მაისს. შემოწმებამ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, კერძოდ, მიღებული და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მიღებული სასაქონლო ზედნადებები. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, დღგის დეკლარაციაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით არასრულყოფილად ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ, საწარმოს მიერ გამოიწერა ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 112 661 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. შემოწმებამ შეისწავლა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გაქვითვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში 428 898 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, მოცემული სხვაობა არ იქნა სრულად დეკლარირებული საწარმოს მიერ.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებით და შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 18 ივნისს, 11:10 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – ---), მატერიალურად, მათ შორის, დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით, ხოლო ელექტრონულად, მათ შორის, დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, დანართი №III-052 ფორმით.
ამავე ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-3 და 31 ნაწილების თანახმად:
3. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული საფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის საფ-ისა) ყველა ეგზემპლარი წარედგინება საგადასახადო ორგანოს ამ ორგანოდან საფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
31 . გამყიდველი (მიმწოდებელი) უფლებამოსილია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-051 და დანართი №III-052 ფორმის საფის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-051 და დანართი №III-052 ფორმის საფ რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება, თუ შესაბამისი პირის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე, საფ საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია. საფ გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურებისას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „------ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოიწერა 2 საგადასახადო ანგარიშ-ფააქტურა (----- და -----), შემოწმებამ შეისწავლა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში გაქვითვას დაექვემდებარა 428 898 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ----- ანგარიშ-ფაქტურით მიღებული შემოსავალი სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული. შედეგად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 683 763 ლარით (დღგ-ის გარეშე).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე და 54-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია გააუქმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ზემოაღნიშნულ მუხლებში მითითებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიბმულია დადასტურებულ სასაქონლო ზედნადებს, რომელიც 2025 წლის დეკემბრის თვეში მიიღო შპს „----- (ს/ნ ------). აღნიშნულ საქონელზე არ არის გამოწერილი უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადები, შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება ითვალისწინებდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის შემოწმებას, მოცემული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2.გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, დღგის დეკლარაციაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით არასრულყოფილად ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებამ შეისწავლა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გაქვითვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში 428 898 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, მოცემული სხვაობა არ იქნა სრულად დეკლარირებული საწარმოს მიერ. გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158;159;163;164;168;180;275